კომენტარი

ზურაბიშვილი: ფოტოგრაფებზე პროტესტი რომ შეწყვეტილიყო, დასავლეთი არ იყო ხმის ამომღები

29 ივლისი, 2011 •
ზურაბიშვილი: ფოტოგრაფებზე პროტესტი რომ შეწყვეტილიყო, დასავლეთი არ იყო ხმის ამომღები

დავით ზურაბიშვილი
დავით ზურაბიშვილი

ბატონო დავით, თქვენ დაწერეთ, რომ ფოტოგრაფების საქმე, მათი გათავისუფლება ხელისუფლების უკანდახევაზე მიუთითებს. ასე რატომ გგონიათ?

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიჭირა რუსეთის აგენტურა, რომელთაც ხელი მიუწვდებოდათ სერიოზულ საქმეებზე… ისეთ მასალებს წარმოგიდგენთ, ყველა სირცხვილით დაიწვებითო.

ამის მერე მათი ისე გამოშვება, რომ საქმე სასამართლო პროცესამდეც არ მიიყვანეს, ძალიან უცნაურია. ის განმარტება, რაც მერე მოაყოლა ბატონმა უტიაშვილმა, სასაცილო იყო. საერთოდ, მთელი სერია აბსოლუტურად ულოგიკო კომენტარებით, იყო სასაცილო გარე მაყურებლისთვის. თურმე ეს ხალხი იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მათ ვიღაცები დაასახელეს. წარმოიდგინეთ, ვიღაც აგენტები ასახელებენ სხვა აგენტებს… ასეთ დროს მათი გაშვება კი არა… ამერიკაში მოწმეთა დაცვის პროგრამა ვრცელდება ასეთ ხალხზე _ თუ ნიუ იორკში ცხოვრობს, გადაჰყავთ წყნარი ოკეანის სანაპიროზე, სადმე სოფელში, რომ ვინმემ არ მიაკვლიოს და არ მოკლას. ჩვენთან რა მოხდა, ვინც სახიფათო აგენტები დაასახელა, ისინი გარეთ გამოუშვეს. სრული სისულელეა.

ანუ ფოტოგრაფების აღიარების საფუძველზე არავის დააკავებენ?

არავის დაპატიმრება არ არის მოსალოდნელი, ეს ლაყბობა და სიტუაციიდან გამოძრომის მცდელობაა. ამ ადამიანების დაპატიმრებას ხელისუფლებისთვის მოულოდნელად ძლიერი პროტესტი მოჰყვა. ეს არ იყო სახალხო პროტესტი, როცა ათასობით ადამიანია ქუჩაში გამოდის, მაგრამ ეს იყო მედიის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების პროტესტი. ეს ის ჯგუფებია, ვისაც ასე თუ ისე ანგარიშს უწევს დასავლეთი, აშშ-ს საელჩო… დაპატიმრებული იყო შაჰ აივაზოვი, ასოშეიტედ პრესის ფოტორეპორტიორი, რომელიც ამერიკის მთავრობის უშუალო ჩარევით გამოუშვეს. ეს არ უარყო აშშ-ის ელჩმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აშშ დაინტერესებულია ამ საქმით. ბუნებრივია, როცა დაგირეკავენ და აგენტობაში ბრალდებულ კაცს ეგრევე გაუშვებ, ეს საელჩოსთვის მკაფიო სიგნალია. მართლა თუ გყავს რუსეთის ჯაშუში და, მით უმეტეს, ის ამერიკულ ორგანიზაციაში მუშაობს, იმას გაუშვებ? ვთქვათ, მართლა იყო ასოშეიდენ პრესის თანამშრომელი აგენტი, რაიმე დოკუმენტი რომ ჰქონოდათ, მივიდოდნენ და ეტყოდნენ ჯონ ბასს, გველი გყოლიათ უბეში _ რუსეთის აგენტია და თქვენთან მუშაობსო.

გაქვთ კითხვაზე პასუხი, რატომ დააკავეს ფოტოგრაფები?

ერთი ვერსიაა, ეკლესიასთან კონფლიქტის გადასაფარად. არის მოსაზრება, რომ ეს დაკავშირებულია 26 მაისის ფოტოების გავრცელებასთან. მაგრამ რა არის აქ მთავარი, როცა ხელისუფლებამ ეს ხალხი დაიჭირა, მათთვის მოულოდნელად მედიამ ეს აქტიურად გააპროტესტა. პარალელურად დასავლეთმა და აშშ-მ მოსთხოვეს დამაჯერებელი ვერსიების წარდგენა _ ღია სასამართლო პროცესები… ევროპის პრესფოტო დადანაშაულებული იყო როგორც ჯაშუშური ორგანიზაცია და ფსბ-ს ფილიალი. ეს ამბავი ყველა სააგენტომ დაბეჭდა, რამაც ესენი დააბნია. ამიტომ იყო, რომ სხვადასხვა განცხადებას აკეთებდნენ, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა კალანდაძემ თქვა _ ყველა თანამშრომელს მიუწვდებოდა ხელი საიდუმლო ინფორმაციაზეო. გამოვიდა მინისტრი და _ ასე არააო.

ჯერ საქმე გაასაიდუმლოეს, მერე შს მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არაა საიდუმლო. მერე აღმოჩნდა, რომ საიდუმლოა. აბდალაძეზე თქვეს, ჩვენი თანამშრომელი არააო, მერე _ არისო. ძალიან არადამაჯერებელი იყო სატელეფონო ჩანაწერებიც: კაცი კაცს ურეკავს და ეუბნება _ ბანკში გახსენი ანგარიში, ჰონორარი უნდა ჩაგირიცხოო. ეს თუა მამხილებელი მასალა, მაშინ ყველა დასაჭერები ვართ. მოკლედ, ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადება ჰქონდათ.

ფოტოგრაფების მიერ მიცემული აღიარებით ჩვენებას როგორ აფასებთ?

_ ბრალის აღიარება არ არის დანაშაული… აღიარება რაღაცით უნდა გაამაგრო. დამატებითი მასალები რომ გამოაქვეყნა პროკურატურამ, ბრალდებულების სახლში გაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე, ის მასალები გრიფით საიდუმლო არ იყო. საიდუმლო დოკუმენტი მინახავს პარლამენტში ყოფნის დროს _ გრიფი თვითონ ქაღალდს ადევს. ასეთ სისულელეებს როცა გიჩვენებენ, რას უნდა ნიშნავდეს _ ესე იგი რაღაც არ გაქვს. თეთრი ძაფით ნაკერი საქმეა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც ნათელია, რომ აღიარების გარდა არაფერი აქვთ.

ასეთი რეზონანსული საქმის შემთხვევაში აღიარების მოსაპოვებლად ზეწოლა რამდენად შესაძლებელი იყო?

ზეწოლა იქნებოდა, მაგრამ ცემა და წამება არ ყოფილა. მურმან დუმბაძეც ჰყავდათ დაჭერილი 26 მაისის შემდეგ. კაცი ისე აწამეს, ფეხზე ვერ იდგა, მაგრამ არაფერი აღიარა. სტანდარტული პროცესია _ ეუბნებიან, მოგიკლავ ცოლს, შვილს… ამას ყველა პატიმარს ეუბნებიან, ვისგანაც აღიარება უნდათ. არ ეგონათ, ფოტორეპორტიორებს, რომ სისტემის წინააღმდეგ მოუწევდათ წასვლა, ამიტომ როცა აღმოჩნდნენ ასეთ მდგომარეობაში, ვერ გაუძლეს.

მახსენდება სიმონ კილაძის საქმე. ისიც დაპატიმრებული იყო ჯაშუშობაზე. ლეგალურად გადასცა საჯარო ინფორმაცია, რაზეც გაბრაზდა სააკაშვილი და დააკავეს როგორც აგენტი. მერე ვეღარ გაარკვიეს, რომელი ქვეყნის აგენტი იყო. თვითონ როგორც ამბობს, ეს დღემდე არ იცის. მიუსაჯეს რამდენიმე წელი და გამოუშვეს სამ თვეში. ფოტოგრაფების შემთხვევაშიც იგივე ვერსიას ველოდი, მაგრამ უჩვეულოდ სწრაფად გამოუშვეს.

“ენვერის” მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ასე ყოველთვის არ ხდება. “ენვერის” მონაწილეებს 12-13 წელი მიუსაჯეს

ხელისუფლება თუ დარჩა ერთი-ერთზე ქართულ საზოგადოებასთან, 25 წელს  მოგცემს და ნებისმიერ საქმეს შეგიკერავს. ფიქრობს, რომ თუ ვინმე ხმას ამოიღებს, დაიჭერს, მოკლავს, გადაასახლებს. მაგრამ აბსოლუტურად ქედმოდრეკილი, როგორც კლიენტს პატრონის მიმართ, დამოკიდებულება აქვს ამერიკასთან. ძალიან ეშინია მათი გაბრაზების. ფოტოგრაფების შემთხვევაში მოხდა ორი რამის თანხვედრა. ერთი მხრივ, ამერიკისა და ევროპის ზეწოლა, მეორე მხრივ, პროტესტი ადგილზე, რომელიც  არ გაჩერებულა. პროტესტი რომ შეწყვეტილიყო, დასავლეთი არანაირად არ იყო ხმის ამომღები, ჩათვლიდნენ, რომ მოაგვარა კაცმა საქმე.

პროტესტი არც ახლა უნდა შეწყდეს. გაგვაგებინონ, რატომ ჰყავდათ დაჭერილები. მე არ ვიძახი აქციების გაგრძელებას, მაგრამ ეს საქმე არ უნდა დაივიწყო. ორმხრივი თანხვედრა რომ არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, არავინ გამოუშვებდა ამ ხალხს იქიდან, მაგრამ ეს საპროტესტო მოძრაობა ყურად რომ არ ეღო დასავლეთს, არაფერი მოხდებოდა. სამომავლოდ ეს არის გასათვალისწინებელი _ შიდა პროტესტი და გარე ფაქტორიც, როცა ეს ორი ფაქტორი არსებობს, ხელისუფლებას უწევს უკან დახევა.

რამდენად ხშირია საქართველოში ამ ორი ფაქტორის თანხვედრა?

არ მახსენდება ასეთი ფაქტი. ჯორჯ ბუშის დროს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა სრული მხარდაჭერა. ერთადერთი გამონაკლისი იყო 7 ნოემბრის შემდეგ “იმედის” დარბევა. ამის მერე იმიჯის გამოსწორებას შეეცადნენ. მახსოვს, არჩევნებზე როგორ გამოუცხადა მხარდაჭერა, როცა ჯერ კიდევ არჩევნების შედეგები არ იყო დათვლილი. იგივეა თქვენს გაზეთთან, “კვირის პალიტრასთან” დაკავშირებით. როცა არის უცხოელების ინტერესი და შიგნით მასშტაბური პროტესტი, მაშინ ხელისუფლებას უწევს უკან დახევა. სამომავლოდ ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია. უნდა გავითვალისწინოთ ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხელისუფლების შიგნით. ახლა, როცა დაცინვის ობიექტები გახდნენ, რადგან ვერაფერი წარმოადგინეს აღიარების გარდა, რომლისაც დედამიწის ზურგზე არავის სჯერა, შინაგანად გატყდნენ.

თქვენი აზრით, ამ საქმეს არავითარი გაგრძელება არ ექნება?

არ მჯერა, რომ ვინმე დაიჭირონ. იფიქრეს, რით გაემართლებინათ ეს გაშვება და მორიგი სისულელე თქვეს _ თითქოს ამათ იმდენი ხალხი ჩაუშვეს და ისეთ ქსელზე გაიყვანეს, რომ… ქაოსი და დაბნეულობა სუფევდა ამ საქმესთან დაკავშირებით. მგონია, ბოლო მომენტში უცხოელების ჩარევა იყო დირექტიული: ვფიქრობ, წინა დღით არ გეგმავდა გაშვებას, სხვა შემთხვევაში არ გამოაქვეყნებდნენ ამ სულელურ დამატებით დოკუმენტებს, რის გამოც კიდევ ერთხელ დაცინვის ობიექტი გახდნენ.

ზოგიერთ დაკავებულს ახლო მეგობრობა აკავშირებდა პრეზიდენტის გარემოცვასთან. ამ ადამიანებზე თუ იქონიებს ფოტოგრაფების საქმე რაიმე გავლენას?

ჩინოვნიკების წრეში ამ ფაქტს არ ექნებოდა კარგი გამოძახილი, რადგან არავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. შენთვის მუშაობ, დაგატყდებიან თავზე და გამოგაცხადებენ ჯაშუშად. 2 კაპიკ ხელფასს იღებ, გგონია, ლოიალური ხარ რეჟიმის მიმართ და რა…

ირიბი ეფექტი ხომ არ ჰქონდა ჟურნალისტებისთვისაც? ახლა ყველა იმას ვარაუდობს, რომ შეიძლება თვითონაც დააკავონ.

პირიქით. ჟურნალისტებმა უნდა იგრძნონ თავისი ძალა უფრო მეტად, ვიდრე აქამდე. რომ არა მათი პროტესტი, გამოსვლები, სასტვენები, გაზეთები ერთიანი საპროტესტო სლოგანით, ეს ხალხი დღესაც ციხეში იქნებოდა. ჩასვამდნენ,  მიუსჯიდნენ, მერე შეიძლება გამოეშვათ. ჯაშუშობაში ბრალდებულის ასე მალე გამოშვება მათი ნებით? _ ეს არასდროს გაუკეთებიათ. ჟურნალისტების ადგილას, ვინც იბრძოლა, ვირწმუნებდი ჩემს ძალას. ფოტოგრაფების გამოშვება შედეგია, რადგან ხელისუფლება ვერ აღიარებდა, რომ ადამიანები ტყუილად დააკავა. ეს რომ ეთქვა, სააკაშვილის რეჟიმი ჩამოიშლებოდა, რაც იქნა მიღწეული, ისიც დიდი შედეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი