კომენტარი

ნიკა ლალიაშვილი: «რვიანი» აღარ არსებობს»

27 ივნისი, 2011 • 1275
ნიკა ლალიაშვილი: «რვიანი» აღარ არსებობს»

ხელისუფლების წინადადებებს «რვიანისადმი», «ახალი მემარჯვენეების» შემდეგ «ქრისტიან–დემოკრატებიც» დათახმდნენ. დანარჩენი ექვსი პოლიტიკური პარტიისთვის კი ეს წინადადებები მიუღებელია და ისინი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. რატომ გახდა ხელისუფლების წინადადებები მისაღები «ქრისტიან–დემოკრატებისთვის» და როგორ აფასებენ ისინი «რვიანის» როლსა და მისიას, ამ საკითხებზე «ნეტგაზეთს» ქდმ–ის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა ლალიაშვილი ესაუბრა:

– «რვიანის» შემადგენელმა ექვსმა პარტიამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ არ ეთანხმებიან ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ წინადებებს და აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას. თქვენ აპირებთ თუ არა მათთან, ანუ «რვიანთან» ერთად ბრძოლის გაგრძელაბას?

– მე ვფიქრობ, რომ «რვიანმა» შეასრულა თავისი ფუნქცია. თქვენ იცით, რომ ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის მქონე პარტიების გაერთიანება. ეს გაერთიანება იყო მხოლოდ ერთი პრინციპის ირგვლივ და ეს პრინციპი ითვალისწინებდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ეს იყო მთავარი. ყველა სხვა, ძირითად, ფუნდამენტურ საკითხში ჩვენ გვაქვს და გვქონდა სერიოზული, მნიშვნელოვანი განსხვავებები ამ პარტიების პოლიტიკური ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობისაგან და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც «ახალმა მემარჯვენეებმა» გააკეთეს თავისი არჩევანი,  პრაქტიკულად, «რვიანმა» ამით ფუნქციონირება შეწყვიტა. ამ გაერთიანებამ თავისი მისია შეასრულა. ის, რაც ამ გაერთიანების თითოეულმა წევრმა პარტიამ  თავისი მტკიცე პოზიციით დღემდე მოიტანა და შეძლო ის, რომ ხელისუფლებისთვის ხელიდან გამოეგლიჯა ეს მნიშვნელოვანი დათმობები, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე მიღწევა, «რვიანის» ისტორიის კუთვნილება და იგი ისტორიაში შევა, როგორც მართლაც ძალიან წარმატებული პროექტი.

აწი ჩვენ ყველანი შევდივართ უკვე  სრულიად ახალ რეალობაში, ამ რეალობას ჰქვია წინასაარჩევნო კამპანიისათვის მზადება და მიუხედავად იმისა, პარტიებმა მხარი დაუჭირეს თუ არა ხელისუფლების შემოთავაზებას, აპირებენ თუ არა, გააგრძელონ ბრძოლა რაიმე სხვა ფორმით, ან შეიძლება ეს ერთიანობა გადაიზარდოს რაიმე სხვა სახის ერთიანობაში, გახდეს უკვე პოლიტიკური ალიანსი, ან წინაასარჩევნო ალიანსი, ეს უკვე ნამდვილად მათი გადასაწყვეტია, მათი არჩევანია. საბოლოო ჯამში, ყველას მოგვიწევს მონაწილეობის მიღება არჩევნებში, წინასაარჩევნო კამპანიისათვის მზადებაში. ჩვენ უკვე აქტიურად ვაპირებთ ამის დაწყებას სექტემბრიდან. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, უკვე ვფიქრობ, რომ ავტომატურად იგულისხმება «რვიანი» დაშლილად.

– ანუ თქვენ გამოეთიშეთ «რვიანს»…

– «რვიანი» აღარ არსებობს ბუნებაში. დარჩა ექვსი პოლიტიკური პარტია და ეს «რვიანი» აღარ არის. ამას ახლა სხვა რაღაც ჰქვია. არ ვიცით, რა პირობით, რა ფორმატით გაერთიანდებიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში,  ის ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენ ვიწყებთ ძალიან სერიოზულ მზადება წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

– კონკრეტულად რომელი წინადადება მიგაჩნიათ საარჩევნო გარემოს გაუმჯებესებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად?

– ძალიან ბევრი იყო ასეთი. თითქმის ყველა წინადადება, რაც იქ არის მინიშნებული, არის წინგადადგმული ნაბიჯი. ბევრად უკეთეს ვითარებას ვიღებთ და ამაში ვერავინ ვერ შეგვედავება”: ხელისუფლებას ძალიან არ უნდოდა  არც პროპორციული მანდატების რაოდენობის გაზრდა, არც ის, რომ იყო სხვა ლაპარაკი სიებთან დაკავშირებით და არ უნდოდა ამ ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ სწორედ «რვიანის» თანმიმდევრულმა პოზიციამ და  პლიუს ჩვენი დასავლელი პარტნიორების საკითხისადმი ძალიან პრინციპულმა მიდგომამ, ხელისუფლებას ხელიდან გამოგლიჯა ეს დათმობები.

– პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ პარტიების დაფინანსების საკითხი, რომელიც ხელისუფლების წინადადებებში გაჩნდა, სწორედ «რვიანიდან» მოდიოდა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

– კი, კი, რა თქმა უნდა. «რვიანში» ყოველთვის განიხილებოდა დაფინანსების გაზრდის საკითხი.

ეხებოდა ეს საკითხი დაფინანსების მილიონ ლარამდე გაზრდას?

– რა თქმა უნდა, ვინც გადალახავდა ბარიერს, უნდა მიეღო გარკვეული ანაზღაურება და თქვენ იცით, რომ ამ მხრივ პარტიები ძალიან მწირ ფინანსურ რესურსს ფლობენ და ეს, ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო პროგრესულია ამ შეთანხმებაში, რადგან პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ თავისი ბიუჯეტი ისე განსაზღვრონ და გათვალონ, რომ შედეგი მართლაც დადონ წინაასარჩევნო კამპანიისთვის, იქნება ეს შესაბამისი პროპაგანდის ჩატარება, რეკლამა თუ ა.შ. იცით, რომ არჩევნებს დიდი ფული ჭირდება. ასე რომ, ამ შემთხვევაში ეს მართლაც ძალიან პროგრესული ნაბიჯია.

მასალების გადაბეჭდვის წესი