თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეით ბრიგადის ტერიტორიაზე მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ნაბიჯი საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპის დაცვის ღონისძიებაა.
სამინისტრო ცნობით, III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი აღმსარებლობის 103 სამხედრო მსახურობს. სალოცავის გახსნის შემდეგ მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დალოცა.
თავდაცვის მინისტრმა მეჩეთის გახსნისას განაცხადა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც აღმსარებლობის თავისუფლება უზრუნველყოფილია.
“ყველა ბრიგადაში, სადაც მუსლიმი სამხედროები მსახურობენ, ექნებათ საკუთარი აღმსარებლობის სრული, აბსოლუტური თავისუფლება. ამიტომ მისასალმებელია, რომ III ქვეითმა ბრიგადამ ასე სწრაფად მოუყარა თავი ყველა საჭირო პირველად ღონისძიებას, რათა გაგვეხსნა ეს სამლოცველო. იმედი მაქვს, რომ მარტის ბოლოს კიდევ ორ ბრიგადაში შევძლებთ დავასრულოთ ეს პროცესი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვინც ქართულ ჯარში მსახურობს, თანასწორია და ყველას თანაბრად ექნება საკუთარი რელიგიით, მრწამსით სარგებლობის საშუალება. ჩვენ ამისთვის ყველა პირობას შევქმნით და ამის გარანტი თავდაცვის სამინისტროა,“ – განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში მუსლიმი სამხედროებისთვის სალოცავების გახსნა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნული გადაწყვეტილება პირველად პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააჟღერა.
სამხედრო ქვედანაყოფებში სათანადო ღონისძიებების გატარება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას ისახავს მიზნად.