სომხური სათვისტომო საპასუხო განცხადებით გამოეხმაურება დღეს საქართველოს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ოპოზიციის წარმომადგენელ ჯონდი ბაღათურიას სომეხი ბაღათურიანი უწოდა. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეპანიანმა მიაწოდა.
“მე ველაპარაკე სომხურ სათვისტომოს, მათ ჯონდი ბაღათურიასთვის სომეხად წოდება კომპლიმენტადაც კი მიიჩნიეს. თუმცა თავად ეს ფაქტი ერთმნიშვნელონად არაეთიკური და არაკულტურულია. სომხური სათვისტომო ამას აუცილებლად გასცემს პასუხს. “მრავალეროვანი საქართველო” კი ეცდება, ეს დაპირისპირება რადიკალურ ჭრილში არ გადავიდეს და სიტუაცია დააბალანსოს,” – აცხადებს სტეპანიანი.
მისივე თქმით, “მრავალეროვანი საქართველო” საპარლამენტო უმრავლესობისგან არაოფიციალური ფორმით მოითხოვს მომხდარზე სათანადო რეაგირებას. ორგანიზაცია ასევე გეგმავს სომხურ და აზერბაიჯანულ დიასპორებთან ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომელიც კულტურათაშორის დიალოგზე და ტოლერანტობაზე იქნება ორიენტეირებული.
“საქართველო არ უნდა გახდეს ადგილი სომხურ-აზერბაიჯანული გარჩევისთვის. ჩვენ ვეცდებით ყველგან, იქ, სადაც ხელი მიგვიწვდება, მოხდეს კონფლიქტის პრევენცია. ახლა არჩევნებია და არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, პოლიტიკოსები ცდილობენ ყველა ქმედება არჩევნების კუთხით გათვალონ, ჩვენ ვეცდებით, ასეთი სიტუაციები პოლიტიკოსებმა სათავისოდ არ გამოიყენონ,” – აცხადებს არნოლდ სტეპანიანი.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ გუშინ საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა გენოციდის აღიარების მოთხოვნით. ბაღათურიამ ამ კონტექსშტი გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება ჯონდი ბაღათურიასა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს – აკაკი ბობოხიძესა [ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი] და აზერ სულეიმანოვს [მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი] შორის. ხოლო ფიზიკური დაპირისპირების განმუხტვის შემდეგ აზერ სულეიმანოვმა პარლამენტში განაცხადა:
„სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“.