რატომ არ გავიდა 5 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგი“, რომლის მთავარი თემა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის საკითხი უნდა ყოფილიყო – დავით პაიჭაძე “ნეტგაზეთს” მიზეზებზე ესაუბრა.
„მე განზრახული მქონდა ამ თემისთვის [რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესზე ცვლილებები] მიმეძღვნა გადაცემა და წინა დღეს ფეისბუქზე სტატუსადაც კი დავდე. ვფიქრობ, და ვერ გადამიწყვეტია, ვინ მოივიწვიო-მეთქი გადაცემაში სტუმრად. მთელი მეორე დღე პატიჟისა და უარის რეჟიმში წარიმართა. ძალიან სტრესული დღე იყო. მინდოდა მოსულიყვნენ ამ საქმის მთავარი ფიგურანტები, მთავარი ჩართული და დაინტერესებული პირები თავიანთი მკვეთრი თუ არა, მყარი პოზიციებით,“ – ამბობს დავით პაიჭაძე. მისივე თქმით, გადაცემაში სურდა მიეწვია ხელისუფლების, კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “საკვანძო პოლიტიკოსი”, ვინც წარადგინა აღნიშნულ კანონპროექტი. რაც შეეხება მეორე სტუმარს, “დიალოგის” წამყვანს საპატრიარქოს წარმომადგენლის მიწვევა ჰქონდა განზრახული. პაიჭაძე ყვება, რომ 5 ივლისს დილიდანვე უკავშირდებოდა გადაცემის სავარაუდო სტუმრებს, თუმცა ცხად პასუხს არ სცემდნენ და ზუსტი პასუხის გაცემას ცოტა ხნით უვადებდნენ.
„საპატრიარქოში ჩვენ ვუკავშირდებოდით პროტოპროსვიტერ გიორგი ზვიადაძეს, ვეუბნებოდით, რომ გვინდოდა გადაცემაში მოვიდეს ვინმე და თუ თავად მოვიდოდა, მთლად უკეთესი იქნებოდა. რაც შეეხება მეორე მხარეს, მე ვურეკავდი ნუგზარ წიკლაურს. ის ვერ მაძლევდა პასუხს, იმიტომ, რომ საპარლამენტო სესია მიმდინარეობდა. მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე და მერე სულ ჭირდა მასთან დაკავშირება. ის მეუბნებოდა, რომ ცოტა ხანში დამირეკავდა. ეს გაგრძელდა გვიანობამდე, დაახლოებით 7 საათამდე. ამასობაში ჩვენ მოვაგროვეთ სხვა რესპონდენტები, მაგრამ ისინი გადაწყვეტილებების მიმღები არ იყვნენ. მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ მხოლოდ საექსპერტო ანალიზი, თუნდაც ყოველგვარი რელიგიური და პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე. პლუს კიდევ ვინმე საპარლამენტო ოპოზიციიდან, ვინც რაღაც კრიტიკულს ილაპარაკებდა. როცა დღის ბოლოს გვქონდა საუბარი, რომ ამა და ამ სტუმრების ამარა ვართ და ვინც გვინდოდა და ვინც „მარილს მიცემდა“ ამ გადაცემას, ისინი არ მოვიდნენ, მაშინ წამოიჭრა წინადადება, რომ შევეშვათ და არ გავაკეთოთ ეს გადაცემა,“ – ამბობს დავით პაიჭაძე. ჟურნალისტის თქმით, გარდა ამისა, არსებობს გადაცემის ეთერში არგასვლის რაღაც მიზეზი, რომელიც ტელევიზიას არ უკავშირდება და რომლის გამხელაც მას არ სურს.
გადაცემა „დიალოგის“ ავტორის და წამყვანის თქმით, გადაწყვეტილება, რომ ეთერში არ გასულიყო გადაცემა, „პირველი არხის“ გენერალურ პროდიუსერთან, ხათუნა ბერძენიშვილთან და „დიალოგის“ პროდიუსერთან, ნინო რამიშვილთან ერთად მიიღო.
დავით პაიჭაძის თქმით, ხუთშაბათს, 7 ივლისს, „დიალოგი“ „პირველი არხის“ ეთერში, ჩვეულებრივ, 22:00 საათზე გავა და გადაცემის თემა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებებისთვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი იქნება.
„ხვალ ეს გადაცემა ულაპარაკოდ გაკეთდება ამავე თემაზე. პრობლემა იყო ის, რომ 9-ის ნახევრამდე ველოდებოდით სტუმრებისგან თანხმობას და ვინც გვინდოდა, ის არ მოდიოდა. ცუდია, როცა დღის ბოლოს გეუბნებიან, არც ერთ ვარიანტში არ მოვალთ, არც ერთი და არც მეორე მხარე, ხელში კი გრჩება რაღაც სუროგატი. ხვალ გადაცემა იქნება და ახლა უკვე ყველა ლაპარაკობს რატომღაც უფრო თავისუფლად. სიმართლე გითხრათ, გუშინ რატომ არ შეეძლოთ ასე თავისუფლად ლაპარაკი და განცხადებების კეთება, ნამდვილად არ მესმის,“ – აცხადებს “დიალოგის” წამყვანი დავით პაიჭაძე.