“ქართული ოცნების” პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ “ძალიან სამწუხაროა, როდესაც მსგავსი სიტყვები ისმის ეთერში”. ფანჯიკიძე მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლა “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რომელიც მურმან დუმბაძის მიერ გიორგი მასალკინის მიმართ გაკეთებულ სატალევიზიო განცხადებას შეეხებოდა “ქართულ გენთან” დაკავშირებით.
“ქართული ოცნების” ასოცირებულმა წევრმა მურმან დუმბაძემ “ობიექტივის” ჟურნალისტთან ირმა ინაშვილთან სატელევიზიო ინტერვიუს დროს, რომელიც 31 მარტს ბათუმის “25-ე არხის” სტუდიაში შედგა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის წინააღმდეგ აქციის ორგანიზებას შეეხებოდა, “რესპუბლიკური პარტიის” ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მასალკინი, რომელიც პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს ამ აქციას გაემიჯნა, შემდეგი სიტყვებით მოიხსენია:
“გიორგი მასალკინი არ არის გენით ქართველი. ვერ მიხვდა, რა არის საქართველო… ნახევარი წელი ვკამათობდით ამ საკითხზე. ოშკი გაგონილი არ აქვს, სანთელი არ დაუნთია. ოშკს მასწავლის ახლა გიორგი მასალკინი, რა არის? … ქართველობაა მთავარი, ტერიტორიაა მთავარი, ღირსებაა მთავარი, სამშობლოა მთავარი, ჩემი წინაპრის სასაფლაოა მთავარი”.
“რაც შეეხება მურმან დუმბაძესა და მის დამოკიდებულებას “ქართულ ოცნებასთან”, “ქართული ოცნება” და ცალკეული სუბიექტები, რომლებიც მასში შედიან, ყოველთვის ვერ იქნებიან ერთი აზრის ყველა საკითხზე. მიუხედავად ამისა, თუ ძირითად საკითხებზე არსებობს შეთანხმება, ამ შეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა შეიძლება”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.