კომენტარი

თეა თუთბერიძე: „სამინისტრო სკოლების დირექტორებს საკუთარი კადრებით ჩაანაცვლებს“

21 ივნისი, 2011 • 1077
თეა თუთბერიძე: „სამინისტრო სკოლების დირექტორებს საკუთარი კადრებით ჩაანაცვლებს“

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია დღეიდან, 21 ივნისიდან, რამდენიმე ათეულ სკოლაში სკოლის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლას იწყებს. გენინსპექციის სკოლებში შესვლის მიზეზად სამინისტრო მოსწავლეთა საატესტატო გამოცდების დროს სასწავლო დაწესებულებების დაბალ აკადემიურ მოსწრებას ასახელებს. კითხვით, შეიძლება თუ არა მოსწავლეთა დაბალი საგამოცდო შედეგები სკოლის ადმინისტრაციის საქმიანობის განხილვის საგანი გახდეს, ნეტგაზეთმა „დირექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორს, თეა თუთბერიძეს მიმართა:

„მოსწავლეების მიერ საატესტატო გამოცდებზე ბარიერის გადალახვა და არგადალახვა მხოლოდ სკოლაზე არ არის დამოკიდებული. რეალურად, რაც უნდა გაკეთებულიყო რეფორმის ფარგლებში, არ გაკეთდა. განათლების რეფორმა მოიცავდა სკოლების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული სკოლის განვითარებისთვის. ეს გაზრდიდა სკოლებს შორის კონკურენციას. ისინი იზრუნებდნენ იმაზე, რომ მოეზიდათ უკეთესი პედაგოგები, ვიდრე ახლა ჰყავთ და თავად მიიღებდნენ ყველანაირ გადაწყვეტილებას, მათ შორის, ვის გაუშვებდნენ და ვის მოიყვანდნენ, ვის რამდენს დაუნიშნავდნენ ხელფასს და ა.შ. შესაბამისად, სწავლების ხარისხიც მაღალი იქნებოდა. თუმცა, ამის უფლება სკოლებს არ მიეცა და ახლა იმაზე საუბარი, რომ თურმე ბარიერი ვერ გადალახეს, ეს არის სასაცილო, ვინაიდან განათლების სამინიტრომ სკოლებს თავად შეუშალა ხელი ამ ყველაფრის განხორციელებაში. სკოლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში დამოუკიდებლები არ ყოფილან.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროს მასწავლებლებისთვის უნდა ჩაეტარებინა სხვადასხვა გამოცდა, გადამზადებები არა მხოლოდ ერთ და ორ საგანში, მას უნდა ეზრუნა განათლების სისტემის დაფინანსების გაზრდაზე და  მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 3–4 %–ის ნაცვლად 7–8% უნდა დაეხარჯა ამ სფეროსთვის. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და გასაკვირი არ არის, რომ ვიღაცამ ვერ გადალახა ბარიერი. ისიც კი გასაკვირია, ვინც გადალახა, ე.ი დაბალი სტანდარტი იყო.

არსებობს თუ არა პრაქტიკა სხვა ქვეყნებში, როდესაც გენერალური ინსპექცია ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლის მიზნით სკოლებში შედის?

რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე USAID-ის ექსპერტებთან მქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ გენერალური ინსპექციისგან სხვადასხვა საკითხზე დასკვნების მოთხოვნას ვაპირებდი, მათ გაკვირვებულებმა შემომხედეს და მკითხეს, გენერალური ინსპექცია ისევ შედიოდა თუ არა სკოლებში.

ანუ საერთაშორისო სტანდარტებით გენერალური ინსპექციის სკოლებში შესვლა არ ხდება?

ის, რაც დღეს განათლების სამინისტროში კეთდება, ეს შაშკინის სტანდარტებია. ყოველივე ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შაშკინს ამაზე პასუხს არავინ თხოვს. უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარია, თავად მშობლებისა და ამ პროცესში ჩართული ადამიანების დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. თუნდაც, იმის მიმართ, რომ სკოლებში შესაბამისი განათლების დონე დაბალია. როდესაც ჩემი შვილი შევა სკოლაში,  ნამდვილად ვიცი, რა მოთხოვნები მექნება სკოლის მიმართ. რატომ არ უჩნდებათ მოთხოვნები მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, არ ვიცი.

რა ფორმით შეუძლია მშობლებს პროტესტი?

შექმნან ასოციაციები, გაერთიანებები. იმუშაონ, რომ სკოლა იძლეოდეს განათლებას და მხოლოდ ფორმალური ხასიათი არ ჰქონდეს ამ ყველაფერს. მოითხოვონ რეალური ნაბიჯები და რეფორმები, რადგან დღეს რაც ხდება, არის მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება, თითქოს, რაღაც კეთდება. ერთ საინფორმაციო გამოშვებაში სამი და ოთხი სიუჟეტი რომ გაკეთდება შაშკინზე, ფიქრობენ, რომ რეფორმა მართლა გატარდა. მთელი სამინისტრო სიუჟეტების მომზადებაზეა გადასული და მერე ამ სიუჟეტებს ტელევიზიიდან ტელევიზიაში დაარბენინებენ.

იქნებ ვინმემ იკითხოს – ეროვნული გამოცდები იყო რეალური რეფორმა? ეს არის ის, რაც აიძულებს ოჯახს, შვილი მოამზადოს იმისთვის, რომ მან გამოცდების ჩაბარება შეძლოს, რადგან სკოლა იმ განათლებას ვერ იძლევა, რაც ამ გამოცდების ჩასაბარებლად არის საჭირო.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ვფიქრობ, რომ მოხდება გარკვეული ადამიანების ჩანაცვლება საკუთარი კადრებით, ეს არის ამ ყველაფრის მიზანი.

 

ამავე თემაზე:

გენინსპექცია სკოლებში

მასალების გადაბეჭდვის წესი