„როცა სპეცრაზმი შემოვიდა, მთავრობის სახლის წინ ვიყავი; დარბევა რომ დაიწყო, ზემოთ წავედი, ორივე მხარე ჩაკეტილი დამხვდა, ქაშუეთის მხარეც ჩაკეტილი იყო; თავისუფლებისკენ ორი კორდონი გავიარე და მეგონა სამშვიდობოს გავაღწევდი, მაგრამ თავისუფლების მეტროს წინ დამხვდა სპეცრაზმი… მიუხედავად იმისა, რომ არც ჯოხი ჰქონდა არავის და არც არანაირი თავდაცვის საშუალება, ვინც იქ ვიყავით, ყველა გვცემეს. მასობრივად სცემდნენ ხალხს და იჭერდნენ; ალყაში ვიყავით, არსად გასაქცევი გზა არ გვქონდა; თავში მირტყეს, ამის შემდეგ კი ხელები შემიკრეს და ყვითელი ავტობუსით წამიყვანეს დიღმის სამმართველოში. იქ ყველა სართულზე ჰყავდათ დაახლოებით ორმოცი ან ორმოცდაათი ადამიანი, ბევრს დერეფანიც არ მოუწია და ეზოში წვიმაში იდგა ხელშებორკილი. მე გამიმართლა ამ შემთხვევაში, შენობაში გაჩერება მაინც მომიწია. ვისაც შენობა მოგვიწია, იმათ ხელები შეგვიხსნეს. იქ შერჩევით გაჰყავდათ ადამიანები და სცემდნენ. არ ვიცი, რა პრინციპით გვარჩევდნენ…
რამდენიმე კაცი იყო აგრესიული. შემოივლიდნენ, ვიღაც არ მოეწონებოდათ, სცემდნენ და მიდიოდნენ. სხვები, ვინც ნაკლებად აგრესიული იყო, მათ გაჩერებას და დაწყნარებას ცდილობდნენ. იმის თქმა მინდა, რომ ყველა არ იყო აგრესიული. ერთი 20 წლის ბიჭი გაიყვანეს, შეფიცულია, ჯოხით დადიოდა და ვცემოთო, მაგრამ სხვებს როგორ არჩევდნენ, არ ვიცი;
უტიაშვილი რომ აცხადებს, ერთი მხრიდან გახსნილი იყო გზა გასაქცევადო, მინდა გითხრათ, რომ უტიაშვილი რომელ მხარესაც ასახელებს, იმ მხრიდან გავდიოდი და ზუსტად იქ დამიჭირეს და მცემეს; განყოფილებაში ყველას ჩამოართვეს ტელეფონი, როგორც მივხვდი, ეს იმის შიშით გააკეთეს, რომ რომელიმეს რამე კადრები არ გადაგვეღო. ტელეფონები დაამტვრიეს. ჩვენთვის ფული არ წაურთმევიათ. დილით ისევ მოიყვანეს ავტობუსები და გვარების ამოძახებით, დაახლოებით 30 კაცი ისევ აგვიყვანეს ავტობუსში და მძღოლს უბრძანეს, ეს ხალხი მუხათგვერდის სასაფლაოზე ჩამოყარეო; როგორც ჩანს, არ უნდოდათ ამდენი თავგატეხილი და დასისხლიანებული ადამიანი ერთად გავეშვით. უფრო ქალაქგარეთ დაგვყარეს, რეზინის ტყვია მაქვს მოხვედრილი თავში და ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე.
განყოფილებაში მოიყვანეს ექიმი, რომელმაც “პერეკისით” მოგვწმინდა სისხლი, სხვა არაფერი გაუკეთებია. მე რომელ სართულზეც ვიყავი, იქ ბათუმიდან არავინ მოუყვანიათ, მაგრამ მეორე დღეს ვნახე რამდენიმე _ ხელებშეკრული ჰყავდათ პოლიციის სამმართველოს ეზოში. მათ შენობაში შემოსვლა არ მოუწიათ, უბრალოდ, ადგილი აღარ იყო შენობაში და ხელებშეკრული 24 საათის განმავლობაში თავსხმა წვიმაში ჰყავდათ გაჩერებული, სასტიკად ნაცემები.
რატომ ვიყავი მიტინგზე? – მე ვაპროტესტებდი ამ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, მაგალითად იმას, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს, რომ ამ ქვეყანას აქვს აბსურდული ეკონომიკური პოლიტიკა, არც ჯანდაცვის სისტემა ვარგა და განათლების სისტემა ხომ საერთოდ კატასტროფაა. რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებას, რომ მზადდებოდა გადატრიალება, თუ ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ მე, როგორც დაზარალებული, ვუჩივი ვანო მერაბიშვილს და სხვებს, რატომ არ მომაწოდეს ინფორმაცია და რატომ არ გამაფრთხილეს. რომ მცოდნოდა გატრიალებას ამზადებდნენ, ამ ხალხის გვერდით ნამდვილად არ დავდგებოდი; რადგან დამიმალეს ინფორმაცია და არ გამაფრთხილეს წინასწარ, მე დავზარალდი; თუ ეგ მართალია, ყველა დასაჭერია, თუ მართალი არ არის, მაინც დასაჭერები არიან, მაშინ რატომ აბრალებენ?
კიდევ ერთი რამის თქმა მინდა, მე არ ვიყავი ნინო ბურჯანაძის აქციაზე, მე არ ვარ ბურჯანაძის მხარდამჭერი, არც მისი პარტიის წევრი ვარ და ამ აქციაზე როგორც რიგითი მოქალაქე, ისე ვიდექი.