ახალი ამბები

მრგვალი მაგიდა ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე

31 მაისი, 2011 • • 1370
მრგვალი მაგიდა ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე

დღეს კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”, რომელშიც 11 ორგანიზაციაა გაერთიანებული, მრგვალ მაგიდას აწყობს, სადაც 26 მაისის საპროტესტო აქციის გაშუქებისას ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები იქნება განხილული.

შეხვედრა სასტუმრო რედისონში 15:30 წუთზე დაიწყება.

სტუდია მონიტორი და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია წარმოადგენენ 20– წუთიან ფილმს. ასევე, ჟურნალისტები, რომელთა მიმართ 26 მაისს ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, მოყვებიან საკუთარ ისტორიებს. შეხვედრაზე მიწვეულები არიან მედიასაშუალებები, დიპლომატიური კორპუსი,პოლიტიკური პარტიები, სახალხო დამცველი, იუსტიციის სამინისტრო, შს სამინისტრო და პარლამენტის წევრები.

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისათვის”  ხელმოსაწერად წარადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე შედგენილ წერილს, რომელიც  მოუწოდებს ჟურნალისტური საქმიანობის პატივისცემისაკენ  და მოითხოვს ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტების გამოძიებასა და დაზიანებული პროფესიული აპარატურის კომპენსაციას.

კოალიციის წევრი ორგანოზაციები:

1. “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია”
2. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოებისათვის”
3. “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”
4. “რეგიონული მაუწყებლების ქსელი”
5. “ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია”
6. “მედიაკლუბი”
7. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”
8. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”
9. “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”
10. ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
11. “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”

კოალიციამ აქციის დაშლის დღესვე გააკეთა განცხადება, რომელშიც დაგმო  საქართველოს ხელისუფლების მიერ 26 მაისის ღამეს მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ქმედებები. “კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს ძალის გადამეტების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი. ვწუხვართ ადამიანთა დაღუპვის და დაშავების გამო.”

ამავე განცხადებაში მოყვანილია ფაქტები, რომლებიც ჟურნალისტების მიმართ აქციის დაშლის ღამეს განხორციელდა.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა შემდეგი სახის უკანონო ქმედებები:

1.  სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს „ნეტგაზეთის” ჟურნალისტს თამაზ კუპრეიშვილს, რომელსაც, ამასთან ერთად, წაართვეს ვიდეოკამერა.
2.  საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი მალხაზ ჭკადუა დიღმის პოლიციის განყოფილებაში იყო დაკავებული, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძლვის გარეშე.
3.  საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” კიდევ ერთ ჟურნალისტს დარეჯან პაატაშვილს სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას ვიდეოკამერა წაართვეს. ოპერატორს კი კამერა დაუმტვრიეს.
4.  ცრემლსადენი გაზით მოიწამლა ნეტგაზეთის ჟურნალისტი ნინო კახიაშვილი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს.
5.  ნეტგაზეთის კიდევ ერთ ჟურნალისტს ნესტან ცეცხლაძეს ვიდეოკამერა წაართვეს.
6.  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფოტოკამერა წაართვეს გაზეთ „გურია ნიუსის” ჟურნალისტს ნატო გოგელიას, რისი მომსწრეც Media.Ge გახდა.
7.  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტს ზაირა მიქატაძეს.
8.  ხელჯოხით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომელი ჯორჯაძის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდა და ფოტოაპარატის გამოყენების საშუალება არ მისცა Media.Ge-ს რედაქტორს დავით მჭედლიძეს.
9.  „ობიექტივის” ჟურნალისტს, დიანა ხოფერიას მიაყენეს მძიმე ფიზიკური დაზიანება, რის შედეგადაც მას თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი