კომენტარი

შეუსრულებელი მისია

5 აპრილი, 2012 •
შეუსრულებელი მისია

რუსეთში დასრულდა არჩევნები და როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინი კიდევ 6 წლით პრეზიდენტი გახდა. მიტინგებმა და მღელვარებამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ რუსულმა საზოგადოებამ სერიოზული ცვლილებები განიცადა_დიდ ქალაქებში ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანების ფენა გაჩნდა. მოვლენები მოულოდნელად დაიწყო, თუმცა ვითარება წლების მანძილზე მწიფდებოდა. დღეს რუსეთი გზაგასაყართან დგას და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად მის მიერ არჩეულ მიმართულებაზეა დამოკიდებული. მიმართულება სულ ორია : პირველი_იმპერიული გზა და მეორე_ ნაციონალური სახელმწიფო.

ამ ორ გზას შორის სხვაობა რადიკალურია. იმპერიული სახელმწიფოს პროექტი ასე გამოიყურება : მკაცრად განსაზღვრული სახელმწიფო იდეოლოგია, ეკონომიკის მართვის ნომენკლატურულ-ოლიგარქიული ტიპი, არმიის გაძლიერება, საზღვრების გაფართოვება (მათ შორის ჩვენს ხარჯზეც), ყოფილ სსრკ-ს სივრცეზე ევრაზიული კავშირის შექმნა.

მეორე ნაციონალური სახელმწიფოს პროექტი იმპერიულის საპირისპიროა: რუსეთის შემადგენლობაში მყოფი არარუსული (ძირითადად ჩრდილო კავკასიური) რესპუბლიკების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, მათთვის დაფინანსების შეწვეტა, იქ მცხოვრები მოქალაქეების უფლებებში შეზღუდვა (მაგალითად, ე.წ. ‘’შიდა ვიზების’’ შემოღება და გადაადგილების რეგლამენტირება). ისტორიულად რუსული ტერიტორიებისთვის რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება, კონსტიტუციაში რუსი ერის უფლებების ხაზგასმა და სახელმწიფოს დამფუძნებელ ერად აღიარება.

იმპერიული და ნაციონალური ხედვების დაპირისპირებას ობიექტური მიზეზები აქვს. რუსული ელიტის ნაწილი აცნობიერებს, რომ ჩრდილო კავკასიის და სხვა არარუსული რესპუბლიკების მოსახლეობის ასიმილაცია შეუძლებელია. ამ რესპუბლიკებში ეთნოცენტრიზმი და არქაიზაცია მატულობს, ზოგ მათგანში მრავალცოლიანობის და შარიათის კანონების შემოღებას ითხოვენ. ცენტრი და პერიფერია სულ უფრო მეტად შეუთავსებელი ხდებიან. რუსული ქალაქების ურბანული, ინდივიდუალისტური კულტურა და პერიფერიიდან ჩასული კლანურ-თემური ადათებით შეკავშირებული სამხრეთელების ქცევის ნორმები მკვეთრად კონტრასტულია. რუსეთისთვის ჩრდილო კავკასია ტერორიზმის წყარო, კორუფციული პოტენციალის ზრდა, ეთნიკური კრიმინალის საფრთხე და, ზოგადად, მოდერბიზაციის შემაფერხებელი ფაქტორია. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ყოფით დონეზე კულტურული შეუთავსებლობით გამოწვეული ანტაგონიზმია. ამ ვიდეოზე ეს კარგად სჩანს.

რუსეთის იმპერიული პროექტი რთული კონსტრუქციაა და მას ვრცელი იდეოლოგიური სარჩული უდევს. მესიანისტური ‘’მესამე რომის’’ იდეა ძველია. საკუთარი თავის ღვთის რჩეულად და დაღუპვის გზაზე შემდგარი მსოფლიოს მხსნელად გამოცხადება ახალი ამბავი არ არის. მაგრამ დღევანდელმა იდეოლოგებმა ის გადაამუშავეს და თანამდეროვეობას შეუსაბამეს, რუსულ მისიას ახალი მტრები მოუძებნეს. ტრადიციულად, ამგვარ იდეოლოგიაში სიმართლე და ტყუილი ისეა არეული, რომ ძნელი გასარჩევი ხდება.
განახლებული რუსულ-ევრაზიული იმპერიის მტრად, რა თქმა უნდა, დასავლეთი, კერძოდ კი, აშშ ცხადდება. ამ მტრობის მიზეზი მარტივად აიხსნება_მტერს რუსეთის ბუნებრივი რესურსების დაპატრონება უნდა. მაგრამ ამ თეორიის შედარებით რთული ვერსიაც არსებობს.

ბატონი კურგინიანის აზრით, დასავლეთმა განვითარების რესურსი ამოწურა და მსოფლიო ძალის ცენტრი შორეული აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს. თურმე ამ გამოწვევის საპასუხოდ დასავლეთმა საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ფორმაციის მთლიანად შეცვლა გადაწყვიტა. უფრო მეტიც, დასავლეთს საკუთარი ეთიკური კოდის მუტაცია და კულტურულ მონაპოვარზე უარის თქმა განუზრახავს_ჰუმანიზმს და ადამიანის უფლებებს მთლიანად უკუაგდებს, ქრისტიანული ფესვებიდან მომდინარე მემკვიდრეობას მოიცილებს და ახალ რელიგიას_ ნეოწარმართობას მიიღებს. ლიბერალ-დემოკრატიულ სისტემას ნეოფაშისტური წყობით ჩაანაცვლებს და, არც მეტი, არც ნაკლები, მეცნიერულ კანონებს გადახედავს. კურგინიანის ვარაუდით, დასავლეთი კაცობრიობაზე, როგორც ერთ ბიოლოგიურ სახეობაზე, ხედვას შეცვლის და ადამიანებს ქვესახეობებად დაყოფს. მათ განსხვავებულ ანტროპოლოგიურ თვისებებს მიაწერს და, მაშასადამე, განსხვავებულ უფლებებსაც მიანიჭებს. უხეშად რომ ვთქვათ, დასავლეთი არაევროპელებს ადამიანის სტატუსს ჩამოართმევს და უფლებებში ცხოველებთან გაათანაბრებსო, ბრძანებს კურგინიანი.

რუსეთის მისია თურმე ამ პლანეტარული მასშტაბის ბოროტებისთვის ხელის შეშლა და კაცობრიობის გადარჩენაა. დაახლოვებით იგივე წარმოდგენებს ქადაგებს თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო იდეოლოგი დუგინიც. ეს იდეები ბოდვითია და მათზე კამათი ძნელია, მაგრამ ცნობილია, რომ აზრები რაც მეტად აბსურდულია, ადამიანები მით უფრო მეტად იჯერებენ. სინამდვილეში კი ამ ძალისხმევას ერთი მიზანი აქვს_რუსი ხალხი მეტად გააბრუონ, გარეშე მტრებით დააშინონ და ხელისუფლების გარშემო დარაზმონ.
დღევანდელი რუსეთი რომ არ დაიშალოს, პირიქით, ახალი მიწები უნდა შემოიერთოს და გაფართოვდეს-ასეთია იმპერიული იდეა.

საქმე კი გაცილებით მარტივადაა_რუსეთს ძალიან დიდი მადა აქვს, მაგრამ ამ მადის დასაკმაყოფილებლად ძალა არ ყოფნის. მათემატიკური მეთოდით გამოთვლილია, რომ  თუ სახელმწიფოს მსოფლიო პროცესებში მთავარ მოთამაშედ ყოფნა სურს, მინიმუმ 350 მილოონი მოსახლე უნდა ყავდეს. რუსეთს კი 140 ყავს და ისიც მცირდება. ამის გამო გამუდმებით ცდილობს, უკრაინა და ბელორუსი (როგორც სლავი ძმები )ამ საქმეში ჩართოს და მიიერთოს. ყაზახეთი და შუა აზიის რესპუბლიკები დაიქვემდებაროს (ტაჯიკეთი უკვე მთლიანად დამორჩილებული ყავს). კავკასიაზე ექსკლუზიური გავლენა მოიპოვოს. საქართველოს მდებარეობა კი ისეთია, რომ ჩვენ მიმართ ინტერესი გაორმაგებული აქვს. ამ საქციელს მარტივად ყაჩაღობა ეწოდება. რუსეთი, რაკი თავისი მოსახლეობით თვითკმარი არ არის, ყაჩაღივით ცდილობს სხვისი მიითვისოს.

როგორც ვიცით, პუტინის ხელისუფლრებაში მოსვლის შემდეგ კრემლში პოლიტ-ტექოლოგიების და იდეოლოგიური კოსტრუქციების შექმნა ბატონ სურკოვს ებარა. ცოტა ხნის წინ სურკოვი ამ თანამდებობიდან მოხსნეს და თავისუფალ ადგილს, სავარაუდოდ, კურგინიანის და დუგინის მსგავსი კადრი დაიკავებს. ამ შემთხვევაში გვარი და სახელი მთავარი არ არის, უფრო მნიშვნელოვანია, კრემლი რომელ იდეოლოგიურ დოქტრინას დაეყრდნობა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს იდეილოგია სწორედ კურგინიანისეული იქნება.

ისიც ცხადია, რომ რუსულ საზოგადოებაში სწორედ ამ ორ იმპერიულ და ნაციონალურ პროქტს შორის გაიმართება კონკურენცია და ვინ გაიმარჯვებს, ძნელი სათქმელია.

რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ანტიიმპერიულ-ნაციონალური პროექტი უფრო ხელსაყრელია, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ  გამარჯვების და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაცინალური ძალები იმპერიულად გადაიქცნენ.

ამასობაში ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? თუ საფრთხის თავიდან აცილება გვინდა, უნდა განვვითარდეთ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად წინ წავიდეთ. შინაურ, ქართული მესიანიზმის მქადაგებლებს ისევე კრიტიკულად მივუდგეთ, როგორც რუსულისას. ჩვენი მესიანიზმი რელიგიურია, რუსული კი– პოლიტიკური. ჩვენი პროვინციულია_გარე სამყაროსგან მოწყვეტას და თვითიზოლირებას ქადაგებს. რუსული კი, პირიქით, ექსპანსიონიტურია, საზღვრების გაფართოებას და სხვების ჩაყლაპვას გულისხმობს. შინაარსი კი ორივეს ერთი აქვს_ ღვთის რჩეული ვარ და ყველა რომ წარწყმდება, მარტო მე გადავრჩებიო. მართალია, ჩვენებურ მქადაგებლებს კურგინიანისოდენა ნიჭი და გაქანება არ აქვთ, გაცილებით პრიმიტიულად აგიტირებენ, მაგრამ ზიანი მაინც დიდი მოაქვთ

გია მარიამიძე
გია მარიამიძე

ავტორი შესახებ

გია მარიამიძე, ნეტგაზეთის ბლოგერი

https://netgazeti.ge/GE/99/blogs/?f_blog_id=38

მასალების გადაბეჭდვის წესი