კომენტარი

პეტიცია ოშკისა და იშხანის გადასარჩნად

10 თებერვალი, 2012 • 1638
პეტიცია ოშკისა და იშხანის გადასარჩნად

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელზე სპეციალური გვერდი შეიქმნა პეტიციისთვის, რომლის ხელმომწერების მიზანია ოშკისა და იშხანის გადარჩენა.

პეტიცია პასუხია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღმდეგება  საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებების შეთანხმებას ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციასა და ბათუმის აზიზიეს მეჩეთის აღდგენაზე.

პეტიზიაზე ხელმოწერა ფეისბუქის  ამ გვერდის მოწონებითაა შესაძლებელი.

გთავაზობთ განცხადების ტექტს:

“თურქეთსა და  საქართველოს სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმებით, თურქეთის ტერიტორიაზე ქართული მხარე ოშკისა და იშხანის ტაძრების  რესტავრაციას შეუდგება. მეორე მხრივ, აღდგება ბათუმის აზიზიეს მეჩეთი.  ახალციხეში კი, რაბათის ისტორიულ უბანში, მეჩეთი და მიმდებარე კომპლექსი რესტავრირდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 9 თებერვალს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკების შედეგებს მიუღებლად მიიჩნევს. მათი აზრით, უკვე მიღწეული შეთანხმება უნდა ჩაიშალოს.

საპატრიარქო აცხადებს, რომ საქართველომ თურქეთთან ჯერ ვაჭრობა  უნდა დაიწყოს ტაო კლარჯეთში ისტორიული ქართული ტაძრების რელიგიური ფუნქციით აღდგენაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეს მოლაპარაკებას აზიზიესა და რაბათის  მეჩეთების აღდგენაზე. ამ ულტიმატუმის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, იგი, ფაქტობრივად, მზად არის  ოშკისა და იშხანის განადგურებაზე იტვირთოს პასუხისმგებლობა.

საპატრიარქოს პოზიციაში ყველაზე შემაშფოთებელოი ისაა, რომ არსად ჩანს განადგურების პირას მისული ტაძრების  გადარჩენის სურვილი. პირიქით, საპატრიარქო აცხადებს, რომ ოშკი და იშხანი  ჩვენი საზრუნავი კი არა, თურქეთის მხარის პასუხისმგებლობაა.

ვფიქრობთ, რომ საპატრიარქოს განცხადება არსებულ ვითარებაში სრულიად არაადეკვატურია. წლების განმავლობაში საპატრიარქოს ამ უსაფუძვლო ულტიმატუმების გათვალისწინების გამო მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება რამდენჯერმე ჩაიშალა.  ბოლო სამი წელია საზოგადოება იგებს, რომ მიღწეულია შეთანხმება, მაგრამ შემდეგ ასპარეზზე გამოდის საპატრიარქო და  საკითხი ისევ ღიად რჩება, ანდა მოლაპარაკების პირობები იცვლება.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ აღარავის მივცემთ ნებას, გაწიროს ქართული ხუროთმოძრვრების შედევრები – ოშკი და იშხანი. ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც მეჩეთების მშენებლობასა და რესტავრირებას, რისი  უფლება ისედაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ასევე, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოვითხოვთ ოშკისა და იშხანის რესტავრაციის პროცესის დაუყოვნებელ დაწყებას, რადგან ეს ტაძრები ნადგურდება.

მკაცრად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ გაითვალისწინოს საპატრიარქოს მორიგი ულტიმატუმი, რაკი რეალური პასუხისმგებელი ამ ძეგლების ყოფნა– არყოფნაზე სწორედ ქართული სახელმწიფოა და არა საპატრიარქო.

დაუშვებელია, რომ ჩვენ, მთელი საზოგადება, საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  მომავალი თაობების წინაშე წარვდგეთ, როგორც ტაო-კლარჯეთის უნიკალური ხუროთმოძღვრული მშვენიერების  გამნადგურებლები.

ჩვენ, ყოვლგვარი ყოყმანის გარეშე, უნდა გამოვიყენოთ საუკუნეების შემდეგ პირველად მოპოვებული შანსი  და ნგრევას გადავარჩინოთ  ჩვენი დიდებული წარსული!

გთხოვთ შემოუერთდეთ პეტიციას  გვერდის მოწონებით.”

ამავე თემაზე:

საპატრიარქო პირობას უყენებს საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას

რას ფიქრობენ ახალციხეში მეჩეთის რეაბილიტაციის თაობაზე

რესტავრირებულ მეჩეთს ახალციხეში მოოქროვილი გუმბათი ექნება

კულტურის სამინისტრო აზუსტებს, რომ თურქეთთან სიტყვიერი შეთანხმება არ შეიცვლება

კულტურის სამინისტრო: მეჩეთის აგებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა

ვნებათაღელვა ახალ მეჩეთთან დაკავშირებით


მასალების გადაბეჭდვის წესი