ნეტგაზეთი | ლევან ვეფხვაძე: „შემოთავაზებული კანონი ხელყოფს ყველაზე მთავარს“ ლევან ვეფხვაძე: „შემოთავაზებული კანონი ხელყოფს ყველაზე მთავარს“ – Netgazeti
RU | GE  

ლევან ვეფხვაძე: „შემოთავაზებული კანონი ხელყოფს ყველაზე მთავარს“

დღეს საქართველოს პარლამენტი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით იხილავს. ცვლილებების პროექტის ავტორები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები არიან. წარმოდგენილი ცვლილებების შესახებ საკუთარი შენიშვნები გაუზიარა «ნეტგაზეთს» პარლამენტის წევრმა “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან” ლევან ვეფხვაძემ.

20– მეტრიანი რადიუსი

არის მცდელობა, რომ გადაწყვეტილება,რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, გაუქმდეს და დაუბრუნდეს 20– მეტრიან რადიუსს და ეს კეთდება სხვა ფორმით. საკონსტიტუციო სასამართლო საუბრობს, რომ ორ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს შეზღუდვა. პირველი, ეს არის უსაფრთხოების საკითხები. როდესაც შენობაში არიან შეიარაღებული ადამიანები, დაცული უნდა იყოს გარკვეული მანძილი, მეორე – ეს არის ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება. ბუნებრივია, ამ ორ პრინციპს ჩვენც ვიზიარებთ. თუმცა შემოთავაზებული ვარიანტი ხელყოფს მთავარს. შემოთავაზებულ ვარიანტში ადამინისტრაციულ ორგანოს თვითონ ეძლევა შესაძლებლობა, დააწესოს 20–მდე შეზღუდვა, რამაც ავტომატურად შეიძლება გამოიწვიოს აქციის ჩატარების შეუძლებლობა.

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, თუ ქუჩის გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი არ არის შეკრებილი, ქუჩა არ უნდა გადაიკეტოს, მაგრამ თუკი ადამინისტრაციული ორგანო შენობასთან 12–მდე რადიუსში და  ტროტუარი 10 მ სიგრძის იქნება, ავტომატურად ქუჩაში დგომა გიწევს, რაც აფერხებს მოძრაობას. რისი შედეგიც შეიძლება იყოს თვითმმართველობის გადაწყვეტილება, აღკვეთოს შეფერხება. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ასეთი გადაწყვეტილება. იურიდიულ კომიტეტში გუშინ ჩვენ გამოვთქვით შენიშვნა, რასაც იმედი მაქვს, გაიზიარებენ. ჩვენი აზრით, ადმინისტრაციულ ორგანოს, ფუნქციონირებიდან გამომდინარე, უნდა ჰქონდეს შეზღუდვის უფლება, მაგრამ ეს უფლება არ უნდა გამორიცხავდეს აქციის ჩატარების შესაძლებლობას.

მთავრობა, როგორც აქციის დაშლის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო

ძალიან უცნაურია მთავრობის, როგორც აქციის დაშლის ერთ–ერთ სუბიექტად გამოჩენა. ახლა აქციის დაშლა თვიმმართველობის გადაწყვეტილებით ხდება. კანონპროექტში წერია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს შეუძლია გააკეთოს საქართველოს მთავრობამ. კანონპროექტში არ არის განსაზღვრული, რა არის განსაკუთრებული ნორმა. ჩვენი აზრით, ეს არის თვითმმართველობის კომპეტენციაში ჩარევა. ეს არის თვიმმართველობის ევროპული ქარტიის ხელყოფა. აქ საუბარია თეორიულ შესაძლებლობაზე, როდესაც თვიმმართველობა არის ერთი, ხელისუფლება მეორე პარტიის წარმომადგენელი. ვთქვათ, ტარდება აქცია და თვიმმართველობა არ იღებს გადაწყვეტილებას აქციის დაშლის შესახებ, რომელიც კანონის ფარგლებს გასცდა. ასეთი თეორიული შესაძლებლობა ნიშნავს, რომ თუ მთავრობა მიიღებს აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილებას, ის ფაქტობრივად ომს გამოუცხადებს თვიმმართველობას. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, რომ მსგავსი რამ კანონში არ არსებობდეს. ამ კონტექსტიდან მთავრობა უნდა ამოვარდეს.

რას ნიშნავს შენობის შეურაცხყოფა?

შენობების შეურაცხყოფის საკითხი არის ძალიან პირობითი. ან რაიმე კონკრეტული უნდა მოიფიქრონ, ან დატოვონ ის, რაც ახლა არის. ჩვენ გვაქვს ისეთი პრეცედენტები, როდესაც შენობას ესროლეს კვერცხი. არის თუ არა ეს შეურაცხყოფა? მე ვფიქრობ,რომ არ არის, რადგან ეს არის პროტესტის გამოხატვა და არ უნდა იყოს შეზღუდული.

აკრძალული საგნები

ძალიან რთულია იმ საგნების დადგენა, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება შექმნას გარკვეული საფრთხე. მაგალითად, მიჭირავს ბოთლი და ვსვამ კოკა–კოლას, შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს ბოთლი საფრთხის შემცველია. პრობლემას ის ქმნის, რომ არ არის ჩამონათვალი, რა საგნები შეიძლება იყოს აკრძალული. ეს არის ძალიან ზედაპირული.

პროპორციულობა – „გაურკვეველი ტერმინი»

ჩვენ ვსაუბრობთ სრულიად გაურკვეველ ტერმინზე, პროპორციულობაზე. იმაზე, რასაც ჰქვია აქციის ჩატარება და ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის, ბიზნესის ხელშეუვალობა, რაც არის, ასევე, ძალიან სახიფათო. ჯერ ერთი, ვერ გავიგეთ, რას ნიშნავს შესაბამისი ორგანო, რომელიც პროპორციულობას დაადგენს. მეორე, რთული გადაწყვეტილების წინაშე დადგება პროპორციულობის დამდგენი სუბიექტი, თუ ის იქნება მიკერძოებული. თუ არ მოსწონს მას აქცია, ის აუცილებლად მოძებნის საბაბს, რომ აქცია დაიშალოს. მაგალითად, აქცია ხელს უშლის მზესუმზირის გამყიდველს, მზესუმზირის გაყიდვაში. ეს გამომრიცხველი ფაქტორები მაქსიმალურად უნდა ამოვარდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე