კომენტარი

კომპენსაცია რეპრესირებულთათვის: პასუხები მოქალაქეებს

12 აგვისტო, 2011 •
კომპენსაცია რეპრესირებულთათვის:   პასუხები მოქალაქეებს

ჩვენმა მკითხველებმა  საიტზე გამოაქვეყნეს შეკითხვები, რომლებიც ეხება რეპრესირებულებისა და მათი მემკვიდრეებისთვის ფულადი კომპენსაციების გაცემის წესს.   შეკითხვები საიტის ვიზიტორებმა  დატოვეს კომენტარების სახით ამ თემაზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო მასალაში.  „ნეტგაზეთის“ თხოვნით მოქალაქეების კითხვებს პასუხობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:

 

Maia: მყავს 87 წლის დედა, ნოტარიუსი არ გვაძლევს მინდობილობნას თვლის, რომ უუნაროა. მაქვს თუ არა უფლება კომპენსაციის საჩელის მოთხოვნის შეტანის უფლება. არ ვარ წინააღმდეგი, რომ ფული მიიღოს დედამ.

 

საია: როგორც კითხვიდან იკვეთება, დედა არის რეპრესირებულის პირველი რიგის მემკვიდრე, ხოლო თქვენ ბრძანდებით რეპრესირებულის შვილიშვილი. რაკიღა, კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია ეკუთვნის უშუალოდ რეპრესირებულს ან რეპრესირებულის პირველი რიგის მემკვიდრეებს (მეუღლე, მშობლები, შვილები). რეპრესირებულის პირველი რიგის მემკვიდრედ შვილიშვილი ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი მშობელი რეპრესირებულზე ადრე გარდაიცვალა,  შესაბამისად, თუკი თქვენ  რეპრესირებულის შვილიშვილი ბრძანდებით და შვილი (ანუ დედათქვენი) ცოცხალია, თქვენი სახელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არ გაქვთ.

 

რაც შეეხება დედის უუნარობას, თუკი ნოტარიუსს ეჭვი ეპარება მის ქმედუნარიანობაში, შეგიძლიათ სამედიცინო ცნობა მიუტანოთ, რომელშიც გარკვევით მიეთითება აქვს თუ არა მას ფსიქოლოგიური პრობლემები, შესაბამისად, თუკი ჯანმრთელია, აღარ შეგიქმნით ნოტარიუსი პრობლემას მინდობილობის გაფორმებაში. ხოლო, თუ სახეზეა ჭკუასუსტობის ან სულითავადმყოფობის რომელიმე სახე, მაშინ, დედა უნდა იქნეს ცნობილი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ. თქვენ უნდა დაინიშონოთ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მის მეურვედ და შემდეგ გექნებათ უფლება, საკუთარი მშობლის სახელით შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში.

 

Inga: სასამართლო, მიუხედავად ყველა მემკვიდრის მითითებისა მოსარჩელედ ხარვეზზე უშვებს იმ მოტივით, რომ დასადგენია ყველა პირველი რიგის მემკვიდრესაინტერესოა, რა დოკუმენტი არსებობს იმის დასადასტურებლად, რამდენი პირველი რიგის მემკვიდრე ჰყავს პირს?

საია: გეთანხმებით, სასამართლოს მიერ მსგავსი ტიპის ხარვეზის დადგენის აბსურდულობაში. არავითარი დოკუმენტი არ არსებობს იმის სარწმუნოდ დამადასტურებელი, რამდენი პირველი რიგის მემკვიდრე ჰყავს რეპრესირებულ ადამიანს.

 

გირჩევთ, თუკი სარჩელში მითითებული გქონდათ, რომ ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე ბრძანდებით, ანდაც სხვა არცერთი მემკვიდრე არ არსებობს, ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებაში კიდევ ერთხელ განმარტოთ: „აღნიშნული მითითებული მქონდა სარჩელში და გარკვევით გაცნობებთ წინამდებარე განცხადებითაც _ სარჩელში მითითებული პირების გარდა, არცერთი სხვა პირველი რიგის მემკვიდრე არ არსებობს“.   აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ დაზუსტების შემდეგ, სავარაუდოდ შეივსება ხარვეზი და სასამართლო სარჩელს წარმოებაში მიიღებს.

 

merabi: რეპრესირებული პირის მიერ სარჩელის შეტანის შემთხვევაში სარჩელს სასამართლო გადაწყვეტილების ასლი უნდა დაერთოს თუ ორიგინალი წამოვიღო სასამართლოდან ?

საია: რეპრესირებული პირის მიერ, ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით,  სასამართლოში წარდგენილ სარჩელს სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა ერთვოდეს სასამართლოს არქივიდან (საერთო სასამრთლოების  დეპარტამენტის არქივი; მის: ქეთევან წამებულის გამზ. 65; ტელ: 274 81 58) დამოწმებული სახით გაცემული სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

თამო: 1906 წელს გადასახლებული იყო საქართველოდან ყაზახეთში, 1951 წელში სსრკ მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბერს #4893-2113 დადგენილების საფუძველზე, სადაც იმყოფებოდა სპეც კომენდატურაში 1953 წლის 11აპრილს #1007_430 დადგენილების საფუძველზე. ეკუთვნის თუ არა 1906 წელს გადასახლებულ პიროვნებას კომპესაცია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად?

საია: `საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ~ 1997 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის შესაბამისად ამ კანონის მოქმედება ვრცელდება  საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე.

ამასთან, აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად ფულადი კომპენსაცია მიეცემა თუკი პოლიტიკური რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიაქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიების შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.

ამავე თემაზე:

ფულადი კომპენსაციის მიღების წესი რეპრესირებულთათვის და მათი მემკვიდრეებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი