კომენტარი

გია ნოდია: პრეზიდენტების შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული მიღწევიდან გამომდინარე

31 იანვარი, 2012 • • 1158
გია ნოდია: პრეზიდენტების შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული მიღწევიდან გამომდინარე

პოლიტოლოგი გია ნოდია დადებითად აფასებს ობამა–სააკაშვილის შეხვედრას, თუმცა ობამას მოწოდებაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს ხედავს.

“ამ შეხვედრაზე თავისთავად ასეთი სერიოზული ქება რეფორმების და ამის ხაზგასმა საინტერესო იყო. რაც შეეხება იმას, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, არსებითად ახალი ამ საკითხში არაფერია და არც ობამას არ უთქვამს ახალი. პრეზიდენტებს შორის შეხვედრამდე სასაცილო მოსაზრებები კეთდებოდა, რომ ყურს აუწევს ობამა სააკაშვილს და ა.შ. ცხადია, ასეთი რამ, ამისმაგვარი არაფერი მომხდარა, იყო მხოლოდ მოწოდება, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და დემოკრატიულად,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნოდიამ.

ნოდია მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული მიღწევიდან გამომდინარე.

“დავუშვათ ის, რომ ამ შეხვედრაზე იყო ნახსენები პერსპექტივა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების შესახებ, რისთვისაც საქართველო დიდი ხანია იღწვის, მაგრამ აქამდე ფეხს ითრევდა ობამა. შესაბამისად, ეს ძალიან რეალური, კონკრეტული და სერიოზული მიღწევაა. ამ თვალსაზრისით სამართლიანია შეფასება, რომ არა მარტო  უბრალოდ შეხვედრა მოხდა, რაც თავისთავად ძალიან კარგია, არამედ კონკრეტული სიახლეები,” – აღნიშნავს ნოდია.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ წამოცდა ობამას რუსეთი საქართველოს მაგივრად, ნოდია პრეზიდენტის შეცდომად მიიჩნევს.

“გასაგებია, ეს, ცხადია, შეცდომა იყო. არ შეიძლება, რომ შეცდომა არ ყოფილიყო. თუმცა აქვე ავღნიშნავ, ბუნებრივია, რომ საქართველოსთან ურთიერთობა რაღაცნაირად რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტს უკავშირდება, და ობამას მიერ ეს წამოცდენაც ამას აჩვენებს,” – აღნიშნავს ნოდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი