კომენტარი

“კანონი და სამართლიანობა მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა დაუბრუნოს ივანიშვილს მოქალაქეობა”

23 მაისი, 2012 • • 1068
“კანონი და სამართლიანობა მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა დაუბრუნოს ივანიშვილს მოქალაქეობა”

გოგი ხუციშვილი – კონფლიქტოლოგი
გოგი ხუციშვილი – კონფლიქტოლოგი

“საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ მოაგვაროს ეს საკითხი, მოაგვაროს ისე, რომ არ გამოაჩინოს თავისი მიკერძოებულობა და ჩაითვალოს, რომ ნორმალურ ვითარებაში ტარდება არჩევნები. როდესაც ძირითად პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს უქმნი ხელოვნურად დაბრკოლებებს, ეს ცუდად მოქმედებს თვითონ არჩევნების პროცესზე, საარჩევნო გარემოს აღქმაზე. თუმცა, ამის იმედი არ მაქვს. ვიცი ამ ხელისუფლების ხასიათი და ამიტომ შეიძლება ბოლომდე ჯიუტად თავისი გაიტანონ და თქვან, რომ ჩვენ იმდენად ძლიერები ვართ, რომ შეგვიძლია ნატოც და ამერიკაც უგულვებელვყოთ და ჩვენი გავატაროთ, რაც ჩვენ გვჭირდება და კაციშვილი ხელს ვერ შეგვიშლის. ამის გამო შეიძლება ბოლომდე სიჯიუტე გამოიყენონ”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარში კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი და ეთანხმება იმას, რომ ეს საკითხი კონსტიტუციის ცვლილებით კი არა, არამედ თავის დროზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უნდა მიღებულიყო, რაც მის კომპეტენციაში შედიოდა.

“რა თქმა უნდა, სწორია, რომ კონსტიტუცია პიროვნებაზე მორგებული არ უნდა იყოს, არც პრეზიდენტზე, არც ივანიშვილზე. კონსტიტუცია ეს არის ქვეყნის ძირითადი კანონი და ამიტომ მასში ცვლილებების ასეთი სახით შეტანა ივანიშვილის საქმის გამო, ეს არის შეურაცხმყოფელი და არასერიოზული, სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. თვითონ ივანიშვილიც ამ შემთხვევაში თავის თავს თვლის ძალიან უხერხულად და მესმის გუშინდელი მისი განცხადების”, – მიიჩნევს ხუციშვილი.

თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება მოვლენები და ოფიციალურად ივანიშვილს ექნება თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ეს არსებითად არ ცვლის სიტუაციას.

“მისი პარტია შექმნილია, პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოიაზრება ხალხის თვალში როგორც ამ პარტიის ხელმძღვანელი. ოფიციალურად გაფორმებული არის, თუ არ არის, თუ ფიზიკურად საქართველოშია, ის აღიქმება როგორც ამ მოძრაობისა და პარტიის ხელმძღვანელი. ამიტომ ამ მხრივ მას დაბრკოლება არ ექმნება. მაგრამ, რა თქმა უნდა, კანონიერება და სამართლიანობა მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, გამოიყენოს თავისი უფლება და დაუბრუნოს მოქალაქეობა”, – აცხადებს ხუციშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით, 111 ხმით, მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო რედაქცია, რომლის თანახმადაც კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა ექნება.

თუმცა გუშინვე კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს გაუგზავნა წერილი, სადაც მას მოუწოდა, რომ არ მოაწეროს ხელი აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“მე არ ვაპირებ ჩემი პოლიტიკური უფლებები კონსტიტუციის შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის ფასად მოვიპოვო”, – ნათქვამია ივანიშვილის წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი