კომენტარი

საია გმობს სულეიმანოვის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას

25 აპრილი, 2012 •
საია გმობს სულეიმანოვის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას

საია შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიერ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მისამართით გაკეთებული შეფასებებით, მიიჩნევს მათ სიძულვილის ენის გამოვლინებად და გამონათქვამის ავტორს მომავალში მსგავსი ქმედებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს.

“პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის გამონათქვამი წარმოადგენს ვერბალურ თავდასხმას სომხურ ეთნიკურ ჯგუფზე, ღიად გამოხატავს რა აღნიშნული ეთნიკური თემის მიმართ აშკარად მტრულ დამოკიდებულებას. წარმოთქმულ ფრაზაში წარმოჩენილია ის, რომ სომხური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისათვის დამახასიათებელი გვარის ტარება დამაკნინებელია ადამიანისათვის”, – ნათქვამია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა გენოციდის აღიარების მოთხოვნით. ბაღათურიამ ამ კონტექსშტი გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ.  

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება ჯონდი ბაღათურიასა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს – აკაკი ბობოხიძესა [ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი] და აზერ სულეიმანოვს [მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი] შორის. ხოლო ფიზიკური დაპირისპირების განმუხტვის შემდეგ აზერ სულეიმანოვმა პარლამენტში განაცხადა:

„სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი