ახალი ამბები

ჟურნალისტების ცემის ფაქტები

7 ივნისი, 2011 • 1356
ჟურნალისტების ცემის ფაქტები

შოთა უტიაშვილი, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 26 მაისის აქციის გაშუქების დროს არც ერთ ჟურნალისტს არავითარი დაზიანება არ მიუღია. მედიის ცნობით, დაზუსტებულია 18 ჟურნალისტის ვინაობა, ვინც დარბევის დროს მიიღო სხვადასხვა დაზიანება. “ნეტგაზეთის” ოთხმა კორესპონდენტმა უკვე მიმართა პროკურატურას გამოძიების თხოვნით – ზოგს რეზინის ტყვიებით აქვს სხეული დაზიანებული, ზოგი გაზით არის მოწამლული, თაზო კუპრეიშვილი კი ისე სცემეს, რომ ექიმმა დაწოლა ურჩია. ჩივილს აპირებენ სხვებიც. არიან ისეთებიც, რომლებიც ცემის მიუხედავად ფიქრობენ, რომ მათი უფლება არ დარღვეულა.

“ინტერპრესნიუსის” ხელმძღვანელის, ბაია ცანავას თქმით, რომ არა შოთა უტიაშვილი, 26 მაისს მას ძალიან გაუჭირდებოდა თავისი თანამშრომლების მოძებნა და გათავისუფლება: “დაზუსტებით შემიძლია იმის თქმა, რომ უტიაშვილმა იმ ღამესვე იცოდა ჟურნალისტების დაკავების შესახებ. ჩვენი ერთ-ერთი ჟურნალისტი, მალხაზ ჭკადუა სწორედ მისი ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს. მალხაზის დაკავების შესახებ უტიაშვილს და შოთა ხიზანიშვილს თავად დავურეკე. მთელი ღამე მათთან სატელეფონო კავშირი მქონდა… თვითმხილველმა დაგვირეკა, რომ ჩვენი ჟურნალისტი ხელბორკილებით ეგდო მიწაზე, სცემენ და სავარაუდოდ დააპატიმრესო. შემდეგ ისიც შეგვატყობინეს, რომ ფორდის ტიპის მიკროავტობუსით წაიყვანეს; ამ ინფორმაციებს უტიაშვილს ვატყობინებდი და ასე მოვძებნეთ; მალხაზი პოლიციას სულ ეუბნებოდა, რომ ჟურნალისტია, მაგრამ მაინც სცემეს გამეტებით”.

26 მაისს სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ორი ჟურნალისტი – მალხაზ ჭკადუა და დარეჯან პაატაშვილი დააკავეს. როგორც ჟურნალისტები ყვებიან, მათ დაუმტვრიეს სამი ვიდეოკამერა და მათ ცემას მას შემდეგაც აგრძელებდნენ, როცა უთხრეს, რომ ჟურნალისტები არიან.

ბაია ცანავა: “როგორც ვიცი, სახალხო დამცველი აპირებს სარჩელის შეტანას. სარჩელის მომზადებას აპირებს ასევე მედიის ადვოკატირების კოალიცია. თუ ეს არ გამოვიდა, მერე შევიტანთ ინდივიდუალურად საჩივარს. მომჩივნებში აუცილებლად ვიქნებით…”

სცემეს დათო მჭედლიძესაც, რომელიც “მედია.გე”-ს რედაქტორია და აქციაზე ჟურნალისტების მუშაობის გასაშუქებლად მივიდა: “პატარა ფოტოაპარატი მქონდა და ჯიბეში ვიდებდი. მომცხეს ხელჯოხი და წიხლები მითავაზეს; უტიაშვილი ხელზე იხვევს მაგ ამბავს, რომ საჩივარი არ არის შეტანილი, მიუხედავად იმისა, რომ იწერება პრესაში; იმდენად ტოტალურად დაარღვიეს ჟურნალისტების უფლებები, არამგონია ცალკეულმა საჩივარმა რაღაც შედეგი გამოიღოს, მაგრამ მაინც უნდა ვიჩივლოთ, თუ გვინდა, რომ მხოლოდ წუწუნი არ გამოვიდეს.იურისტთა ასოციაციას დავუკავშირდები, საჩივრის მომზადებაში რომ დამეხმარონ.  ალბათ უპრიანი იქნება, რომ ეს გავაკეთოთ ყველამ ერთად, შეიძლება კოალიციური სარჩელი დაიწეროს; ეს მოიტანს შედეგს თუ არა, სხვა საკითხია;”

ანა გაბუნია სააგენტო “ექსპრესნიუსის”, ჟურნალისტი ჩივილს არ აპირებს: “მე, პირადად, სარჩელის შეტანას არ ვაპირებ, რადგან არ მიმიღია გამოკვეთილი ზიანი, ასე ვთქვათ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, ერთი მომენტი თმით წამათრიეს და ეგ იყო, ტელეფონიც დავკარგე, რომელსაც იმედი მაქვს, რომ დამიბრუნებენ. პოლიციის განყოფილებაში ხუთი საათი გავატარე; ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ არ მიჯერებდნენ და მაინც წამიყვანეს განყოფილებაში”.

ჩივილს არც ხათუნა გაგნიძე – სააგენტო “პირველის” კორესპონდენტი აპირებს: “რეზინის ტყვიები მომხვდა რამდენიმე ადგილას, ფეხები ძალიან მქონდა დაშავებული, ახლა უკვე მირჩება, ექიმი მყავდა სახლში გამოძახებული; სიმართლე გითხრათ, იქ უფრო მეტ მტკივნეულ ფაქტებს ვხედავდი და ტყვიების ტკივილი არ მიგრძვნია. ბოლომდე დავრჩი. სცადეს მობილურის ჩამორთმევა, რომლითაც გადავცემდი ინფორმაციას, მაგრამ შევეწინააღმდეგე და თავი დამანებეს; ვფიქრობ, როცა რეზინის ტყვიებს მესროდნენ, არ იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ახალი დაწყებული იყო დარბევა და დიდი არეულობა იყო; შემდეგ გავაგრძელე გზა თავისუფლებისკენ და როდესაც ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ, აღარ იყო ზეწოლა, აქედან გამომდინარე, არ ვაპირებ ჩივილს”.

ნატო გოგელია “გურია ნიუსის” ჟურნალისტია. ის ამბობს, რომ არამხოლოდ მუშაობაში შეუშალეს ხელი, არამედ გაძარცვეს კიდეც: “აუცილებლად ვიჩივლებ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამზადებს სარჩელს; საკმაოდ ძვირადღირებული მობილური ტელეფონი წამართვეს, რომლითაც ვიღებდი. წამართვეს ოქროს ბეჭედი, აპარატის ჩიპი და ჟურნალისტობის დამადასტურებელი მოწმობა”.

“რეზონანსის” ჟურნალისტი, ზაირა მიქატაძე ის ადამიანია, ვინც 9 აპრილის ღამესაც მოიწამლა. ზაირას არ სცალია იმისათვის, რომ სარჩელის მომზადებაზე დახარჯოს დრო, რადგან მის გამო დაკავებულ ოჯახის წევრზე ზრუნავს: “…საჩივრის ინდივიდუალურად შეტანა აზრად არ მომსვლია, მაგრამ იმ დაზარალებულ ჟურნალისტებში ვარ, ვისაც ერთობლივი საჩივარი შეაქვს; ან რომ შევიტანო, ვის დასჯიან? ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მაზლი ვინც დააკავა, მან ჩამარტყა წიხლი და გადამისროლა სხვა მხარეს; იმ პოლიციელს პატაკი აქვს წარდგენილი სასამართლოში – ჩემს მაზლზე წერს, რომ წინააღმდეგობა გაუწია. იმ პატაკიდან გავიგებ, ვინ არის ის სპეცრაზმელი და ვუჩივლებ პირადად მას, ეს უფრო რეალურია;”

ზაირა მიქატაძე აზუსტებს დეტალებს, რის გამოც მისი მაზლი აქციაზე მივიდა: “ახალი ნაოპერაციევი ვარ და ძალიან რომ გაწვიმდა, ტანსაცმლის მოტანა ვთხოვე. თორმეტის ნახევარზე მოვიდა, მაგრამ სპეცრაზმი დაინახა და აღარ დამტოვა.  ვუთხარი, სავარაუდოდ დაარბევენ, ამიტომ შენ წადი, მე არ შემეხებიან-მეთქი, მაგრამ არ მიმატოვა, რომ წასულიყო, ნამდვილად მოვკვდებოდი… არეულობა რომ დაიწყო, ტრიბუნასთან ვიყავი, ხალხის ნაკადში მოვყევი… შემოგვესივნენ და ხალხის გარეკვა დაიწყეს პარლამენტის კიბეებისკენ; მოგვყვებოდნენ და გვირტყამდნენ. ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ და ნუ მირტყამთ-მეთქი… რამდენიმემ გაზის ყუმბარები ისროლა… ძალიან ბევრი გაზი ჩავისუნთქე, 9 აპრილს მოწამლული ვარ და იმუნიტეტი მაქვს დაბალი, ჩემს მაზლს ვუთხარი, ვეღარ მიშველი, გაიქეცი-მეთქი; ამის შემდეგ გავითიშე. გონზე რომ მოვედი, ჩემი მაზლი და ვიღაც კაცი მიმათრევდნენ პარლამენტის კიბეებზე. რომ დავეტოვებინე სპეცრაზმი გადამთელავდა. გაზი გვესროლეს თავისუფლების მოედანზეც, ისევ ცუდად გავხდი. მოწმობაც მეჭირა ხელში, მაგრამ წიხლი მკრა სპეცრაზმელმა და გადამაგდო. ჩემი მაზლი რომ მიჰყავდათ, იმავე პოლიციელმა სულ დუბინკები მირტყა და ისე გამაშვებინა ხელი; ექიმს ვერ მივმართე ჩემი მაზლის გამო, უტიაშვილი მიმალავდა, დაკავებულებში არ არისო, სასაფლაოებზე, საავადმყოფოებში ვეძებდით, სამკურნალოდ დრო არ მქონდა. ახლაც მისი ამბით ვართ დაკავებული – 35 დღე აქვს მისჯილი. არ ვიცი, ხანდაზმულობის ვადა როდის გადის, იმ სპეცრაზმელის მიმართ მაინც აღვძრავ საქმეს”.

თამარ კორძაია – საიას იურისტი: “ნეტგაზეთის” ოთხი ჟურნალისტის საჩივარი უკვე შევიტანეთ პროკურატურაში; ასევე გადავეცით 16 ჟურნალისტის საერთო მონაცემი, იმ განცხადების საფუძველზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ მოამზადა. ეს არის შეტყობინება, რომლის თანახმადაც პროკურატურა ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება; შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი წყაროდან აქვს მას ინფორმაცია; ერთობლივად მოაწერს ყველა ხელს თუ ცალკ-ცალკე საჩივარს შევიტანთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ყველამ ინდივიდუალურად აღწეროს მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედება და მოითხოვოს გამოძიება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი