აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო პირველი რანგის ქვეყნებში მოხვდა გერმანიასთან, აშშ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად. სპეციალისტთა ნაწილი ტრეფიკინგის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, ნაწილი კი უკვე მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე. “ნეტგაზეთი” საკითხთან დაკავშირებით ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსაზრებას გთავაზობთ:
ის, რომ საქართველო პირველ კალათაში მოხვდა, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის წინააღმდეგ იბრძვის, მისი მხრიდან იდგმება ნაბიჯები ამ თვალსაზრისით. ის ქვეყნები კი, რომლებიც საერთოდ არანაირ ნაბიჯს არ დგამენ, მესამე ჯგუფში ხვდებიან. ჩვენ 2007 წლიდან ვართ პირველ კალათაში. ამას წინ უსწრებდა ტრეფიკინგის მსხვერპლის დასაცავად კანონის შემუშავება. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა განყოფილება, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. 2006 წელს ასევე მოხდა კანონმდებლობის გამკაცრება, ასევე ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის თავშესაფრების მოწყობა. შემუშავებული იყო გეგმა 2005–2007 წლებისთვის, რომლის შესრულების შემდეგაც საქართველო პირველ ჯგუფში მოხვდა. თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემები ამასთან დაკავშირებით არსებობს. ნომერ პირველი პრობლემა ისაა, რომ მსხვერპლთა ადეკვატური ციფრი გამოვლენილი არ არის. ზუსტად ეს არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებშიც. საჭიროა საზღვრის გადაკვეთის შემთხვევათა გამოძიების გაძლიერება, როგორც შრომითი, ასევე სექს ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძება, ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია და მეტი ყურადღების მიქცევა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს ადამიანები დასჯილი არ იყვნენ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის და ყალბი საბუთების გამოყენებისთვის. ე.ი არსებობს ასეთი ფაქტებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში რეკომენდაციებში არ მოხვდებოდა. რეკომენდაციების მიხედვითვე, უნდა გაგრძელდეს ფინანსირება მსხვერპლთა პროგრამების ფარგლებში, ასევე, უნდა გაძლიერდეს სამართალდამცავთა შორის საერთაშორისო თანამშრომლობა, გაიზარდოს საკონსულოების თანამშრომელთათვის ტრეფიკინგთან დაკავშირებით ტრენინგების სიხშირე, გაგრძელდეს აქტიური სკრინინგი თვითონ სასაზღვრო პუნქტებზე და მესაზღვრეებისთვის მსხვერპლთა იდენტიფიცირების საშუალებები უნდა გაიზრდოს. ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო არ გამოყოფს თანხებს არასამთავრობოებისთვის, რათა მათ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ იმუშაონ. არადა, ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან ტრეფიკინგის დროს, მსხვერპლს პოლიციური სტრუქტურების ეშინია და მათ არ მიმართავს. თუმცა, მათ არასამთავრობო ორგანიზაციებში თავისუფლად შეუძლიათ მოსვლა. საქართველოში არც ერთი რიგითი არასამთავრობო არ მუშაობს ტრეფიკინგის საკითხებზე, რადგან ამის ფინანსური საშუალება მათ არ გააჩნიათ. ჩვენამდე მსხვერპლი ვერც აღწევს. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფომ ეს სამუშაო საკუთარ თავზე აიღო, თუმცა მან არ უნდა დაივიწყოს ის, რომ არასამთავრობოებთანაც უნდა ითანამშრომლოს მეტი ეფექტისთვის. მე ვერ შევაფასებ საქართველოს მთავრობის მუშაობას ამ სფეროში, რადგანაც მე არ მაქვს მონიტორინგის საშუალება. მე შემიძლია სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშები ვიკითხო და უკვე ამ მოყვანილი ციფრებიდან მათი მუშაობის შეფასება გავაკეთო. მე შემიძლია იმის თქმა, რომ იმის მიუხედავად, რომ დაფინანსება იზრდება, იმ მსხვერპლთა რაოდენობა იკლებს, რომელსაც ისინი ემსახურებიან. ამას სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ამბობს და არა – მე. ჩვენ გვქონდა ძალიან ხარისხიანი წინგადადგმული ნაბიჯი 2004–2005 წლებში, როდესაც საქართველო 2004 წელს კინაღამ მოხვდა მესამე ჯგუფში. იმ დროს ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო ამ მაღალ დონეზე მოხვედრილიყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი სახელმწიფო სტრუქტურებს გადავეცით, არაფერი შეცვლილა. მსხვერპლთა რიცხვი, რომელიც მათ მიმართავს, კლებულობს. 2009 წელს სახელმწიფომ ტრეფიკინგის არც ერთ მსხვერპლს ფინანსური კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით არ მისცა. ანგარიშში წერია კიდეც, რომ ეს ფული არავინ მოითხოვა. თუმცა, ეს შეუძლებელია, როგორ არ მოითხოვა? ტრეფიკინგის მსხვერპლს როგორ არ დაჭირდა ფული? ის, რომ მსხვერპლთა რიცხვი იკლებს, ეს მოხდა იმიტომ, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის უფრო დიდი ნაწილი სახელმწიფომ იტვირთა და მსხვერპლი თანამშრომლობაზე არ მოდის. აქ უნდა იყოს ასეთი მეთოდოლოგია: მათთან ჯერ არასამთავრობოებმა უნდა იმუშაონ და მათი დახმარებით უნდა მივიდეს ადამიანი შემდეგ უკვე სახელმწიფო უწყებებთან. ადამიანს ეშინია, ჰგონია, რომ დამნაშავეა და არ იცის, რომ კანონმდებლობის თანახმად ის არ დაისჯება. | აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანაგრიშებში 2007 წლიდან სულ პირველ კალათაში ვიმყოფებით. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ წელს ყველაზე ცოტა რეკომენდაციები გვაქვს. რეკომენდაციის ქონა ცუდი არ არის, პირიქით, კარგია. წინა წლების რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიერ გაზიარებულ იქნა და ჩემი აზრით, სწორედ ამით არის განპირობებული ახალი რეკომენდაციების მოცემა, რომლის შესრულებაზეც სახელმწიფო იმუშავებს. რაც შეეხება პრობლემებს, სასურველია, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დადგინდეს, მაგრამ ტრეფიკინგი დაფარულ დნააშაულს განეკუთვნება და მსგავსი ტიპის დანაშაულის სპეციფიკა ისაა, რომ სტატისტიკა არც ერთ ქვეყანაში არ გამოხატავს რეალურ ვითარებას. თუმცა, სურვილის იმისა, რომ სტატისტიკა რეალობას რაც შეიძლება მიუახლობდეს, ამ კუთხით მუშაობა ცუდი არ არის, მაგრამ აღიარებულია, რომ დაფარული დანაშაულის შემთხვევაში, როგორიცაა ტრეფიკინგი, გაუპატიურება, ომის დროს ჩადენილი დანაშაულებები და ა.შ. სტატისტიკა რეალობისგან განსხვავდება. ეს არ არის დამამშვიდებელი, მაგრამ თვითონ ამ დანაშაულის ბუნება არის ასეთი. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში პირდაპირ წერია, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლმა თუ დანაშაული ჩაიდინა ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის გამო, ის თავისუფლდება სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, პასპორტის გაყალბების გამო, ასევე, ყველა სხვა დანაშაულისგან. შესაბამისად, ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყოს ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულის გამო. მე რეგულარულად ვეცნობი შსს-ს მიერ წარმოებულ ინფორმაციას და მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ტრეფიკინგის მსხვერპლი მომართავს სახელმწიფო ფონდს და ამ თანხას ფონდი გასცემს და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეს მოთხოვნა არ დაეკმაყილებინოთ. რაც შეეხება მსხვერპლთა რაოდენობის კლებას, ეს ძირითადად ორი ფაქტორის გამო ხდება – ერთია ის, რომ პრევენციული ღონისძიებები გაიზარდა და მეორე: საქართველოს ჰქონდა მიმღები, სატრანზიტო და დონორი ქვეყნის ფუნქცია. 2008-ში, 2009-სა და 2010 წელს ჩვენ შეგვისუსტდა მიმღები ქვეყნის ფუნქცია, რადგან კონფლიქტური სიტუაციის გამო არ ხდებოდა ადამიანთა გადაბირება საქართველოში კარგი სამუშაო პირობების დახვედრების მიზნით. სწორედ ამიტომ, მიმღები ქვეყნის ფუნქციის დაკარგვის გამო, იკლო ტრეფიკინგის შემთხვევებმა. არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საქართველოში არასამთავრობოები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში არ არიან ჩართული. არასამთავრობოების ჩართულობა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანია და ეს ასეც არის. პრეზიდენტთან არსებული ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საბჭოში მოწვეული წევრების სტატუსით არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორსო ორგანიზაციებიც, მათ შორის: ”მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია”, ”ქალები მომავლისათვის”, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, ”თანადგომა”, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული აქტიური პარტნიორი იყო და ეს ორგანიზაცია სარფის საბაჟოსთან ქვეყანაში შემომსველელებისა და გამსვლელების მონიტორინგს აწარმოებს და მათ ინფორმაციას აწვდის ტრეფიკინგის შესახებ. ჩვენი რეფერირების სიტემა ასეა აწყობილი, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ჩვენ მოგვმართავს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, ინფორმაცია ავტომატურად ჩვენთან მოდის. ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარება მხოლოდ გამოძიებისას არ ხდება. ის, ვინც ვერ თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველის ოფისს, ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ან უშუალოდ ჩვენ. ჩვენ გავქვს თავშესაფარი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, სადაც ამჟამად დაახლოებით 9 ადამიანი იმყოფება. |