ახალი ამბები

პრეზიდენტის დედის ბიზნეს–ინტერესები

11 მაისი, 2011 •
პრეზიდენტის დედის ბიზნეს–ინტერესები

გიული ალასანია
გიული ალასანია

საქართველოს პრეზიდენტის დედა გიული ალასანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს 2004 წლიდან დღემდე სიმბოლურ, ან საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად ისაკუთრებდა. ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები დღეს ჟურნალისტებს “რესპუბლიკური პარტიის” დედაქალაქის საქმეთა მდივანმა თინა ხიდაშელმა წარუდგინა.

თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის დედის ბიზნეს–ინტერესებს „ელიტური კორუფციის ნიმუში“ უწოდა და თქვა, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში არაფერია ნათქვამი გიული ალასანიას სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. “რესპუბლიკური პარტიის” ინტერესის სფერო მისი ბიზნეს-საქმიანობა გახდა, რაც, ხიდაშელის თქმით, მხოლოდ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ იწყება.

„უცნაური დამთხვევაა, მაგრამ სწორედ 2004 წლის ზაფხულიდან ქალბატონი გიული აქტიური ბიზნესმენი ხდება და ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროს აკონტროლებს,“ -თქვა თინა ხიდაშელმა, რომელიც ამავე დროს თბილისის საკრებულოს წევრია.

პოლიტკოსის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გიული ალასანია თბილისში 2004 წლის ზაფხულში ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად აფუძნებს „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას“, რომელიც მალე დამოუკიდებელ უნივერსიტეტად– „საქართველოს უნივერსიტეტად“ გადაკეთდა. ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა ხუროძემ „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის“ 10%-ანი წილი სიმბოლურ ფასად – 200 ლარად –  გიული ალასანიას და მის ბიზნეს-პარტნიორს მანანა სანაძეს გადასცა. თინა ხიდაშელის თქმით, მიუდავად იმისა, რომ 2006 წლის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტი “საქართველოს უნივერსიტეტის” დამფუძნებელი აღარ იყო, ქონება, რომლითაც უნივერსიტეტი მანამდე სარგებლობდა, კვლავაც გიული ალასანიას განკარგულებაში დარჩა.

საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტის შესაბამისად, 2005 წელს „საქართველოს უნივერსიტეტს“ (ანუ მაშინდელ „საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ – ასეთი სახელი გადაერქვა „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას“) ეკონომიკის სამინისტროს მიერ პირდაპირ გადაეცა კოსტავას #77-ში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის ბალანსზე მყოფი ფართიდან 1,240 კვ.მ. მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთითურთ, ხოლო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იმავე მისამართზე დამატებით კიდევ 866 კვ.მ. გადასცა.

შესაბამისად, გიული ალასანიამ თბილისის ცენტრში სახელმწიფოსაგან პირდაპირი წესით 2,106 კვ.მ. შენობა მიიღო მის შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად, ხოლო საიჯარო ქირად მხოლოდ 250 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ფორმალური თანამონაწილეობისაგან სრულად გათავისუფლების შემდეგ „საქართველოს უნივერსიტეტმა“ წერილობით მიმართა ვაკე-საბურთალოს გამგეობას და მის სარგებლობაში არსებული შენობისათვის განსხვავებული მისამართის მინიჭება მოითხოვა, რაც 2008 წლის მაისში დაკმაყოფილდა. 2008 წლიდან კი ტექნიკური უნივერსიტეტის დაახლოებით 15,827  კვ.მ. უკვე „საქართველოს უნივერსიტეტის“ საკუთრებად ირიცხება.

შესაბამისად, დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ კორპუსს, რომელშიც „საქართველოს უნივერსიტეტია“ განთავსებული, კოსტავას #77ა მისამართი აქვს – ნაცვლად კოსტავას #77-ისა.

აღნიშნულ მისამართზე არსებული სპორტული მოედნები და მიწის ნაკვეთი, სულ 9 273 კვ.მ. შპს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტმა“ 2007 წელს ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონზე 305 000 აშშ დოლარად შეიძინა. თინა ხიდაშელის შეფასებით, ეს ფასი კოსტავას გამზირზე არსებული მიწის ნაკვეთისთვის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია.

„საქართველოს უნივერსიტეტში“ არსებული წილის გარდა, გიული ალასანია „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ პრორექტორიც არის. საქართველოს პრეზიდენტმა 2007 წლის 22 მარტს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე 101 222 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადასცა „შავი ზღვის უნივერსიტეტს.“ დღეს აქ უნივერსიტეტის ახალი კორპუსი შენდება.

2009 წელს ქალბატონი გიული ალასანია კიდევ ერთი უნივერსიტეტის დამფუძნებლებში ჩნდება. კერძოდ, სწორედ მან შეიძინა „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ 14% წილი აუქციონზე, სადაც აღმოჩნდა, რომ სხვა დაინტერესებული მხარე არ არსებობდა.  პრეზიდენტის დედის ბიზნეს-ინტერესები “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სწორედ „საქართველოს უნივერსიტეტია“ შპს “საუნივერსიტეტო ავეჯისა“ და, ასევე, კაფე „ხადილის“ დამფუძნებელი.  კაფე „ხადილის“ ვებგვერდზე წერია, რომ „2008 წლის 17 ნოემბერს უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა კაფე „ხადილი“, რომელსაც  III კორპუსის II სართულის დიდი ნაწილი უკავია. კაფეს ყოველდღიურად 1000-მდე ადამიანი სტუმრობს. გარდა ამისა, კაფე ემსახურება კონფერენციების, ტრეინინგების და პრეზენტაციების მონაწილეებს“.

ჩამოტვირთეთ სხვა დოკუმენტები

მასალების გადაბეჭდვის წესი