კომენტარი

ნონა გაფრინდაშვილი: მე არ ვარ პოლიტიკაში, მე პოლიტიკაზე მაღლა ვარ

25 ივნისი, 2011 • • 1651
ნონა გაფრინდაშვილი: მე არ ვარ პოლიტიკაში, მე პოლიტიკაზე მაღლა ვარ

რატომ არ გადაინაცვლეს 25 მაისს შეკრებილებმა პარლამენტის შენობიდან სხვა ადგილას, აქვთ თუ არა ინფორმაცია ”დაკარგული მომიტინგეების”  შესახებ და რა გეგმები აქვს სახალხო კრებას – ამ და სხვა კითხვებს სოციალურ ქსელ ფეისბუქშიწარმომადგენლობითი სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი ერთი საათის მანძილზე პასუხობდა.

ონლაინ–კონფერენცია 24 ივნისს შედგა, საღამოს რვა საათზე დაიწყო და 21 საათამდე გაგრძელდა.

კითხვაზე, რატომ არ მიიღო სახალხო კრებამ გადაწყვეტილება, მერიის გაფრთხილება შეესრულებინა და აქციის გამართვის ადგილი შეეცვალა, გაფრინდაშვილმა განაცხადა:

”ჩვენ მერიის წარმომადგენლებს ვაჩვენეთ კონსტიტუცია (24 მუხლი), რის მიხედვითაც  იქ დგომის უფლება გვქონდა. თუნდაც უკანონოდ ვმდგარიყავით, ხელისუფლებას იქ სასაკლაოს გამართვის უფლება არ ჰქონდა. ქუჩაში დგომისთვის ხალხის ხოცვას რაიმე გამართლება აქვს?”

კითხვაზე,  არის თუ არა დაკარგული მომიტინგეთაგან ვინმე გამოჩენილი, ან ცოცხალი, ან მკვდარი, გაფრინდაშვილმა განაცხადა:

”ჩვენ გვინდოდა აღრიცხვის გაკეთება, მაგრამ ოჯახები დუმან, რადგან ხელისუფლება მათ აშინებს. ჩვენი ინფორმაციით, დაკარგულებს შორის დაღუპულებიც არიან.

კითხვები ეხებოდა მიზეზებს, თუ რატომ არის ნონა გაფრინდაშვილი პოლიტიკაში და მიაღწევდა თუ არა სახალხო კრების იდეა მეტ წარმატებას პოლიტიკოსების გარეშე.

გაფრინდაშვილმა თქვა, რომ ის პოლიტიკაში არ არის და პოლიტიკაზე მაღლა დგას. ეს მისი ქვეყნის გადარჩენაა. ხოლო რაც შეეხება პოლიტიკოსებს, რომლებთან ერთადაც ის სახალხო კრებაშია, განაცხადა, რომ 26 მაისს კიდევ ერთხელ დარწმუნდა ბურჯანაძისა და შაშიაშვილის გულწრფელობაში

ხოლო კითხვაზე, თუ გულწრფელები იყვნენ, რატომ დატოვეს 26 მაისის აქცია პირველებმა, როცა  პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო, გაფრინდაშვილმა განაცხადა:”

”იქ ვერავინ ვერავის ვერ მიატოვებდა. ხალხი ალყაში იყო.  ლიდერთაგან 26 მაისს ხალხი არავის არ მიუტოვებია. ”

არის თუ არა აქციები გამოსავალი? – ამ ტიპის კითხვა ინტერნეტის რამდენიმე მომხმარებელმა დასვა. ”ხალხი დაიღალა ამ გამოსვლებით”, ” არის თუ არა სხვა გზა აქციების გარდა” – ამ ტიპის კითხვებზე ნონა გაფრინდაშვილმა ასე უპასუხა:

”ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიული არჩევნებისთვის. ვინაიდან ეს რეჟიმი არ აპირებს არჩევნების დემოკრატიული გზით ჩატარებას, ჩვენ უნდა შევცვალოთ იგი და შემდეგ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები”.

”ბრძოლის მეთოდებს” რაც შეეხება, გაფრინდაშვილის თქმით, მეთოდები შეიძლება შეიცვალოს. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა მიმართულებით.

გაფრინდაშვილმა ონლაინ–კონფერენციაზე უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა სახალხო კრება ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან გაერთიანებას, რაზეც საბჭოს თავმჯდომარემ უარყოფითი პასუხი გასცა.

სახალხო კრების წევრების ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც შს სამინისტრომ გამოაქვეყნა, გაფრინდაშვილმა თქვა, რომ ”ყველაფერი დამონტაჟებულია”.

”ფარული ჩანაწერები იურიდიულად მტიცებულებას არ წარმოადგენს, თუმცა, ჩვენ მაინც ვაპირებთ ექსპერტიზის გაკეთებას. მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებამ ამის უფლება მოგვცეს ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი