ახალი ამბები

აშშ–ს საელჩო: ჯონ ბასი საავადმყოფოში არ იმყოფება

23 მაისი, 2011 • 1175
აშშ–ს საელჩო: ჯონ ბასი  საავადმყოფოში არ იმყოფება

ინფორმაცია, თითქოს ამერიკის ელჩს გულის შეტევა დაემართა,  არ შეესაბამება სიმართლეს,– აცხადებს აშშ–ს საელჩო საქართველოში. ნეტგაზეთი ინფორმაციის გადასამოწმებლად მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც „ქართულმა პარტიამ“  სოციალურ ქსელ „ფეიბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ამერიკის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს აქციის დარბევასთან დაკავშირებით სააკაშვილთან მწვავე შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც გულის შეტევით ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ მიიყვანეს“.  „ქართული პარტია“ წერს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ახლაც ამ კლინიკაში მესამე სართულზე წევს“.

აშშ–ს საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ელჩი ჯონ ბასი საავადმყოფოში არ იმყოფება და ის ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. რაც შეეხება კითხვას, „იყო თუ არა ელჩი საავადმყოფოში, საელჩო არ აკეთებს კომენტარს მისი თანამშრომლების კერძო სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით“.

კითხვაზე, შეხვდა თუ არა ჯონ ბასი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საელჩო აცხადებს, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან „ელჩის სამუშაო განრიგი არ არის საჯარო განხილვის საგანი. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი მხოლოდ საჯარო ინფორმაციაზე.  დანარჩენი–  ის [ელჩი] პრეზიდენტს ხვდება, თუ მინისტრს, ეს არ არის საჯარო განხილვის საგანი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი