კომენტარი

რუსი უფლებამდამცველების, საზოგადოების წარმომადგენლების წერილი სააკაშვილს

5 დეკემბერი, 2011 • 1138
რუსი უფლებამდამცველების, საზოგადოების წარმომადგენლების წერილი სააკაშვილს

მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ მიხეილ სააკაშვილს

ბატონო პრეზიდენტო,

მოგმართავთ თხოვნით ბატონ ვლადიმერ ვახანიას პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ვ.ვახანია, რომელიც არის საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე, გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარდგენილ ბრალდებებში და განესაზღვრა 03 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის 30 ივნისს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ბატონ ტომას ჰამარბერგის ანგარიში, რომელიც მომზადდა მისი საქართველოში 2011 წლის 18-24 აპრილს  ვიზიტის შემდგომ. აღნიშნული ანგარიშის გარკვეული ნაწილი ეხება ბ-ნ ვახანიას სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც ბ-ნი ჰამარბერგი შეხვდა საქართველოში ყოფნის დროს. ანგარიშის თანახმად, “ზემოხსენებულ საქმეებში (იგულისხმება ვ.ვახანიას და კიდევ ორი სხვა პატიმრის სისხლის სამართლის საქმეები) დარღვეულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების განხორციელება…სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ბრალის დადასტურებისათვის აუცილებელი მინიმალური მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, საგამოძიებო ორგანოებმა არ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველა აუცილებელი ზომა, რომელიც მათ სავარაუდო სამართალდარღვევის ყველა შესაბამისი გარემოების დადგენაში დაეხმარებოდა. იარაღის…უკანონო ტარების საქმეებში ხშირად აღინიშნებოდა პროცედურული დარღვევები ჩხრეკის დროს, კერძოდ, არ იყო უზრუნველყოფილი დამსწრის დასწრება, რაც ეჭვქვეშ აყენებს ჩხრეკის კანონიერებას და, შესაბამისად, ამოღებული მტკიცებულების დასაშვებობას… სასამართლოები სისტემატურად, სათანადო დასაბუთების გარეშე, ამბობდნენ უარს იმ შუამდგომლობებზე, რომლებიც პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დადგენასა და შეფასებას მოითხოვდა.” ბ-ნი ტ.ჰამერბერგი ასევე აღნიშნავს, რომ “არსებობს საკმარისი რაოდენობით სანდო განცხადებები, ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ოპოზიციის აქტივისტების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის სამართალდარღვევების გამოძიებისა და სამართალწარმოების პროცესში სერიოზული ხარვეზების არსებობაზე მიუთითებს, რაც ზიანს აყენებს მთელ ამ პროცესს; ამით ეჭვქვეშ დგება ბრალდების და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობა”.

ვ.ვახანიას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 მარტიდან. 2010 წლის 15 დეკემბერს მან მოიხადა სასჯელის ნახევარი, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე, ვ.ვახანიამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, თუმცა აღნიშნულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა ვ.ვახანიას შუამდგომლობა არსებითად იმ საფუძვლით, რომ ვ.ვახანია არ განიცდის რესოციალიზაციას, რადგან არ აღიარებს მისთვის ინკრიმინირებულ დანაშაულს. სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება ვ.ვახანიას მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თუმცა სასამართლომაც არ მიიჩნია საჭიროდ ვ.ვახანიას პირობით ვადამდე გათავისუფლება.

გვსურს, თქვენი ყურადღებას მივაპყროთ იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია თავისი არსით წარმოადგენს ამა თუ იმ მსჯავრდებულის განმეორებით (დამატებით) შეგუებას საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მსჯავრდებულის ჩართვას მისი ოპტიმალური ადაპტაციის მიზნით. ამავე დროს, რესოციალიზაცია არ გულისხმობს მსჯავრდებულის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ბრალის აღიარებას. არც სამინისტრომ და არც სასამართლომ მსჯავრდებულ ვ.ვახანიას პიროვნების კრიტერიუმის შეფასებისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვ.ვახანია მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენისათვის, სასჯელის მოხდის პერიოდში არ მიუღია საყვედური და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციასთან თავისუფლების აღკვეთის მთელი პერიოდის განმავლობაში აქვს კორექტული ურთიერთობა; ვ.ვახანია მანამდე არასოდეს ყოფილა ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ისინი წარმოადგენენ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებს); ვ.ვახანია არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, რამდენიმე სამეცნიერო აკადემიის წევრი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სტატიის ავტორი. მეცნიერებაში, განათლებაში, კულტურასა და ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის 2005 წელს იგი დაჯილდოებული იქნა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემიით.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს ბ-ნი ვ.ვახანიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მკვეთრად გაუარესდა მისი დაპატიმრების შემდგომ პერიოდში.

ამჟამად იმის გამო, რომ სამინისტროს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ვ.ვახანიასათვის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გავიდა 6 თვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,  ვ.ვახანიამ კვლავ მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით.

მიხეილ ნიკოლოზის ძევ, გთხოვთ, პირადად მიიღოთ მონაწილეობა ვლადიმერ ვახანიას საკითხის გადაწყვეტაში და ხელი შეუწყოთ მის პირობით ვადამდე გათავისუფლებას.

პატივისცემით,

ლუდმილა ალექსეევა

ოლეგ ბასილაშვილი

სვეტლანა განუშკინა

სერგეი კოვალიოვი

ანდრეი პიონტკოვსკი

იური რიჟოვი

ალექსეი სიმონოვი

ერნსტ ჩერნი

ალექსეი იაბლოკოვი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი