“ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯით ისევ აირჩია ულტიმატუმის, პოლიტიკური ვაჭრობის, შანტაჟის გზა და ფაქტობრივად უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე. ჩვენთვის მიუღებელია პრინციპი – ან დაგვეთანხმეთ, ან ჩვენ ჩვენსას მაინც გავიტანთ“, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც ხელისუფლების შეთავაზებებზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით განცხადება ოპოზიციურ რვიანში შემავალი 6 პარტიის სახელით გააკეთა.
“მოლაპარაკებები უნდა დაეფუძნოს საარჩევნო სისტემის გამოსწორებას და არა არასრულყოფილ წინადადებებზე დათანხმებული პარტიებისთვის ფულის შეთავაზებას. ასეთ გარიგებაში მონაწილეობა ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ შეთანხმებად”, აცხადებს 6 ოპოზიციური პარტია.
“პოლიტიკური პროცესების სწორად წარმართვის ერთადერთ გზად მიგვაჩნია, შეთანხმებების გზით აღმოიფხვრას ის ნაკლოვანებები, რომლებიც საარჩევნო გარემოს უსამართლობას განაპირობებს. ჩვენ ბრძოლას გავარძელებთ სამართლიანი არჩევნებისთვის. და ამ გზით ხელისუფლების შესაცვლელად ერთად გადავიქცევით ფართომასშტაბიან სამოქალაქო მოძრაობად და ხალხთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას”, განაცხადა ალასანიამ.
განცხადებას, რომელიც ოპოზიციური რვიანის სახელით ირაკლი ალასანიამ გააკეთა, ხელს აწერს 6 პოლიტიკური პარტია. განცხადებას ხელი არ მოაწერეს ქრისტიან –დემოკრატებმა და “ახალმა მემარჯვენეებმა”. “ოპოზიციური რვიანი” ფაქტობრივად დაიშალა.





