კომენტარი

ხიზანიშვილი: შეიარაღებული ჯგუფი მძევლების სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა

30 აგვისტო, 2012 •
ხიზანიშვილი: შეიარაღებული ჯგუფი მძევლების სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა

რა იყო შეიარაღებული პირების მთავარი მოთხოვნა, როცა მძევლები აიყვანეს?

შოთა ხიზანიშვილი
შოთა ხიზანიშვილი

არაფერს არ ითხოვდნენ. არ ამბობდნენ, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. ერთადერთი, რაც უთხრეს ამ ბიჭებს, ეს იყო, რომ ეს ბიჭები უნდა ყოფილიყვნენ მათთან ერთად.

მაშინ რა იყო მიზანი მათი მძევლად აყვანის?

მიზანი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ არ გახმაურებულიყო ამ შეიარაღებული ხალხის იქ ყოფნა, ან შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა რაღაც. სამწუხაროდ, მათ ვერ ვკითხავთ, რადგან ლიკვიდირებულები არიან.  გამოძიება სამომავლოდ ალბათ დაასკვნის. რა იყო ეს მიზანი.

მოლაპარაკება როგორ მიმდინარეობდა? როდის მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცეცხლი გაგეხსნათ?

მოლაპარაკება დაიწყო მას შემდეგ , რაც ჩვენ გავიგეთ, რომ მძევლად ჰყავდათ აყვანილი საზღვრის დაცვის პოლიციელი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათთან გაგვეგზავნა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებას. ჩვენმა ოფიცერმა მათ უთხრა, რომ არ იყო არანაირი საჭიროება საზღვრის დაცვის პოლიციელის იქ ყოფნის. ჩვენმა ოფიცერმა ასევე უთხრა მათ, რომ ის იქნებოდა შუამავალი მოლაპარაკებებში. ისინი დათანხმდნენ მას და  საზღვრის დაცვის პოლიციელი გამოუშვეს. შემდეგ ეს პიროვნება[პოლიციის ოფიცერი] დარჩა მოსალაპარაკებლად. თუმცა მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ ყველა ის მოთხოვნა, რაც მათ ჩვენმა ოფიცერმა წაუყენა, მათ მიერ არ იყო მიღებული.

რა იყო თქვენი მოთხოვნა?

მოთხოვნა იყო ორი: ამ კრიზისული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა ის, რომ მათ დაეყარათ იარაღი და ჩაგვბარებოდნენ იმიტომ, რომ მათ არავინ არ მისცემდა  იარაღით აქეთ–იქით სიარულისა და მძევლების აყვანის უფლებას. მათ თქვეს, რომ ისინი არ აპირებდნენ ჩაბარებას და არც დანებებას. მეტს არაფერს არ ამბობდნენ.

ისინი რა პირობის სანაცვლოდ აპირებდნენ ამ პოლიციელის გამოშვებას და აპირებდნენ თუ არა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას?

ის, რომ არ აპირებდნენ ჩაბარებას და არ აპირებდნენ დანებებას, მათი მხრიდან იყო ცალსახა. თქვეს, რომ ისინი ამას არ გააკეთებდნენ. მეტიც, მათ უთხრეს [ქართველ პოლიციელს], რომ სანამ ისინი რამეს გადაწყვეტდნენ, ის დარჩებოდა მათთან[შეიარაღებულებთან] ერთად. ამის შემდეგ ჩვენმა ოფიცერმა მათ უთხრა, რომ მას სურდა ეს ინფორმაცია შეეტყობინებინა შსს–ს ხელმძღვანელობისთვის და მოესმინა აზრი ამის შესახებ, ასევე შეეცდებოდა ამ საკითხზე რამენაირად გაგრძელებულიყო მოლაპარაკება. ამ მიზნით ჩვენმა ოფიცერმა მოითხოვა გასვლა ისეთ ადგილზე, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მობილური კავშირი, რათა დაერეკა ხელმძღვანელობასთან.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ შეირაღებულებმა უარი უთხრეს ჩვენს ოფიცერს ყველა წინადადებაზე, განუცხადეს, რომ ის მათთან მძევლად დარჩებოდა.  ამიტომ მარტო არ გამოუშვეს და გამოაყოლეს ორი ავტომატიანი ადამიანი. ოფიცერი, სიტუაციიდან გამომდინარე, გავიდა იმ ადგილზე, რომელიც წინასწარ განსაზღვრული იყო და სადაც ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი იყო ჩასაფრებული. როცა ჩასაფრების ადგილზე მოვიდნენ, ჩვენმა სპეცრაზმელებმა მოკლეს ერთი შეიარაღებული პირი და ჩვენი თანამშრომელი გამოიხსნეს. ამის შემდეგ დაიგეგმა და დაიწყო ოპერაცია ამ ჯგუფის გასანეიტრალებლად და დასაკავებლად.

ამჟამად მოკლულები სად იმყოფებიან და იგეგმება თუ არა მათი გადაცემა რუსული მხარისთვის?

მსგავსი რამე ჯერ-ჯერობით არავის არ მოუთხოვია და თუ ვინმე მოითხოვს ამას, პირიქით, კარგი იქნება, რადგან გავიგებთ უკეთ, ვინ არიან ესენი.

კონკრეტულად საიდან შეიძლებოდა შემოსულიყო ეს ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე და რა ტიპის დაჯგუფება შეიძლება იყოს?

წარმომავლობას რაც შეეხება, მეტ კომენტარს ამ ეტაპზე ამ საკითხზე არ გავაკეთებთ.

კონკრეტულად, საზღვრის რომელი მონაკვეთიდან შეიძლებოდა შემოსულიყო ეს ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე?

შეიძლება ლოგიკურად მსჯელობა. შეიძლება ფატქების მოყვანაც კი, საიდან იყვნენ ეს ადამიანები გადმოსულები საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ამაზე, ალბათ, ცოტა მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ხალხი ქვეყანაში გამოგზავნილი იყო დესტაბილიზაციის მოსაწყობად. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამ ადამიანებს შესაძლოა კავშირი ჰქონოდათ რუსეთის სპეცსამსახურებთან?

როგორ ფიქრობთ, ოცამდე შეიარაღებული ადამიანი როდესაც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დადის,  სხვადასხვა მძევლებს იყვანენ, შეუძლიათ დესტაბილიზაციის მოწყობა, თუ არა? ამაზე რა უნდა გიპასუხოთ?!

თუ დაადგინეთ, რამდენი ხანია, რაც ეს ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება?

ამ კითხვაზე პაუხის გაცემისგან თავს შევიკავებ.

ჩვენ გუშინ ლაფანყურში ვიყავით და იქ რამდენიმე ადგილობრივმა გვითხრა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ მაინც, ყავისფერი პიკაპით გადაადგილდებოდნენ თავგადაპარსული, გრძელწვერიანი ადამიანები. თქვენ თუ ფლობთ ამის შესახებ რაიმე ინფორმაციას და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანები?

მითხარით კონკრეტული ფაქტი, ვინ გითხრათ და ამ ადმიანს აუცილებლად დავკითხავთ იმიტომ, რომ ყავისფერი პიკაპი არის ან შსს–ს, ან თავდაცვის სამინისტროს, ან ვინმე კერძო პირის საკუთრება, არ ვიცი. თუმცა, თავგადაპარსული და გრძელწვერიანი ადამიანები დადიოდნენ საქართველოში, თქვენგან მესმის პირველად. იმ ადამიანს თუ მეტყვით, ვინც ეს თქვა, მასაც შევეკითხებით.

ის, რომ ამ რეგიონში დიდი ხანია აღარ დათარეშობენ ისეთი ადამიანები, როგორთანაც ახლა მოგვიწია შეხება, ეს ფაქტია. ვინმემ თუ რამე დაინახა და ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია ჰქონდა, უნდა ეთქვა.

თუ არის გადაწყვეტილი, სად და როდის დაიკრძალებიან სპეცოპერაციისას მოკლული ადამიანები?

ამ კითხვაზე კომენტარს არ გავაკეთებ. როგორც პრესკონფერენციაზე ვთქვი, ეს ადამიანები დაიკრძალებიან მათი მრწამსის შესაბამისად.

ანუ, შეიძლება ვთქვათ, რომ ესენი მოჯაჰედები არიან?

ამაზე გითხარით, რომ კომენტარს არ გავაკეთებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი