კომენტარი

ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული

23 მაისი, 2012 • 1259
ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული

“მე ჩემს პოზიციას სექსუალურ თუ რელიგიურ უმცირესობებზე ხშირად გამოვხატავ და ახლაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ მათ ჩვეულებრივ მოქალაქეებად მივიჩნევ და არ განვასხვავებ სხვებისგან. ექსცესები, მე მგონი, დაგეგმილია ზემოდან. თუმცა ეს კონკრეტული საკითხი არ შემისწავლია და არ შემიძლია გიპასუხოთ, ვინ იყო დამნაშავე. მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ესეც იყო ინსპირირებული ხელისუფლების მხრიდან”, – ასეთი პასუხი გასცა “ქართული ოცნების” ლიდერმა “ამერიკის ხმის” შეკითხვაზე, რომელიც თბილისში, 17 მაისს ანტიჰომოფობური აქციის დარბევას შეეხებოდა.

 

ანალოგიურ ვერსიას ავითარებს ბიძინა ივანიშვილი ბათუმში აზიზიეს მეჩეთისა და ასევე, დავით გარეჯის მონასტრის ირგვილ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

 

“სააკაშვილს სურს აჩვენოს ევროპას, როგორი უკულტურო ხალხი ვართ, მეჩეთი ვერ აგვიშენებია თურმე ბათუმში. იგივე ხდება დავით გარეჯაში. ხელისუფლების იდეოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ ქართველები არიან უმართავი ხალხი, უკულტურო და სრული დემოკრატია ქვეყანაში არ შეიძლება”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს “სურს შექმნას ილუზია, რომ სააკაშვილი აშენებს კარგ ქვეყანას, მაგრამ ქართველებისთვის ზედმეტი უფლებების მიცემა არ შეიძლება, რადგან ისინი უბედურებას მოიწევენ და ამბოხი მოხდება ქვეყანაში და აჩვენებს ამის მაგალითად უცხოელებს იმას, რომ შეიძლება ქართველები ელემენტარულად მეჩეთის საკითხზეც კი ვერ შეთანხმდნენ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი