დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მხარდაჭერას უცხადებს ახმეტაში დაკავებულ ნევროლოგს მაია კოხტაშვილს და ხელისუფლებას ჯანდაცვის სფეროში მიღებული დაუფიქრებელი რეგულაციების გადახედვისკენ მოუწოდებს.

გამყრელიძის თქმით, ის სრულად ენდობა და იზიარებს ქვეყნის წამყვანი ნევროლოგებისა და ფსიქიატრების შეფასებებს მაია კოხტაშვილის პროფესიონალიზმის შესახებ.

„ჩემი პირადი კავშირებითაც გადავამოწმე ინფორმაცია ახმეტაში და ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ქალბატონი მაიას პიროვნებასა და პროფესიონალიზმს უარყოფითად აფასებდა. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მოსახლეობას სჯერა ექიმის — მისი რჩევების, რეკომენდაციების, დანიშნული მკურნალობის — და, როდესაც უჭირს, მოუთმენლად ელოდება მასთან შეხვედრას. სწორედ ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა ვცდილობდეთ იმ მეთოდებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვნახეთ, ჩრდილი მივაყენოთ მთლიანად სამედიცინო საზოგადოებას. რატომ ვუბრუნდებით იმ ავადსახსენებელ პერიოდს, როდესაც აქტუალური იყო კამპანია „შავი ლაქები თეთრ ხალათზე“? რა სიკეთე მოუტანა ამ მოძრაობამ საზოგადოებას, გარდა სამედიცინო საზოგადოებისადმი ნდობის შერყევის მცდელობისა?“ — კითხულობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ასეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში ცეცხლზე ნავთის დასხმას „არ იმსახურებს ღირსეული საქართველოს სამედიცინო საზოგადოება“.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, აუცილებელია დაფიქრდება იმ რეგულაციებზეც, რომლებსაც მტკიცებულებებისა და სათანადო პროგნოზირების გარეშე ვიღებთ.

„ნაჩქარევად მიღებულმა და არასათანადოდ შეფასებულმა რეგულაციებმა შესაძლოა, საბოლოოდ, პაციენტებს უფრო მეტი ზიანი მოუტანოს და რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს სამედიცინო პერსონალი. ექიმის უპირველესი მოვალეობა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ექიმს არ უნდა უწევდეს შიშით ფიქრი იმაზე, რომ პაციენტის ტკივილისა და ტანჯვის შესამსუბუქებლად გადადგმულმა პროფესიულმა ნაბიჯმა შესაძლოა, სამართლებრივი ან სხვა სახის სანქცია გამოიწვიოს. ამიტომ მივმართავთ გადაწყვეტილების მიმღებებს — გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ ნაჩქარევად მიღებულ რეგულაციებს და შეაფასოთ მათი შესაძლო შედეგები როგორც პაციენტებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის. ჯანდაცვის პოლიტიკა და რეგულირება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, პროფესიულ კონსულტაციებსა და შედეგების წინასწარ შეფასებას — და არა ემოციებს, პოლარიზაციასა და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს“, — წერს გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

ახმეტაში დააკავეს ექიმი ნევროლოგი მაია კოხტაშვილი, რომელიც თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროცესს აშუქებდა ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომლის განცხადებითაც საქმეში ფიგურირებს ბექა მარტყოფლიშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი. მთივლიშვილის განცხადებით, ექიმთან ვითომ ცუდად მყოფი ბებიისთვის რეცეპტის გამოსაწერად სწორედ ის მივიდა.

„მომიწია, დავარღვიე კანონი და დავწერე რეცეპტი, იმიტომ რომ მოვიდა პირი, რომელმაც მითხრა, ბებია მყავს ავად, სამწვერა ნერვის ანთება აქვს და ჩამომითვალა მედიკამენტები. 1 წამალი მიღებული ჰქონდა, მითხრა, ამან კარგად გაუყუჩაო. ეს ქალი იყო ჩაწოლილი, ცხოვრობდნენ ახმეტიდან შორს მდებარე სოფელში. გაბაპენტინი უხსნის ტკივილებსო და მეც დავუწერე რეცეპტი, თანხა ჰქონდა გადახდილი რეგისტრაციის და უხერხულად ვიგრძენი თავი, რომ დახმარება არ გამეწია… მესამედ რომ მოვიდა, მითხრა, ბებო კარგადაა, უშველა წამალმაო და კიდევ დავუწერე წამალი, ვუთხარი, როდესაც დაბრუნდები, თანხა აღარ გადაიხადო, პირდაპირ დაგიწერ-თქო“, — განაცხადა მაია კოხტაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მოქალაქეებმა ექიმის გირაოს თანხა ერთ საათში შეაგროვეს.

 

ახმეტაში დაკავებულ ექიმს 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა