ახალი ამბები

ბათუმის ბულვარის საქმე

2 ივნისი, 2011 • 1085
ბათუმის ბულვარის საქმე

12 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან იმ დოკუმენტების ჩამონათვალი გამოითხოვა, რომლის საფუძველზეც ამ სააგენტომ საქართველოს რკინიგზას ბულვარის ცენტრალური შესასვლელის განადგურების უფლება მისცა. სოფო ლაზიშვილის სამსახურმა, ანუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, 20 მაისს საიას აცნობა, რომ დოკუმენტები, რომლებსაც ის ითხოვს, საიდუმლოა.

“ჩვენ მოვითხოვეთ სხდომის ოქმი, რომლითაც გადაწყდა ნებართვის მიცემა და შესაბამისი მასალები _ განცხადება და პროექტი.

მათ მოგვწერეს, რომ მასალები, რომლებიც წარმოადგენს საჩივრის საფუძველს, არის კონფიდენციალური. მოტივად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლი მოიშველიეს, თუმცა ეს მუხლი ამ მასალების კონფიდენციალობას არ ითვალისწინებს. ჩვენ ვწერთ ორ საჩივარს. ერთით ვითხოვთ იმ ბრძანების ბათილად ცნობას, რის საფუძველზეც დაიწყეს ბულვარში მშნებლობა, ხოლო მეორეთი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან ვითხოვთ ინფორმაციის მოწოდებას”. _ აცხადებს საიას იურისტი, გია ქარცივაძე.

არასამთავრობო სექტორს ბულვარის საქმესთან დაკავშირებით საჩივარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზემდგომ ორგანოში, აჭარის განათლებისა სამინისტროში შეაქვს. კანონის თანახმად, განათლების სამინისტრომ არასამთავრობო სექტორის საჩივარი ერთ თვეში უნდა განიხილოს.

ბათუმში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ საქართველოს რკინიგზამ ისე “მიიღო ნებართვა” ბათუმის ბულვარში მშენებლობის დასაწყებად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის განცხადებითაც კი არ მიუმართავს. შესაბამისად, არავითარი დოკუმენტი არ არსებობს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის ძველ ბულვარში 4505 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საქართველოს რკინიგზას 16 აპრილს აჩუქა. რკინიგზამ ეს საჩუქარი, თავის მხრივ, თავის შვილობილ კომპანიას “რეილვეი ფროფერთი მენეჯმეტს” 17 აპრილს გადასცა. სოფო ლაზიშვილმა “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” ბათუმის ბულვარში მშენებლობის დაწყების ნებართვა 24 აპრილს მისცა. საქართველოს ხელისუფლებამ კომპანიას, რომელიც მომგებიანია, ანუ საქართველოს რკინიგზას, ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარიც გამოუყო, სავარაუდოდ, ბულვარში წამოწყებული მშენებლობის დასაფინანსებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი