კომენტარი

მზარდი საფრთხე სამხრეთ კავკასიაში

6 აპრილი, 2012 •
მზარდი საფრთხე სამხრეთ კავკასიაში

ბოლო დღეებში კავკასია კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად არა რეგიონული კონფლიქტების და არა რუსეთის, არამედ ისრაელის წყალობით, რომელიც რეგიონში აგრესიულ მოთამაშედ შემოიჭრა და ისედაც მუდმივ დესტაბილიზაციაში მყოფ რეგიონს ახალ საფრთხეში ჩათრევით დაემუქრა. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯან-ისრაელის საეჭვო დამეგობრებამ გააჩინა ეჭვენი იმის შესახებ, რომ შეიძლება ისრაელმა აზერბაიჯანის ტერიტორია ირანზე საჰაერო დარტყმების მისატანად გამოიყენოს.

ისრაელი კავკასიაში საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალე გააქტიურდა, თუმცა ყურადღების ძირითადი აქცენტი საქართველოზე მოდიოდა. 90-იან წლებში ბიზნესთანამშრომლობა ოცდამეერთე საუკუნეში სამხედრო თანამშრომლობაში გადაიზარდა და საქართველოს სამართალდამცავი თუ სამხედრო ძალების გარკვეული ნაწილი სწორედ ებრაული იარაღით აღიჭურვა. სამხედრო თანამშრომლობა ყოველწლიურად უფრო ღრმავდებოდა, სანამ თბილისმა ქრთამის გაცემის ბრალდებით არ დააპატიმრა ორი ისრაელელი ბიზნესმენი, რომლებიც ისრაელთან იარაღის ბიზნესში პაიკებს ნამდვილად არ წარმოადგენდნენ, ამის შემდეგ საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა გაცივდა და მიუხედავად ქართველი მაღალჩინოსნების რიტორიკისა, თითქოს ისრაელთან ყველაფერი რიგზეა, ურთიერთობა მხოლოდ ფასადურ დონეზეა შენარჩუნებული. დაკარგული ნდობის აღდგენას ვერც ზემოთხსენებული ბიზნესმენების შეწყალებამ უშველა დიდად.

საქართველოსთან ურთიერთობის გაცივების შემდეგ ისრაელი საკმაოდ გააქტიურდა აზერბაიჯანში, რომელთანაც დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობები 90-იანი წლების დასაწყისიდან აკავშირებდა, მაგრამ ეს ურთიერთობები არასდროს ყოფილა განსაკუთრებულად აქტიური ხასიათის. ისრაელის აზერბაიჯანში გააქტიურება რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პირველ რიგში, ისრაელის უსაფრთოება დიდადაა დამოკიდებული მისი სადაზვერვო სამსახურების გამართულად მუშაობაზე, რომლებიც ისეთ მოშორებულ რეგიონებშიც აქტიურად მუშაობენ, როგორიცაა სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია. ხოლო რაც შეეხება კავკასიას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის მეზობელი რეგიონია, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ირანთან დაპირისპირების პირობებში.

კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ისრაელის ირანზე პრევენციული დარტყმის პოლიტიკა, რომელიც ისრაელის მაღალჩინოსნებში საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ ობამა-ნეთანიაჰუს უკანასკნელ შეხვედრაზე აშშ-ის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანთან ჯერ კიდევ შეიძლება დიპლომატიის გზით შედეგის მიღწევა. თეთრი სახლის დამოკიდებულებამ გააღიზიანა ისრაელის პრემიერი და უკმაყოფილება არც დაუმალავს. მისმა განაცხადმა, რომ ქვეყანამ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნოს, გააჩინა მოლოდინი, რომ ისრაელი, აშშ-ის პასიურობის შემთხვევაში, მარტო განახორციელებს პრევენციულ დარტყმებს ირანზე. ამისთვის კი ისრაელს ირანთან ახლოს სჭირდება საჰაერო ბაზები, რადგანაც მისი საზღვაო ფლოტი საკმაოდ სუსტია იმისთვის, რომ ავიაციას ხელი შეუწყოს სპარსეთის ყურიდან. ირანზე პრევენციული იერიშის მიტანისთვის კი აზერბაიჯანს საუკეთესო მდებარეობა გააჩნია.

გარდა ამისა, იარაღის ბიზნესი ისრაელის ეკონომიკის ერთ–ერთ ბურჯს წარმოადგენს და ისეთი კლიენტის ხელიდან გაშვება, რომელსაც დაკარგული ტერიტორიის დაბრუნების სურვილი არ ასვენებს და საკმაო რაოდენობის პეტროდოლარებიც გააჩნია, ისრაელის მხრიდან არ იქნებოდა ჭკვიანური ნაბიჯი. თელავივს აზერბაიჯანში ენერგოინტერესებიც გააჩნია, ისრაელი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდული აზერბაიჯანული ნავთობის სიდიდით მეორე მომხმარებელია და ახალი პროექტების განხორციელებასაც გეგმავს ბაქოსთან ერთად. თუკი მხედველობაში მივიღებთ ზემოთ ხსენებულ მიზეზებს, ალბათ აღარ უნდა გაგვიკვირდეს ამ ქვეყნების უეცარი დაახლოება.

თავის მხრივ, საკმაოდ სახიფათო თამაშს თამაშობს აზერბაიჯანიც, რომელიც რამდენიმე წელია გამალებული შეიარაღების პოლიტიკას მისდევს. გაწელილი, უშედეგო მოლაპარაკებები მინსკის ჯგუფის ფარგლებში, ბაქოს ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების იმედს სულ უფრო უკარგავს, რის პარალელურადაც მატულობს სამხედრო რიტორიკა, რომელიც მხოლოდ სიტყვების რახარუხზე არ არის აწყობილი. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ბაქომ რამდენიმეჯერ მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი და იარაღის შეძენასთან თუ ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით სერიოზული  ხელშეკრულებები გააფორმა თურქეთთან და უკრაინასთან. აქამდე ეს ძირითადად სომხეთს აღელვებდა, ხოლო უკანასკნელ ხანებში ისრელთან დაახლოვებამ და 1,6– მილიარდიანმა სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებამ სერიოზულად გააღიზიანა თურქეთიც, რუსეთიც და, რაც მთავარია, ირანი.

ზემოხსენებულ სამ სახელმწიფოს რამდენიმე მიზეზი გააჩნია, აზერბაიჯანის ნაბიჯს არაკეთილგანწყობით შეხვედროდა. თურქეთიდან რომ დავიწყოთ, ანკარა 20 წელია ცდილობს აზერბაიჯანი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს და „უფროსი ძმის“ პოზიცია დაიკავოს. ეთნიკურმა ნათესაობამ, რელიგიურმა ფაქტორმა და სომხეთის წინააღმდეგ საერთო განწყობამ ხელი შეუწყო მათ დაახლოებას და საერთაშორისო ასპარეზზე თუ რეგიონულ დონეზე თურქეთი ხშირად მფარველობდა აზერბაიჯანს, რის სანაცვლოდაც აზერბაიჯანულ ენერგობაზარზე პოზიციებს იუმჯობესებდა, თუმცა ამ მეგობრობას გარკვეულ დარტყმას მიაყენებს მათ შორის ისრაელის გამოჩენა, რომელიც 2010 წლის ფლოტილიის ინციდენტის შემდეგ თურქეთთან სერიოზულ დაპირისპირებაში იმყოფება.

რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვმა უკვე იწვნია ებრაული შეიარაღების ძალა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, ხოლო გაცილებით მაღალი დონის შეიარაღების გამოჩენას კავკასიაში იგი არ მიესალმება. გარდა ამისა, რუსეთს ურთიერთდახმარბის სამხედრო ხელშეკრულება აკავშირებს სომხეთთან და ეს იარაღი აზერბაიჯანს სწორედ სომხეთის დასაშინებლად და, საჭიროების შემთხვევაში, მის წინააღმდეგაც ჭირდება. შესაბამისად, მოსკოვი ეცდება აზერბაიჯანულ-ებრაული მეგობრობის საბოტაჟირებას, ან სტატუს-ქვოს აღსადგენად სამხეთისთვის დამატებითი არსენალის გადაცემას.

ირანთან კი ბაქოს ყველაზე დიდი დაპირისპირება ელის. ჯერჯერობით აზერბაიჯანული დიპლომატია წარმატებით ახერხებს თეირანის ნეიტრალიზებას. ისრაელთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საფარ აბიევი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ირანს და დახურული შეხვედრა გამართლა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადთან. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანსა და ირანს შორის არასდროს ყოფილა ასე მეგობრული ურთიერთობა და დაძაბულობის ესკალაციის ილუზიას საერთაშორისო მედია ქმნის.

თუმცა ყველაფრის მედიისთვის დაბრალება აბსურდულია. რამდენიმე თვის წინ თავად ირანი ოფიციალურად ადანაშაულებდა ბაქოს ირანელი ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობის საქმეში ისრაელის სპეცსამსახურებისთვის ხელის შეწყობაში. ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ელჩიც კი დაიბარეს ირანის საგარეო უწყებაში. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა 2012 წლის თებერვალში სპეცოპერაციის შედეგად 22 ადამიანი დააკავა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი ირანის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული დივერსანტები იყვნენ, რომლებსაც ბაქოში ებრაულ სკოლაზე და ისრაელის საელჩოზე თავდასხმა ჰქონდათ დავალებული. ეს სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ინდოეთში ისრაელის სამხედრო წარმომადგენლობაზე განხორციელდა ტერორისტული აქტი, ხოლო იმავე დღეს ქართველმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს თბილისში, ისრაელის საელჩოსთან, დანაღმული ავტომობილით ტერაქტის მცდელობა.

გარდა ამისა, თებერვალში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა მოუწოდა მთავრობას, ქვეყანას სახელი შეეცვალოს და ჩრდილოეთ აზერბაიჯანი დაერქვას, რაც ხაზს გაუსვამს სამხრეთ აზერბაიჯანის არსებობას, რომელშიც ჩრდილოეთ ირანში 16 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი იგულისხმევა. დიდი აზერბაიჯანის შექმნის ოცნება ჯერ კიდევ აზერბაიჯანის მეორე პრეზიდენტ აბულფაზ ელჩიბეის ჰქონდა, რისი გახმოვანებაც ბაქოს ირანთან ურთიერთობის გაფუჭებად დაუჯდა. ეკონომიკურ სანქციებში მოქცეულ და პოლიტიკურად რთულ მდგომარეობაში მყოფ ირანს ახლა ნამდვილად არ სჭირდება კონფლიქტში გახვევა აზერბაიჯანთან, მაგრამ თუკი ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, რომლის თანახმადაც ბაქო ისრაეილისთვის საჰაერო ბაზების დათმობას აპირებს, აზერბაიჯანს მოუწევს ირანის რადიკალური ნაბიჯებისთვის პასუხის გაცემა.

თავის მხრივ ირანსაც საკუთარი ინტერესები გააჩნია კავკასიაში, ის ერთადერთი დიდი სახელმწიფოა რეგიონში, რომელსაც კავკასიის სამივე ქვეყანასთან ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობა აქვს და კარგადაც სარგებლობს ამით. ირანულმა ბიზნესმა წლების განმავლობაში ფეხი მოიკიდა კავკასიაში და ბოლო ხანებში მოხსნილმა სავიზო რეჟიმმა საქართველოსთან, მას გაფართოების მეტი საშუალება გაუჩინა. თეირანი თანდათან საკმაოდ იმყარებს პოზიციებს რეგიონში და ამას ყოველგვარი ხმაურისა და აფიშირების გარეშე აკეთებს, სწორედ ამიტომაც არ შედის ირანის ინტერესებში აზერბაიჯანთან აშკარა კონფრონტაცია და თეირანი თავს იკავებს ბაქოდან წამოსულ ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე. სავარაუდოდ ასეც გაგრძელდება, თუკი აზერბაიჯანის მხრიდან მის სახელმწიფოებრივ უსაფროებას არ შეექმნება პრობლემები.

 

 ავტორის შესახებ

ვასო კუჭუხიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი