ახალი ამბები

ბათუმში დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

23 მაისი, 2011 • 988
ბათუმში დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში შვიდი ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე ერთ– ერთმა დაკავებულმა, ტარიელ ფუტკარაძემ  ბრალი აღიარა. მას ბრალი 222 –ე  და 353–ე მუხლების მეორე ნაწილით წაუყენეს.

“როგორც ადვოკატებმა მითხრეს, ეს მუხლები ტელე–რადიო მაუწყებლობის ბლოკირებას, ანუ მაუწყებლობის ხელის შეშლას  ითვალისწინებს და, შესაბამისად, 2–დან 4 წლამდე და 4 -დან 7 წლამდე პატიმრობას”, –ამბობს ეთერ თურაძე, გაზეთი “ბათუმელების” რედაქტორი, რომელიც სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს.

აღნიშნულ პროცესზე, ეთერ თურაძის თქმით, ტარიელ ფუტკარაძის ადვოკატი რომან პაპიძე 1600 ლარით დაჯარიმდა.

“ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ მდივანი არ აკეთებდა ჩანაწერს. მოსამართლემ უპასუხა, რომ ჩანაწერი კეთდებოდა, რის შემდეგაც ადვოკატმა ჩანაწერის გამოქვეყნება ითხოვა. მოსამართლემ ადვოკატი მაშინვე 500 ლარით დააჯარიმა. ადვოკატი შეეპასუხა–თქვენ ხართ კორუმპირებული, რის შემდეგაც ადვოკატი ისევ დაჯარიმდა”, –ამბობს “ბათუმელების” რედაქტორი.

მისივე თქმით, ამჟამად დაკავებულების აღმკვეთი ღონისძიება მიმდინარეობს.

“ადვოკატები ამბობენ, რომ მათ არ ჰქონდათ საქმის მასალების გასაცნობად საკმარისი დრო, რადგან ბრალდებულების დაკავებიდან დიდი ხნის მანძილზე  არ გააჩნდათ მათ შესახებ ინფორმაცია. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატებს 45 წუთი მისცა საქმის მასალების გასაცნობად. ადვოკატებმა, ასევე, მოითხოვეს შუამდგომლობა, რომ საქმის ვიდეომასალები ამოეღოთ 25–ე არხიდან, სადაც ნაჩვენებია, როგორ იქნა ამ ადამიანების უფლებები დარღვეული; რომ არ ჰქონდათ ადვოკატის აყვანის საშუალება, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაიზიარა..

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ისინი ბრალს არ აღიარებენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლადო მგალობლიშვილმა მითხრა, სასამართლო დარბაზში ბევრი გადაცმული სამართალდამცავი იმყოფება. დაკავებულების ოჯახის წევრებს და ჟურნალისტების ნაწილს კი არ მისცეს იქ შესვლის უფლება”, –ამბობს ეთერ თურაძე.

ეთერ თურაძის თქმით, დაკავებულებს შორის ერთი–ერთი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მას აქვს ამის დამადასტურებელი მოწმობაც, თუმცა, ის ჯერ სასამართლოში წარმოდგენილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი