კომენტარი

GCRT–ის და GIP –ის სპეციალური განცხადება

26 სექტემბერი, 2012 •
GCRT–ის და GIP –ის სპეციალური განცხადება

ორგანიზაციები  გაზეთ “კვირის ქრონიკაში” გამოქვეყნებულ მასალას ეხმიანებიან. განცხადებას სრულად გთავაზობთ:

 

“წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT) და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP) – თბილისი, ეხმიანებიან 2012 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „კვირის ქრონიკაში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც ცილისმწამებლურ ხასიათს ატარებს და მიმართულია, როგორც კონკრეტული სოციალური მუშაკების, ასევე ზოგადად სოციალური მუშაკის პროფესიის დისკრედიტაციისაკენ.

ავჭალის #11 არასრულწლოვანთა სპეციალიზებული დაწესებულების სოციალური მუშაკები– ქ-ნი ნინო დანელია, ქ-ნი მაია მამფორია, ქ-ნი ნინო ქობალია დადანაშაულებული არიან მათი პროფესიისათვის შეუფერებელ ქმედებებში.

სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს. დაწესებულების ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სოციალური სამსახური განთავსებული იყო ადმინისტრაციის შენობაში მდებარე ორ  პატარა ოთახში, რომელიც მუდმივი ვიდეოდაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. დაწესებულების შინაგანაწესის მიხედვით, სოციალურ მუშაკებს არ ჰქონდათ უფლება, შესულიყვნენ საცხოვრებელ ნაწილში, შესაბამისად, მათი ყველა ქმედება და საუბარი დაფიქსირებულია ვიდეომონიტორებზე, რომლის შესწავლასაც დაბეჯითებით მოვითხოვთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პროფესიული ეთიკის შესაბამისად, სოციალური მუშაკები იმოსებოდნენ სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც გამორიცხავს ვულგალურობის ყოველგვარ ელემენტს. მათ ასევე ევალებათ ფიზიკური და პიროვნული დისტანციის შენარჩუნება, რაც ხელის ჩამორთმევის შეზღუდვასაც კი გულისხმობს. ადმინისტრაციის მხრიდან არ ყოფილა საყვედური ან შენიშვნა ზემოთ აღნიშნულ საკითხზე.  

ქ-ნი ნინო დანელია, ქ-ნი მაია მამფორია, ქ-ნი ნინო ქობალია ზედმიწევნით იცავდნენ მსჯავრდებულებთან ურთიერთობის პროფესიულ სტანდარტებს, პრინციპს „არ ავნო“ და კონფიდენციალობას. მათ პროფესიულ მოვალეობას შეადგენდა: „არასრულწლოვანთა სამოქმედო გეგმის“ წარმოება, მსჯავრდებულთა საჭიროებების კვლევა, მოზარდების სკოლაში ჩართულობის ხელშეწყობა, პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგება და სხვა ბევრი, მნიშვნელოვანი საქმიანობა. ისინი დაწესებულებაში ასევე აწყობდნენ სხვადასხვა სახის შემეცნებით, რეკრეაციულ და სპორტულ ღონისძიებებს, მსჯავრდებულთა პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაოებს, როგორიცაა – დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადება, ტრეფიკინგის პრევენცია მოზარდებში და სხვ.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქ-ნ ნინო დანელიას, ქ-ნ მაია მამფორიასა და ქ-ნ ნინო ქობალიას რეკომენდაცია გაუწიეს საქართველს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ (GASW) და იმ უმაღლესმა სასწავლებლებმა, სადაც მათ მიიღეს შესაბამისი განათლება. ამ პიროვნებებმა გაიარეს ტრენინგები პროფესიულ ეთიკაზე, უნარებზე და სასჯელაღსრულების არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მუშაობის სპეციფიკაზე, რომელიც ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი – GCRT, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი GIP და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ.

აღნიშნული ორგანიზაციები სოციალური სამსახურის ჩამოყალიბებიდან (2010 წლის ნოემბერი) ახორციელებდნენ მუდმივ მონიტორინგსა და სუპერვიზიას, რაც საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რათა განვაცხადოთ, რომ სტატიაში მოყვანილი ბრალდებები არ შეეფერება სიმართლეს და ცილისმწამებლურ ხასიათს ატარებს.

აღნიშნული პროფესიონალების და ზოგადად სოციალური სამსახურის მუშაობა სათანადოდ არის შეფასებული სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში: „დადებითად უნდა შეფასდეს N11 არასრულწლოვანთა დაწესებულების სოციალური სამსახური, რომელიც ახორციელებს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას, რომელშიც შედის ტრენინგების ჩატარება და სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების ორგანიზება.

რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს: უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სოციალური სამსახურების გამართული მუშაობა, მათთვის შესაბამისი დავალებებისა და ამოცანების დასახვა და ანგარიშგების სისტემის შემოღება(საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011წ, გვ. 425).

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობთ ხელს ცილისწამების ტირაჟირებასა და  უდანაშაულო ადამიანების დისკრედიტაციას. გთხოვთ, იმოქმედოთ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი