კომენტარი

მთავარი პროკურორი ჟურნალისტ ჯორბენაძის საქმეზე კომენტარს არ აკეთებს [video]

21 თებერვალი, 2012 • 1583
მთავარი პროკურორი ჟურნალისტ ჯორბენაძის საქმეზე კომენტარს არ აკეთებს [video]

საქართველოს მთავარი პროკურატურა გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის შანტაჟის საქმესთან დაკავშირებით გაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის განცხადებას კვლავ არ პასუხობს. 

დღეს, 21 თებერვალს, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გამართული შეხვედრისას ”ნეტგაზეთმა”  საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას დაუსვა კითხვა, თუ რა რეაგირება მოჰყვა მზია ამაღლობელის განცხადებას ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით.

მურთაზ ზოდელავამ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ კონკრეტულ საქმეზე სპონტანურ კომენტარს არ გააკეთებს და ამისთვის პრესსამსახურს უნდა მივმართოთ. იგივე კითხვა დავუსვით მთავარი პროკურორის მოადგილეს, დავით საყავრელიძეს.

”თუ გაზეთ ”ბათუმელების” დირექტორს აინტერესებს ნარკოდანაშაულის პოლიტიკა, ამაზე გავცემ პასუხს, დღევანდლი დღის ფორმატი ეს არის,” – განუცხადა საყვარელიძემ ”ნეტგაზეთს.”

2011 წლის დეკემბერში იუსტიციის სამინისტროში გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე დავით საყვარელიძემ მოისმინა ”ნეტგაზეთის” ანალოგიური კითხვა, დეტალურად გამოიკითხა ჟურნალისტისგან ამბავი და დაგვპირდა, რომ საქმეში გაერკვეოდა და პასუხს შემდეგ გაგვცემდა.

იგივე პირობა მივიღეთ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა იოსავასგან. ის დაგვპირდა, რომ როგორც კი რაიმე სიახლეს გაარკვევდა მზია ამაღლობელის განცხადებასა და თედო ჯორბენაძის შანტაჟის საქმესთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ შეგვატყობინებდა. აღნიშნული პირობა ხათუნა იოსავამ დღესაც მოგვცა. მიუხედავად ამისა, 2011 წლის ნოემბრიდან დღემდე ”ბათუმელების” დირექტორს, მზია ამაღლობელსა და ”ნეტგაზეთს” პროკურატურისგან არანაირი ინფრომაცია არ მიუღია.

გაზეთ “ბათუმელების” ინფორმაციით, 2011 წლის 20 ნოემბერს გაზეთის თანამშრომლება დაადგინეს პიროვნება, რომელიც ”ბათუმელების” საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს, თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. კერძოდ, 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ვინმე “დავითი” შანტაჟის გზით აიძულებდა თედო ჯორბენაძეს, სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა.  პოლიციელი ჟურნალისტს ემუქრებოდა, თუ არ დათანხმდებოდა შეთავაზებას, სამართალდამცავები გაავრცელებდნენ დამონტაჟებულ, ჰომოსექსუალური შინაარსის ფოტომასალას, რომელზეც თედო ჯორბენაძე შიშველ მამაკაცებთან ერთად იქნებოდა აღბეჭდილი.

2009 წლიდან დღემდე ქართველმა სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს მოეძებნათ და სამართლებრივი პასუხი მოეთხოვათ იმ პოლიციელისთვის, რომელიც თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. 2010 წლის 18 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო წინასწარი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.

გაზეთმა “ბათუმელებმა” დამოუკიდებელი გამოძიებით დაადგინა, რომ აღნიშნული პოლიციელი 1971 წელს დაბადებული დავით დევნოზაშვილია, ის ნამდვილად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამჟამად ცხოვრობს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე. “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი 2011 წლის ნოემბერში პირადად მივიდა დევნოზაშვილის სახლში, ესაუბრა მას, მისგან მიიღო დასტური, რომ ის 2009 წელს ნამდვილად მუშაობდა ბათუმში. ამის შემდეგ მზია ამაღლობელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და აცნობა, რომ მან მიაგნო ადამიანს, რომელიც თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციიის წარმომადგენლებმა, ამაღლობელის დაჟინების მიუხედავად, შესაბამისი ოქმი არ შეადგინეს.

შემთხვევიდან მეორე დღესვე “ბათუმელების” დირექტორმა მზია ამაღლობელმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილს და მოითხოვა, დაუყოვნებლივ მიეწოდოს გაზეთს ყველა იმ დოკუმენტის ასლი (ინფორმაცია), რომელიც არის რეგისტრირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებაში 2011 წლის 20 ნოემბერს გაზეთ “ბათუმელების” მიერ გაკეთებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, ასევე, დაიბარონ და დეტალურად გაარვკიოს შსს-მ იმ დღეს მომხდარი ფაქტები, გამოავლინოს დამრღვევი პოლიციის თანამშრომლები და დარღვევის სიმძიმის მიხედვით მისცენ პასუხისმგებლობაში.

გაზეთ ”ბათუმელების” მხარდამჭერი აქცია 2009 წლის ნოემბერში გაიმართა და მასში მონაწილეობა ათობით ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ: ჟურნალისტები, იურისტები, სტუდენტები და ბლოგერები.

ამავე თემაზე:

“ბათუმელებს” პროკურატურისგან და შსს-სგან პასუხი ჯერ არ მიუღია

ნაპოვნია

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “ბათუმელების საქმეს” ეხმაურება

საია პროკურატურას “ბათუმელების საქმეზე” მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს

“ბათუმელების” დირექტორის წერილი ვანო მერაბიშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი