კომენტარი

უსუფაშვილი: ხელისუფლება ივანიშვილს მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად აღიქვამს

2 ნოემბერი, 2011 • • 1112
უსუფაშვილი: ხელისუფლება ივანიშვილს მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად აღიქვამს
ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია და მისი განცხადებები იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც დღეს tribuna.ge–ს პრეს–კლუბში “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ისაუბრა.

“გუშინდელ პრესკონფერენციაზე კიდევ უკეთ გავიცანი ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ, რომ საჯაროდ იგი პირველად გამოჩნდა ტელეკამერებთან. დავინახე ის, როგორც საკმაოდ გაწონასწორებული, მიზანდასახული, საკუთარი პრინციპების მქონე პიროვნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აქცენტს აკეთებს თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლოზე. ამიტომ მომავალი ბედი იმ ხალხის, ვინც შესაძლოა ხელისუფლებას ჩამოცილდნენ, ეს არ იქნება და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის აზრებზე დამოკიდებული,” – აცხადებს უსუფაშვილი.

მისივე შეფასებით, ივანიშვილის პრესკონფერენცია ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მას, როგორც მთვარ პოლიტიკურ ოპონენტს, ისე აღიქვამს.   

“გუშინდელი მოვლენა იყო ფრიად სიმბოლური და საილუსტრაციო ბევრი თვალსაზრისით. პირველი – ხელისუფლება ამბობს, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და მას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია. თუმცა, გუშინ ის მედიასაშუალებები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, გამოირჩევიან ლოიალობით ხელისუფლების მიმართ, იქცეოდნენ ისე, როგორც მოიქცეოდნენ, როდესაც იქნებოდა გაპაექრება ხელისუფლების მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან. მოქალაქეობის ჩამორთმევით ხელისუფლებამ ფსიქოლოგიურადაც ვერ მოიცილა ეს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა მათ მთავარ კონკურენტად და გუშინდელ პრესკონფერენციაზე განვითარებული მოვლენები ამის ნათელი დასტურია,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ივანიშვილის მიერ პრესკონფერენციაზე გახმაურებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხსაც შეეხო და ამ მიმართულებით საკუთარი ხედვა ჩამოაყალიბა:

“პრეზიდენტის იმპიჩმენტს რაც შეეხება, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეფასებით, წარმოდგენილია და დანახული გვაქვს, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც ქვეყანაში რაღაც უნდა განაპირობოს. ვერსია ერთი: “ნაციონალური მოძრაობა” რჩება ხელისუფლებაში და ცხოვრება გრძელდება ისე, როგორც არის. მაგრამ ფაქტია, ამ ქვეყანაში არიან მოქალაქეები, გაცილებით მეტნი, ვისაც უნდა ცვლილება. რას გვეუბნება დღევანდელი მოქმედი კონსტიტუცია, სააკაშვილის მიერ 2004 წლის თებერვალში საკუთარ განწყობებსა და სურვილებზე მორგებული კონსტიტუცია. ამ უკანასკნელის თანახმად, 2012 წლის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის”  გარდა სხვამ, ვინც გინდა უმრავლესობა მიიღოს პარლამენტში, მომდევნო ერთი წელი ქვეყანას მართავს მიხეილ სააკაშვილი, მისი პრემიერ–მინისტრი და მთავრობა იმ უფლებებში, რაშიც დღეს ისინი არიან. რატომ? იმიტომ, რომ ამ არჩევნების შემდეგ უმრავლესობა ვერ ქმნის მთავრობას.

ვთქვათ, პარლამენტში “რესპუბლიკური პარტია” 80–პროცენტიანი უმრავლესობით მოვიდა. შესაბამისად, თუ არ გადავდგით რაღაც ნაბიჯები, ჩვენი 80 პროცენტით რისთვის ვართ განწირულები? იმისთვის, რომ ერთი წელი ვისხდეთ ქუთაისის ახალ პარლამენტში. ამ შემთხვევაში პარლამენტს არ ექნება არანაირი საშუალება, გავლენა მოახდინოს ქვეყნის ცხოვრებაზე და ერთი წელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ასეთ ვითარებაში უნდა გავლიოთ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მოინდომებს დღევანდელი მთავრობის გადაყენებას, რა ხდება შემდეგ, პრეზიდენტი ამ წინადადებას ჩახედავს და არ დაეთანხმება პარლამენტს. მთავრობა აგრძელებს ფუნქციონირებას, პარლამენტი ისევ ზის ქუთაისში. იგივე საკითხის ხელმეორედ დასმის უფლება აქვს პარლამენტს 3 თვის შემდეგ, პრეზიდენტი ისევ იღებს ამ წინადადებას და არ თანხმდება. პირიქით, პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტს, დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და რაც ამ ყოველივეს ტრაგიკომედიის გაგრძელებაა ახალი პარლამენტი რა უმრავლესობითაც არ უნდა მოვიდეს, იგივე გზას დაადგება.

ასეთ შემთხვევაში, რა გზა რჩება იმისთვის, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებმა უმრავლესობაში მოიყვანა არა “ნაციონალური მოძრაობა”, არამედ სხვა პარტია, მაშინ ქვეყანა არ აღმოჩნედეს ასეთ ვითარებაში. ამ მაგალითით მე მინდა  განვმარტო და ვიცოდეთ, თუ რაშია საქმე. რა უნდა დაგეგმოს ხალხმა, ვინც ფიქრობს, რომ უმრავლესობაშიც მოვა და შემდეგ ეს უმრავლესობა რეალობად ვაქციოთ. შესაბამისად, აქ იკვეთება ორი გზა: ერთი – ან საკონსტიტუციო ცვლილებებით უნდა წავიდეთ და ეს მახინჯი მოდელი გავასწოროთ, ან მეორე – პრეზიდენტის იმპიჩმენტი დავაყენოთ,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის სამომავლო წევრებზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ახალ პარტიაში შესაძლოა ის ადამიანები გაერთიანდნენ, ვინც ამჟამად ბიზნესმენის მრჩეველთა საბჭოში ირიცხებიან.     

“ივანიშვილი ჯერჯერობით თავად არის სერიოზული ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში. მე მგონი, ეს უკვე საკმარისია იმ პროცესების გამოსაწვევად, რაც ხდება ამ ქვეყანაში. რაც შეეხება მის გეგმებს პარტიასთან დაკავშირებით, მან ეს პირველივე განცხადების პირველივე ანონსში გვამცნო. შემდგომ მასთან შეხვედრების დროს ჩემთანაც და “რესპუბლიკური პარტიის” წევრებთან მან დაადასტურა ეს, თუმცა ეს განზრახვა ჯერ არ არის კონკრეტული პროექტი, კონკრეტული გეგმა. ჯერჯერობით, მე არ ველი, რომ იქნება სწრაფი, ფორსირებული მოვლენები ამ მიმართულებით. დანარჩენს, ალბათ, მოგვიანებით თავად გვეტყვის. პოლიტიკური პარტიის შესაძლო ახალ სახეებზე არც მას უთქვამს რაიმე და არც მე მსმენია. გუნდი, რომლის ჩამოყალიბებასაც მან მოკიდა ხელი, მრჩეველთა საბჭოს სახით, ალბათ, მათი ნაწილი შესაძლოა აღმოჩნდეს პოლიტიკურ პარტიაში, მაგრამ ამ საკითხებში ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი,” – აღნიშნავს უსუფაშვილი.

კითხვაზე, თუ რას ემყარება რესპუბლიკური პარტიის იმედი 2012 წლის არჩევნების შედეგად უმრავლესობაში მოსვლასთან დაკავშირებით, მან უპასუხა:  

“რას ემყარება ჩვენი იმედი და განზრახულობა უმრავლესობაში მოსვლასთან დაკავშირებით. პირველი, დარწმუნებული ვარ და გასიგრძეგანებული მაქვს, რომ ეს არის აუცილებელი და მე ამისთვის უნდა ვიბრძოლო. მეორე, ამისთვის ბრძოლები საკმარისი არ ყოფილა დღემდე ბევრი ფაქტორის გამო. ერთ–ერთი ფაქტორი იყო ის, რომ ხელისუფლება ახერხებდა მოსახლეობაში საარჩევნო აპათიის დანერგვას. ივანიშვილის გამოჩენით კი პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი რეალობა შეიქმნა და ეს უკანასკნელი უკვე გამორიცხულია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი