კომენტარი

თბილისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორების საჯარო მიმართვა

8 აპრილი, 2016 • 1504
თბილისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორების საჯარო მიმართვა

თბილისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორები პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სხვებს საჯაროდ მიმართავენ.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად, რომელიც ყოფილმა დირექტორებმა 8 აპრილს გაავრცელეს.


 

მივმართავთ
საქართველოს პრეზიდენტს,
საქართველოს პარტლამენტის თავჯდომარეს,
საქართველოს პარლამენტის დარგობრივ კომისიას და პარლამენტარებს,
ქალაქ თბილისის საკრებულოს,
ქალაქ თბილისის მერიას,
სახალხო დამცველის აპარატს,
დიპლომატიურ კორპუსს,
ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას,
დაინტერესებულ საზოგადოებას,

სკოლამდელი განათლების სისტემა არის მნიშვნელოვანი საფუძველი, როგორც ბავშვის/მოქალაქის, ასევე მთლიანად ჩვენი საზოგადოების შემდგომი განვითარებისათვის.
უკვე რამოდენიმე წელია სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა, ტოტალიტარულ სისტემიდან – აღსაზრდელზე/ინდივიდზე ორიენტირებულ სისტემაზე გადასვლაზე და ფართოდ იყო მხარდაჭერილი საერთაშორისო პარტნიორების (მ.შ. UNICEF, WORLD VISION…) მიერ.
ჩვენ, ჩვენ პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, აქტიურად ვნერგავდით თანამედროვე მიდგომებს, რაც მრავალგზის დადასტურებული იყო, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი ექსპერტების მიერ.
ეს ბაღები იყო ამ რეფორმების განხორცილების წარმატებული მაგალითები საუკეთესო პრაქტიკების ცენტრები და ცვლილებების, ინოვაციების პრომოუტერები როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისათვის.

ბაგა-ბაღების სააგენტოს როლი მოიაზრებოდა როგორც სწორედ ამ რეფორმების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

სამწუხაროდ, თავისი არაპროფესიონალიზმით, რომელმაც მიიღო სისტემური ხასიათი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რეფორმების ხელშეწყობის ნაცვლად დაუპირისპირდა რეფორმებს.

ეს გამოიხატება მათ შორის პროფესიონალური კადრების სისტემატიური გათავისუფლებით, ჯერ სააგენტოდან, შემდეგ კი უკვე ბაღებიდან, მაშინ, როცა პარალელურად ხდება სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობის/ხარჯების ერთი მესამედით გაზრდა და ნეპოტიზმის საფუძველზე არაპროფესიონალების დანიშვნა და დაწინაურება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელისა და მენეჯმენტის არაპროფესიონალიზმი საფრთხეს უქმნის რეფორმებს, რომლებიც მიმდინარეობს სკოლამდელი განათლების სფეროში: ვერტიკალურად მართული ნეპოტისტური სისტემა ვერ შექმნის გარემოს თავისუფალი და მომავალზე ორიენტირებული ახალი თაობის განვითარებისათვის. ამგვარად, საფრთხე ექმნება შემდეგი თაობისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს.
მიუხედავად ჩვენი მხრიდან მაქსიმალური კონსტრუქტივიზმისა და ბევრი მცდელობისა, საკითხი გადაგვეყანა პროფესიონალური დისკუსიის ჭრილში, თბილისის მერი და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმღძღვანელობა გაურბის პროფესიონალურ დონეზე საკითხის განხილვასა და დისკუსიას და ცდილობს საზოგადოების დეზინფორმირებას და პროცესის მიჩქმალვას, ან ჩვენთვის პოლიტიკური იარლიყების მოკერების გზით საკითხის პოლიტიზაციას.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის შემოწმება ნებისმიერი მიუკერძოებელი კომისიის მიერ ნათელს მოჰფენს რეალობას, რომ რა საბაბითაც მოხდა დირექტორების განთავისუფლება, არის მართვის სტანდარტული პრაქტიკა, რომელიც დანერგილია სააგენტოს მიერვე მის დაქვემდებარებულ უკლებლივ ყველა ბაგა-ბაღში და, შესაბამისად, ამ პრაქტიკის გამოყენების გამო დირექტორების დასჯა სულ ცოტა არაადეკვატურია, ხოლო მხოლოდ ნაწილის დასჯა- მიზანმიმართული უკანონობა და დევნა.
დღესდღეობით სააგენტოს მხრიდან მიდის ზეწოლა ბაღის მოქმედ დირექტორებზე, მათი დაბარება სააგენტოში, მათი დაშანტაჟება და დაშინება, სწორედ ჩვენი მდგომარეობით. ამიტომ არის, რომ ბევრი მათგანი ვერ ბედავს ღიად არსებულ პრობლემებზე საუბარს.
ჩვენ, როგორც პროფესიონალები, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას სფეროს განვითარებაზე და ვაცნობიერებთ რა ამ სფეროს განვითარების მნიშვნელობას საზოგადოებისა და ქვეყნისათვის, ვიწყებთ არსებული პრობლემების გარშემო პროფესიულ დისკუსიებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ამ საჯარო დისკუსიებში, რომლის მიზანიც იქნება:

1. საკითხების პოპულისტური ჭრილიდან პროფესიულში გადატანა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირები, ასევე დარგის ექსპერტები, პრაქტიკოსები, მშობლები, დაინტერესებული საზოგადოება, რათა შემუშავდეს ერთიანი გაზიარებული ხედვა სფეროს განვითარების და რეკომენდაციები შექმნილი პრობლემების დაძლევის.
2. საზოგადოებრივი კომისიის შექმნა, რომელიც განიხილავს და შეაფასებს, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევას, ასევე სხვა ქეისებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს მენეჯმენტთან დაკავშირებით და სააგენტოს როლის შესახებ ამ სფეროში.

თბილისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორები

მასალების გადაბეჭდვის წესი