მე დღეს თქვენთან შეხვედრა გერგეტიდან დავიწყე, სტეფანწმინდასა და ფასანაურშიც ვიყავი. 14 ივლისს ფშავში ვაპირებ ასვლას, ჩარგალში, – ვაჟაობაზე, დუშელებსა და თიანელებსაც ვეწვევი. ყველგან მივალ, ყველას გასაჭირს გავიზიარებ, გპირდებით!
მივესალმები სრულიად საქართველოს!
მივესალმები მცხეთა-მთიანეთს – ყაზბეგს, დუშეთს, თიანეთს, ჩვენს მოუშუშებელ ტკივილს – ახალგორს!
დღეს აქ, მცხეთაში, ამ უძველეს ქართულ მიწაზე, შევიკრიბეთ, რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ერთმანეთს!
მთისა და ბარის ხალხი აქ საერთო გასაჭირმა შეგვყარა – თუ დროზე არ ვუპატრონეთ, თუ დროზე არ მივხედეთ, ჩვენი სამშობლო ხელიდან გამოგვეცლება.
საქართველოს გარდა კი, ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია!
საქართველოა ჩვენი სამშობლო, საქართველოა ჩემი სამშობლო და მის სიყვარულს ვერავინ ამიკრძალავს. მე აქ ვიცხოვრებ და ჩემი ხალხის სიყვარულში დავიხარჯები, მინდა ჩემს ხალხს ვემსახურო, გაჭირვებული ყოფა შევუმსუბუქო, და ამისათვის ყველაფერს გავიღებ, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს!
ამ მიწაზე დგომა უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. აქ თავდადებით და თავგანწირვით ვერავის გააკვირვებ. აქ ნათქვამ თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს, რადგან არსად ისე არ იგრძნობა ჩვენი ისტორია, ჩვენი წინაპრების სულის გამოძახილი, როგორც აქ, ამ უძველეს ქალაქში – მცხეთაში!
სწორედ აქ, ამ ადგილას, არმაზის მთის ძირას, მტკვრისა და არაგვის შესართავთან დააფუძნა ფარნავაზმა ქართული სახელმწიფო.
აქ იქადაგა წმინდა ნინომ ქრისტიანობა და აქვე, არმაზში, კერპები დაამსხვრია.
აქ, ამ ქალაქში, 326 წელს მეფე მირიანმა ქრისტიანობა მიიღო და შემდეგ იგი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. სწორედ მაშინ გადაწყდა საქართველოს მომავალი განვითარების ბედი! სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის არჩევანს – გამხდარიყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. მრავალი ისტორიული ქარტეხილის მიუხედავად, მრავალი განსაცდელის მიუხედავად, საქართველო დღესაც ამ არჩევანის ერთგული რჩება.
დღეს ჩვენ აქ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და სულიერების შუაგულში ვდგავართ.
ჯვარი და სვეტიცხოველი – ეს ორი ტაძარი ჩვენი ისტორიის არა დასაწყისს, არამედ უწყვეტობას აღნიშნავს, რადგან ეს ტაძრები ცარიელ ადგილზე არ აშენებულა, ეს ტაძრები ძველი, წარმართული სალოცავების ადგილზე და მათ მაგივრად აიგო. ჩვენ მართლაც თვალუწვდენელი ისტორია გვაქვს და ეს ისტორია, რაც არ უნდა ხშირად გაგვიმეორონ, 2003 წელს ნამდვილად არ დაწყებულა.
მცხეთა-მთიანეთი ჩვენი სამშობლოს ციხე-სიმაგრედ ქცეული კარიბჭეა. ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი, ქსნისხევი, ყაზბეგი, დუშეთი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და ძალაა, ვაჟკაცი მოსახლეობით, რომელიც ყოველთვის იდგა სამშობლოს სადარაჯოზე, ქართველი კაცის ღირსების, კულტურისა და ტრადიციების სადარაჯოზე.
სტუმარ-მასპინძლობას, მეგობრობას, ძმადნაფიცობას, მოყვასის სიყვარულს მთაში განსაკუთრებული ფასი აქვს.
მთამ შექმნა უნიკალური ფოლკლორი, გენიალური ხალხური პოეზია. სწორედ მთაში, ალბათ ისე, როგორც არსად სხვაგან, „ნისლი ფიქრია მთებისა“.
და ეს არ არის შემთხვევითი. რა თქმა უნდა, არც ის არის შემთხვევითი, რომ ამ მთების წიაღში დაიბადა ვაჟა-ფშაველა. და არც ის არ უნდა იყოს შემთხვევითი, და ესეც ჩვენი უბედურებაა, რომ სწორედ ვაჟამ სიღარიბეში დალია სული.
ვაჟა, რომელმაც „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“ და სხვა შედევრები დაუტოვა კაცობრიობას, ამბობს, რომ კაცისთვის ღირსებაა მთავარი, მეტიც, რომ ღირსება არა მარტო სიცოცხლეზე – სახელზე მეტიც კი არის. ნუ იქნები სახელოვანი, იყავი ღირსეული, თუნდაც შენი მეხოტბე და მაქებარი მთელი საზოგადოება დაგიპირისპირდეს. როცა საზოგადოება თუნდაც ერთი კაცის ღირსებას დაუპირისპირდება, ასეთი საზოგადოება თვითკმაყოფილ ჯოგად გადაიქცევა და, შესაბამისად, კაპიკია მისი ფასი! აი, ეს მთავარი სათქმელი გვითხრა ვაჟა-ფშაველამ.
ამ ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს ქართული სახელმწიფო და ჩვენ სწორედ ასეთ ქვეყანას ავაშენებთ! უღირსობას ღირსებას დავუპირისპირებთ! ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის ღირსებას დავიცავთ, გპირდებით!
აი, ამ ღირებულებების, კულტურისა და ტრადიციის ხალხს დაუპირისპირდა ეს ხელისუფლება და მისი დამარცხება მოინდომა. მაგრამ ამ ბრძოლაში თავად მარცხდება!
მე პირდაპირობა მიყვარს. არ ვამბობ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ყველა უწესო ან ურიგო ადამიანია, მაგრამ არც ფაქტების შელამაზება მჩვევია. ყველამ ვიცით, რომ უწესრიგობა არც მანამდე გვაკლდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ მას სისტემური სახე მისცა. ამასთან შეგუება დანაშაულია!
ჩვენ ბოლოს მოვუღებთ უწესრიგობას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარეშე ქართული ოცნება არ ასრულდება! თავისუფლებას კი მხოლოდ სამართლიანი კანონებისა და წესრიგის მყარ ნიადაგზე შეუძლია არსებობა, უწესრიგობასა და ქაოსში თავისუფლებას, უბრალოდ, არ დაედგომება! მე თქვენ გპირდებით, რომ ქართული ოცნება მოიპოვებს და დაამკვიდრებს სამართლიანობას, წესრიგს! თავისუფლებას!
ჩვენ ისეთ ქვეყანაზე ვოცნებობთ, სადაც საკუთარი წარსულის მიჩქმალვას კი არ ცდილობენ, არამედ პატივს მიაგებენ წინაპართა ღვაწლს. ჩვენ ისეთ ქვეყანაზე ვოცნებობთ, სადაც ადამიანის ღირსებას პატივს სცემენ, სადაც ნიჭი და შრომა დაფასებული იქნება!
ამ ხელისფულებას ეს ქვეყანა რომ ჰყვარებოდა, ამ მადლიან მხარეს შიმშილის პირას არ მიიყვანდა, სიდუხჭირეში არ ამოხდიდა სულს, ასეთ გულღია და სიცოცხლისმოყვარე ხალხს მომავლის იმედს არ მოუსპობდა, არ გაამწარებდა და მის სხვა ქვეყნად და სხვა ხალხად გადაქცევას არ განიზრახავდა!
როგორ შეიძლება მოგინდეს, რომ მცხეთა, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი, ქსნისხევი, ყაზბეგი, დუშეთი რამე სხვას დაამსგავსო?
მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი, გააზრებული, თანამიმდევრული პოლიტიკით ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას და ვეღარავინ შეძლებს, უკან დაგვწიოს და შეაჩეროს საქართველოს სვლა დემოკრატიისკენ, თანამედროვე სამყაროსკენ!
დღეს, აქ, ერთმანეთს სიტყვა მივცეთ, რომ ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის! ჩვენი მომავლისთვის! დღეიდან ჩვენ ყველანი თანამებრძოლები ვართ!
მე ახლა, თქვენთან ერთად, სიმართლეს მინდა გავუსწორო თვალი. სიმართლე კი არის ჩვენი ხალხის სიღარიბე დაგაჭირვება, უამრავი უდანაშაულო პატიმარი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოკუპირებული ტერიტორიები.
დარწმუნებული ვარ, დღეს აქ, ჩვენს შორის, წეროვანის ახალი მოსახლეებიც დგანან. ახალი იმიტომ, რომ ბედის უკუღმართობით საკუთარი სოფლებიდან აიყარნენ და თავისსავე სამშობლოში დევნილებად იქცნენ. მთელ საქართველოში ყველაზე მებრძოლმა და შეუპოვარმა ხალხმა წარმოუდგენელ განსაცდელს, წარმოუდგენელ ტკივილს, წარმოუდგენელ გაჭირვებას გაუძლო, უახლოესი ადამიანები ომში დაკარგა. მათ წინაშე მინდა ქედი მოვიხარო!
მინდა მივმართო ამ ადამიანებს: საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე, ჩვენ ყველა პირობას შეგიქმნით, რათა სასწრაფოდ გაიმართოთ წელში! თქვენ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა უნდა გქონდეთ! თქვენ აღარ იქნებით ხელისუფლების მოწყალებაზე დამოკიდებული, თქვენ, ღირსეული კუთხის ღირსეული შვილები, ღირსეულ ცხოვრებას, შეძლებთ! მე ამის სიტყვას გაძლევთ!
დაპირებებს ადვილად არ ვიძლევი, იმიტომ რომ სიტყვის ფასი ვიცი. ასე მიცხოვრია და ასე მიცნობენ.
დღეს ამ აქციით და სხვა მრავალათასიანი აქციებით კარგად გამოჩნდა, როგორი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა დააკნინოს ამ აქციების მნიშვნელობა, და გაუგონარ შეურაცხყოფას გვაყენებს როგორც ჩვენ, აქციის ორგანიზატორებს, ისე თქვენ, ჩვენს მხარდამჭერებს.
სააკაშვილს ისე უნდა წარმოაჩინოს, რომ ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები სხვა ქვეყნიდან ვიმართებით, მეტიც, გამუდმებით იმეორებს, – ივანიშვილს მხოლოდ იმიტომ უდგანან გვერდში, რომ ბევრი ფული აქვსო.
მე არა მაქვს ასეთი წარმოდგენა საკუთარ ხალხზე, მე არ ვაკადრებ ჩემს ხალხს ასეთ შეურაცხყოფას. მე ვიცი, რომ ჩემი მთავარი კაპიტალი თქვენი ნდობაა, ჩემი განვლილი ცხოვრებაა, რომლითაც არასდროს მიტრაბახია.
მე ყოველთვის ვცდილობდი, რამდენადაც შემეძლო, დავხმარებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს. ეს ჩემს მოვალეობად მიმაჩნდა ყოველთვის. მაგრამ დავრწმუნდი, მხოლოდ ასეთი დახმარებით ქვეყნისა და ხალხის მდგომარეობას საგრძნობლად ვერ შევცვლიდი.
ჩემი ქვეყნისა და ხალხის გაუსაძლის მდგომარეობას რომ ვხედავდი და ამ ხელისუფლების თავგასულობას ბოლო რომ არ უჩანდა, ამან გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა.
მე ვერ მოვახდენ სასწაულს, მაგრამ ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. რეალური პოლიტიკა, რეალური ნაბიჯები, ეს არის ის, რასაც გპირდებით.
ჩვენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით მივიღებთ. ხალხის დაუკითხავად, ჩვენ არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ!
ამ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი. მეზობელ სახელმწიფოებთან მოწესრიგებული ურთიერთობები როგორ შეიძლება კაცს არ უხაროდეს ან რამე ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო.
მაგრამ, როცა შენს ხალხს კვლავ დამცირებულს და დაბეჩავებულს ხედავ, როცა ხედავ, რომ მისთვის სასიკეთო ამ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა, აუცილებლად გიჩნდება კითხვა: რატომ არსად და არც ერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ეს ხელისუფლება თავისი ხალხის ინტერესს? განა არ შეიძლებოდა ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომ ლარსის გამშვები პუნქტის ამოქმედებით მეზობელი ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი შენი ხალხისთვისაც გამოსადეგი ყოფილიყო? ნუთუ ძნელი იყო ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც შენს ხალხსაც წაადგებოდა და ცოტათი მაინც ამოასუნთქებდა?
ამის პასუხი ერთია – ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს საკუთარი მოქალაქეების ბედი. ის გადაწყვეტილებებს არ იღებს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯებია, რომელსაც ნებისმიერ ფასად აღწევს. ეს უნდა დამთავრდეს!
ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების თანხმობით უნდა იდგმებოდეს და მათ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ ვიქნებით ის ხელისუფლება, რომელიც ამას შეძლებს, გპირდებით!
დღეს ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს ჩვენი ქვეყანის ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. დღეს მხარეებს განაგებენ გუბერნატორები, რომლებიც პირადად სააკაშვილის სურვილებს ემორჩილებიან, მისი ახირებების უსიტყვო შემსრულებლები არიან.
„ქართული ოცნება“ დაამკვიდრებს თვითმმართველობას – ჩვენი მოქალაქეები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარ ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში, თავად დაგეგმავენ ბიუჯეტს და თავად იქნებიან მისი განმკარგველები.
კანონით იქნება განსაზღვრული, ცენტრიდან რა თანხა გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობას. აღარასოდეს იქნება დამოკიდებული ამ თანხის ოდენობა და გადაცემა-არგადაცემის საკითხი რომელიმე ჩინოვნიკის ნება-სურვილზე.
თვითმმართველობის სიკეთეს ყველანი იგრძნობთ. ჩვენ ამას გპირდებით!
ერთპიროვნული მმართველობის შედეგია ის მდგომარეობა, რომელშიც ქართული სოფელი ჩავარდა. სოფლის დაკნინებასთან ერთად, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკეში აღმოჩნდა, რადგან მათი უმრავლესობა მიწაზე შრომით ირჩენდა თავს. ქვეყნის სირცხვილია ის, რომ დღევნდელი ქართული სოფელი შიმშილობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვეღარ ახერხებს თავის შენახვას და ოჯახის სარჩენად უცხოეთშია გადახვეწილი.
დუშეთში, ყაზბეგში, თიანეთში, ამ მაღალმთიან რაიონებში მთლიანად მოშლილია მეცხოველეობაცა და მიწათმოქმედებაც, მიწაზე მომუშავე გლეხი მარტოკა ვეღარ უმკლავდება თავის გასაჭირს.
საქართველოს მთიანეთის სოფლები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდნენ, დღეს იცლება იმის გამო, რომ აღარ არსებობს სკოლები, ბაგა-ბაღები და, ხშირ შემთხვევაში, სასურსათო მაღაზიებიც კი. ამ სოფლებში ეკლესია-სალოცავებიც კი ინგრევა და კაცი არ არის მიმხედავი. ეს უნდა დასრულდეს!
ჩვენ ავამოქმედებთ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონს, რომელიც რეალურად შეუწყობს ხელს მთის სოფლების აღორძინებას და მოსახლეობის დაბრუნებას.
სოფელს ეყოლება პატრონი და ეს პატრონი მისი მოსახლეობა იქნება!
სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდება მაღალმთიანი რეგიონის მცირეკონტინგენტიანი სკოლები,ყველა სოფელში აღდგება ბაგა-ბაღები და სკოლები, რადგან მათზეა დამოკიდებული არა მარტო განათლების საკითხი, არამედ მოსახლეობის დამაგრება და ისტორიული კუთხეების დაცლისაგან გადარჩენა.
ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. სწორედ ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს, ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისათვის შექმნას ერთმილიარდიანი ფონდი.
ამ გეგმის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები შეძლებენ გრძელვადიანი, ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხების აღებას და ამით სარგებლობას; მოწესრიგდება მიწის დაკანონების საკითხები და შეიქმნება სათანადო გარანტიები; გლეხებს ხელი შეეწყობათ მოსავლის აღებაში, დაბინავებაში, დასაწყობებაში, ბაზარზე გატანასა და გასაღებაში.
ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის გამოკვებას ადგილობრივი წარმოების პროდუქტით, აღარ ვიქნებით დამოკიდებული უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტზე, ბაზარში კვლავ დაბრუნდება იაფი და ამავე დროს ხარისხიანი ადგილობრივი ბოსტნეული, ხილი, ხორცი. საბოლოოდ, სოფლის განვითარება საქართველოს კეთილდღეობას ჩაუყრის საფუძველს.
ჩვენ ხელს შევუწყობთ მთისთვის დამახასიათებელი ქართული ტრადიციული დარგების აღორძინებას – ქსოვას, ქარგვას და ვიზრუნებთ ამ ტრადიციის აღდგენისათვის, შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.
მთიანი საქართველოს უნიკალური ბუნება, უნიკალური ეთნოგრაფიული თავისებურებები იმის საშუალებას იძლევა, რომ ამ რეგიონის ტურისტული პოტენცია სათანადოდ გამოვიყენოთ და განვავითაროთ.
მსოფლიოში სულ უფრო ცოტა რჩება ასეთი ადგილები. ასეთი წყალი გვაქვს, ასეთი ბალახი, ასეთი მთა. ბუნებამ ჩვენ ასეთი სიმდიდრე გვარგუნა და ჩვენ ამ სიმდიდრეს გამოვიყენებთ, გპირდებით!
ჩემო ძმებო, ჩემო თანამებრძოლებო!
დღეს ჩვენს ქვეყანაში უამრავი პრობლემა დაგროვდა. აღარ დარჩა არც ერთი დარგი, არც ერთი სფერო, სასწრაფოდ გადაჭრას რომ არ მოითხოვდეს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღეს საჯარო სამსახურში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაა. ყველამ კარგად ვიცით, როგორი მძიმე პოლიტიკური წნეხის ქვეშ უწევთ მათ მუშაობა. ხელისუფლება მათ მხოლოდ პირადი ერთგულების ნიშნით აფასებს და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს.
სულ ახლახანს, ხელისუფლების ერთმა აქტიურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თურმე საჯარო სამსახურში დასაქმებულს არ შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი. ეს განცხადება დემოკრატიულ ღირებულებებთან ისე შეუთავსებელია, დემოკრატიული ღირებულებების ისეთი იგნორირებაა, რომ ხელისუფლებას მოუწია ამ ფრაზის უარყოფა და თავად ამ სიტყვების ავტორს დემოკრატიული ღირებულებების არცოდნაშიც კი დასდო ბრალი.
დიახ, მშვენივრად იცის ხელისუფლებამ, რომ ყოვლად დაუშვებელია საჯარო მოსამსახურის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე თავად სჩადის.
ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან გავათავისუფლებთ საჯარო სამსახურს პოლიტიკური წნეხისაგან. საჯარო მოხელის დასაქმება და გათავისუფლება აღარ იქნება ვინმეს ნება-სურვილზე დამოკიდებული, მათ მხოლოდ პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება მოეთხოვებათ.
ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ შეწყდება პოლიტიკური ანგარიშსწორება, არ დაიწყება წინა ხელისუფლების მომხრეების და სახელისუფლებო სტრუქტურებში ნამსახურები ადამიანების დევნა. მე პირდაპირ და გადაჭრით ვიტყვი: ჩვენ ამას არ დავუშვებთ! ჩვენ ყველანი დიდი იმედით შევყურებდით პოლიციის რეფორმას. ჩვენს თვალწინ პოლიციაში მუშაობა პრესტიჟული და საამაყო გახდა, ქუჩებში ვხვდებოდით თავაზიანი ღიმილითა და სიტყვა-პასუხით ერთმანეთზე უკეთეს ახალგაზრდებს, ჩვენს ძმებს, ჩვენს შვილებს.
ხომ უნდა მოეხერხებინა ხელისუფლებას, რომ ეს შემართება, ეს იმედი და ამხელა ნდობა გაეცამტვერებინა. დღეს ჩვენ მივიღეთ სტრუქტურა, რომელიც ხელისუფლების ერთი მცირე ჯგუფის ძალადობას განიცდის და მათი უკანონო ბრძანების შემსრულებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი გავხდით იმის მოწმე, რომ ეს სტრუქტურა არა ერთხელ განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა საკუთარ თანამოქალაქეებს.
მაგრამ მე მჯერა და ვიცი, რომ პოლიციელების აბსოლუტური უმრავლესობა ღირსეული ადამიანია. მათ უკანონობა არ ჩაუდენიათ, ბევრ მათგანს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვისი სიცოცხლე გადაურჩენია. ისინი საკუთარ სამშობლოსა და ხალხს ემსახურებიან.
ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასაიმედოობის გამო პოლიციის 200-მდე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს.
მე ვპირდები ჩვენს პოლიციელებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს: ჩვენი გამარჯვების შემდეგ ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურს; პოლიციელის საიმედოობა აღარასოდეს განისაზღვრება ერთი რომელიმე ჯგუფის ერთგულებით, მათ აღარავინ დაავალებს უკანონო ბრძანებების შესრულებას. პოლიცია კვლავ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ჩადგება და ამით დაიბრუნებს ნდობასა და პატივისცემას! ამის სიტყვას მე გაძლევთ!
დღეს პროკურატურაც და სასამართლოც ხელისუფლების რეპრესიული მანქანის ნაწილია. პროკურატურა მმართველი ჯგუფის დაკვეთის შემსრულებელია, ხოლო სასამართლო პროკურატურის დანამატად არის ქცეული.
ჩვენ გავათავისუფლებთ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებისგან პროკურატურასაც და სასამართლოსაც და ამით ქვეყანაში სამართლიანობას დავამკვიდრებთ. ამის პირობას მე გაძლევთ!
ჩვენ შევქმნით სამართლიან სახელმწიფოს, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანი იქნება!
არავისთვისაა უცხო, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯანმრთელობის დაცვის ელემენტარული პირობებიც არ არსებობს, ისინი სახელმწიფოსაგან მიტოვებული არიან.
უამრავი ჩვენი თანამოქალაქე გაღატაკდა და უსახლკაროდ დარჩა მკურნალობისთვის გაწეული კატასტროფული ხარჯების გამო. ასეთი ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდება, 21-ე საუკუნეში ადამიანები უექიმობისა და უწამლობის გამო იღუპებიან. ჩვენში წამლის ფასი ევროპულს უტოლდება და ხშირად აღემატება კიდეც მას, თუმცა წამლების უმეტესობა სრულიად უხარისხოა და განკურნებისთვის გამოუსადეგარი. ამის გამო, ჩვენი მოსახლეობა სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი.
ჩვენ გპირდებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი გახდება.
სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას და იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე!
,,ქართულ ოცნებას“ უკვე შემუშავებული აქვს ჯანდაცვის კანონპროექტი, რომელშიც ზედმიწევნითაა განსაზღვრული და ასახული ყველაფერი, რასაც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვპირდებით მოსახლეობას. თუ ხელისუფლება აცხადებს, რომ ყოველ მეორე მოქალაქეს ექნება სამედიცინო დაზღვევა, და ჩვენ კარგად ვიცით მათი დაპირების ფასი, ჩვენი დევიზია უფასო ჯანდაცვა ყველას! ჩვენი ქვეყნის უკლებლივ ყველა მაცხოვრებელს ექნება სამედიცინო დაზღვევის უფრო ყოვლისმომცველი პაკეტი, ვიდრე ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული.
და ეს ყველაფერი არის დეტალურად დაანგარიშებული, კარგად გათვლილი და გააზრებული.
ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს, პენსია არანაკლები იქნება, ვიდრე საარსებო მინიმუმია. თავად საარსებო მინიმუმის ოდენობაც გადაიხედება, შეიცვლება და რეალურ ციფრს მიუახლოვდება.
ასეთია ჩვენი განაცხადი და ეს რომ ლიტონი სიტყვები არ არის, ამაში ყველანი დარწმუნდებით, როდესაც ბლოკი „ივანიშვილი-ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში და მოვა ხელისუფლებაში.
ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ, ამის სიტყვას მე გაძლევთ!
საზოგადოება ღელავს, ხალხი შეშფოთებულია იმ უკანონო მოქმედებების გამო, რომელსაც სააკაშვილი და მისი უსიტყვოდ მორჩილი სტრუქტურები ახორციელებენ პირადად ჩემ, და ჩემი გუნდის მიმართ.
სააკაშვილს ამ საქმეში ჩართული ჰყავს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლოც, და აიძულებს მათ უკანონო, საღ აზრს მოკლებული, უგუნური გადაწყვეტილებების მიღებას.
სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხი აღშფოთებამ ქუჩაში გამოიყვანოს, მაგრამ ჩვენ არ ავყვებით მას, ჩვენ დაწყებულ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და არჩევნებით გავიმარჯვებთ!
ჩვენ არ გადავუხვევთ ამ გზას, კანონიერების გზას და მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ ცივილიზებული ერი ვართ, რომლისთვისაც დემოკრატიული ღირებულებები თავსმოხვეული კი არ არის, არამედ მისი მოთხოვნილებაა.
ხალხო, არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც მე შემაჩერებს, ჩვენ შეგვაჩერებს! რადგან ერთად ვართ, ჩვენ ვერავინ გვაჯობებს. არაფერი გამოუვათ, სიტყვას გაძლევთ! მე სიტყვის გატეხა არ მჩვევია!
27 მაისს ჩვენ თბილისით დავიწყეთ. პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო! შეუძლებელია პროცესების შეჩერება, მით უფრო, ამ პროცესების შემობრუნება. ხელისუფლებამ რაც არ უნდა დაგეგმოს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ეს ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე მივა და ჩვენი გამარჯვებით დასრულდება!
ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად დგომით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს! მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ბოლომდე ვიდგები თქვენ გვერდით, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდგებით, ვიდგებით გამარჯვებამდე!
ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას!