ახალი ამბები

40 მილიონი ქართულ ეკონომიკას აშშ-სგან

13 მაისი, 2011 • • 1146
40 მილიონი ქართულ ეკონომიკას აშშ-სგან

დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) 4-წლიანი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამის ამოცანაა, ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებასა და კონკურენციის ზრდას ბიზნესის სფეროში.

პროგრამის დაწყების შესახებ საზოგადოებას აცნობეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) ადმინისტრატორის მოადგილე დონალდ სტაინბერგმა, აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და USAID -ის ადმინისტრატორის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში პეიჯ ალექსანდერმა, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ.

ვერა ქობალიას თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტს აქვს კონკრეტული წინადადებები და მიმართულებები, მათ შორის, ეს არის დასაქმებისა და ექსპორტის გაზრდის პროგრამა, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა.“

USAID -ის მიერ დაფინანსებული პროექტი ქართულ კომპანიებსა და სოფლის მეურნეობის საწარმოებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება. “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ხუთი პრიორიტეტული ამოცანაა: მეტი სამუშაო ადგილის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისათვის, საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდა საქართველოს ეკონომიკაში, ექსპორტის ზრდა, ადგილობრივი ბიზნესისათვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური პროდუქტიულობის გაუმჯობესება.

USAID -ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა” დაინტერესებულ პირებს დაეხმარება, შეიძინონ ეკონომიკური სფეროს უკეთ მართვის უნარი, რაც საქართველოში შიდა კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს, მათ შორის, კონკურენციის ზრდას აგროსექტორსა და ეკონომიკის სხვა სექტორებში, როგორებიცაა: სამშენებლო მასალების წარმოება, ტურიზმი და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) ადმინისტრატორის მოადგილე დონალდ სტაინბერგმა განაცხადა: „საქართველოში პროცესები ისე უნდა წარიმართოს, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაუმჯობესება იგრძნოს, ეს იქნება გამოხატული სამუშაო ადგილების თუ შემოსავლის ზრდით. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვა და განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს, თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსგავს ცვლილებებს დრო სჭირდება და მთავრობამ და კერძო სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეკონომიკური რეფორმები გატარდეს და შედეგიც იყოს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი