ფულადი კომპენსაციის მიღების წესი დადგენილია კანონით `საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ~, ასევე ,,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით”.
ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს პირს, რომელმაც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. რეპრესირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს. კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან: მშობელი, მეუღლე და შვილები.
ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა ხდება ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელის შეტანის გზით. სარჩელს შეტანის უფლება აქვთ რეპრესირებულს ან მისი გარდაცვალების შემთხვევაში, მის პირველი რიგის მემკვიდრეს. ასეთ სარჩელს განიხილავს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.
რა დოკუმენტები უნდა დავურთოთ სარჩელს?
რეპრესირებული პირის მიერ სარჩელის შეტანის შემთხვევაში სარჩელს უნდა დაერთოს:
სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ;
პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის შეტანის შემთხვევაში სარჩელს უნდა დაერთოს:
• სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ;
• მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამკვიდრო მოწმობა, ხოლო თუ სამკვიდრო მოწმობის აღება შეუძლებელია, საჭიროა რეპრესირებული პირის გარდაცვალებისა და პირველი რიგის მემკვიდრის დაბადების მოწმობები);
• თუ არსებობს რამოდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ეს მემკვიდრეები უთმობენ ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს, სარჩელს უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ. მაგალითად, თუ გარდაცვლილ რეპრესირებულ პირს ყავს 4 პირველი რიგის მემკვიდრე, შეიძლება სარჩელი შეიტანოს ოთხივემ ერთად ან სამმა მათგანმა, ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება სანოტაროდ დამოწმებული გარიგების საფუძველზე გადასცეს ერთ-ერთ მათგანს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ვერ ხერხდება ზემოაღნიშნული გარიგების შედგენა და სარჩელი ყველა პირველი რიგის მემკვიდრეს არ შეაქვს, მაშინ სარჩელში უნდა მიეთითოს სხვა პირველი რიგის მემკვიდრეთა სახელი, გვარი, მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია.
• შინაგან საქმეთა ან ყოფილ უშიშროების სამინისტროს არქივიდან ცნობა განხორცილებეული რეპრესიის სიმძიმისა და რეაბილიტაციის შესახებ, თუ ამ გარემოებების შესახებ ზუსტად არ არის აღნიშნული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
რა ოდენობის თანხა შეიძლება მოვითხოვოთ კომპენსაციის სახით?
კანონით არ არის დადგენილი ფულადი კომპენსაციის ზუსტი ოდენობა. თითოეულ შემთხვევაში თანხის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო. თუმცა, აუცილებელია, რომ სარჩელში კონკრეტულად მიეთითოს, თუ რა თანხას ითხოვს მოსარჩელე (მაგალითად 15000 ლარი).
რა გარემოებებზეა დამოკიდებული ფულადი კომპენსაციის ოდენობა?
კანონის თანახმად, ფულადი კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია რეპრესიის ფორმის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე, აგრეთვე, რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ობიექტურ ფაქტორებზე. შესაბამისად, სარჩელს შეიძლება დაერთოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები (მაგალითად, ჯანმრთელობის ცნობა, სოციალურად დაუცველის მოწმობა, რეპრესირებულისათვის ქონების ჩამორთმევის ცნობა და ა.შ. ასევე ფოტოები, სტატიები და სხვა ცნობები, თუ ეს ინფორმაცია რეპრესიებს უკავშირდება).
სასამართლო ხარჯები:
პირები, რომლებიც მიმართვენ სასამართლოს მსხვერპლად ცნობის ან კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, არ იხდიან საქმის განხილვისთვის დადგენილ სახელმწიფო ბაჟს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
• კანონის თანახმად, რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე მემკვიდრეზე გაიცემა ერთიანი ფულადი კონპენსაცია; ანუ ფულადი კომპენსაციის ოდენობაზე გავლენას არ ახდენს პირველი რიგის მემკვიდრეთა სიმრავლე.
• თუ პირი თავადაც არის რეპრესირებული და ასევე არის გარდაცვლილი რეპრესირებულის პირველი რიგის მემკვიდრე, მიზანშეწონილია ასეთმა პირმა კომპენსაცია მოითხოვოს ორი ან მეტი საფუძვლით, რათა უფრო მეტი თანხა მიიღოს.
რედაქცია: თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ დაწეროთ აქვე, კომენტარებში და ჩვენ მოვიპოვებთ და მოგაწვდით შესაბამის პასუხებს.
