ზურაბ ქურციკიძემ და ირაკლი გედენიძემ გადაიღეს ფოტოები როგორც 21 მაისის საპროტესტო აქციების დროს, ასევე, 26 მაისს საპროტესტო დემონსტრაციის დარბევისას, რომელიც ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს საშუალებით გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ამ ფოტოების მიწოდება გიორგი აბდალაძისგან სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებმაც ითხოვეს. როგორც ქურციკიძის ადვოკატი აცხადებს, დაკავების დღეს ზურაბს სახეზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი აღენიშნებოდა, თუმცა დაკავებულმა უარი განაცხადა აღნიშნულის გასაჩივრებაზე.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ფოტორეპორტიორების საქმეში საჯაროდ იქნა წარმოდგენილი, სრულიად უსაფუძვლოა და შეუსაბამო . იმ ფაქტის გათვალისწინებით, თუ რა პირობებში აღიარა ირაკლი გედენიძემ დანაშაული, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ აღიარებითი ჩვენება მოპოვებულია ზეწოლის შედეგად. ასევე, გია აბდალაძის მიერ ბრალის აღიარება 16 ივლისს, მისი ადვოკატის მტკიცებით, ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოხდა.
სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი გარანტიები ფოტორეპორტიორთა საქმის წარმოების პროცესში. ასევე მოვუწოდებთ, რომ განახორციელონ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მივმართავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პატივი სცენ ფოტორეპოტრიორთა უფლებას, ისარგებლონ სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის მე-14 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლებით .
ასევე, მოვითხოვთ, მოეხსნას საქმეს გრიფი ”საიდუმლო”; გაუქმდეს ადვოკატების ხელმოწერილი ვალდებულება – საქმის დეტალების არგათქმაზე, ასევე გამოქვეყნდეს საქმესთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა არასაიდუმლო ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება სასამართლო პროცესამდე.
მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, აქტიურად ჩაერთონ და თვალყური ადევნონ ფოტორეპორტიორთა საქმის განვითარებას. ასევე, უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დაკავებულთა უფლებების დაცვა სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში.
ხელმომწერები:
1. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
2. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
3. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სიციალური რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი;
4. კავშირი „საფარი“;
5. ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“;
6. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი;
7. ყოფილი პოლიტ-პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის;
8. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციაცია;
9. საზოგადოებრივი დამცველი;
10. ჯანმრთელი სამყარო.