ახალი ამბები

“რუსთავი 2” და “იმედი” დააჯარიმეს

11 მაისი, 2011 •
“რუსთავი 2” და “იმედი” დააჯარიმეს

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-სა” და “იმედს” სტუდია “მონიტორის” საჩივრის საფუძველზე სანქციები უკვე მეორედ დააკისრა. ამჯერად ტელეარხებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის – 2500-2500 ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში მოუწევთ.

საჩივარი ”მონიტორმა” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) დახმარებით მოამზადა და კომუნაკიების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2011 წლის 7 მარტს შეიტანა. საჩივრის მიხედვით, აღნიშნული ტელეკომპანიები ”მაუწყებლობის შესახებ კანონით” გადაცემებში რეკლამის გასაშვების დადგენილ ლიმიტებს არღვევდნენ.

სტუდია ”მონიტორი” “რუსთავი 2-სა” და “იმედს” სამი პუნქტის დარღვევაში ედავებოდა. საჩივრის მიხედვით, ტელეკომპანიები საინფორმაციო გამოშვებების სარეკლამო ჭრაში კანონით დასაშვებ 2- წუთიან ლიმიტს აჭარბებდნენ; ასევე კანონით დასაშვებ 45- წამიან სარეკლამო ლიმიტს აჭარბებდნენ ტელეკომპანიები საბავშვო გადაცემაში და იმ საინფრმაციო გამოშვევებებში, რომლებიც 30 წუთზე ნაკლებია და კანონით მათი რეკლამისთვის გაწყვეტა არ შეიძლება, რეკლამა კი მაინც გადის.

იგივე საკითხების შესახებ პირველი საჩივარი სტუდია ”მონიტორმა” მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2010 წლის 26 ოქტომბერსაც შეიტანა და ის  მონიტორის ჟურნალისტურ ფილმში, – ”რეკლამა კანონის მიღმა” მოყვანილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოამზადეს.

პირველ საჩივრის მიხედვით, სტუდია “მონიტორმა” კომისიას მოსთხოვა, კანონით დადგენილი პირველი სანქცია გაეტარებინა და ტელეკომპანიებისთვის წერილობითი გაეფრთხილება მიეცა. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საჩივარი დააკმაყოფილა, კანონდარღვევა დააფიქსირა და მაუწყებლებს წერილობითი გაფრთხილებაც მისცა, თუმცა გაფრთხილების შემდეგ სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტებმა კვლავ დააფიქსირეს იგივე კანონდარღვევები რუსთავი2-სა და იმედის ეთერში. სწორედ ამიტომ “მონიტორმა”მეორე საჩივარიც მოამზადა.

“მონიტორის” ჟურნალისტ გიორგი მგელაძის თქმით, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას დაჯარიმებული ტელეარხების წარმომადგნელები უსიტყვოდ შეხვდნენ. მათ ჯარიმის დაკისრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში 1 თვის განმავლობაში შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი