ახალი ამბები

«ქართული პარტია» VS ამერიკის ადმინისტრაცია

11 მაისი, 2011 • 1375
«ქართული პარტია» VS ამერიკის ადმინისტრაცია

აშშ–ს ადმინისტრაცია «ქართული პარტიის» სამიზნე ხდება. პარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია დევიზით – «შეწყდეს ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა» – 16 მაისს საქართველოში აშშ–ს საელჩოსთან გაიმართება.

16 მაისის საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაცია საქართველოში პირველად «ქართული პარტიის» ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა პარიზიდან გაახმიანა ტელეკომპანია «მაესტროს» გუშინდელ ეთერში.

«ძალიან ბევრი აქცია გვაქვს დაგეგმილი, თუ როგორ უნდა მივიდეთ გამარჯვებამდე და ერთ-ერთი მათგანი მდგომარეობს სათავესთან მისვლაში და ონკანის გადაკეტვაში. ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, აშშ-ს საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება.

16 მაისს ჩვენ გავაკეთებთ ჩვენი თბილისის აქტივის მობილიზებას აშშ-ს საელჩოსთან. მოვუწოდებთ რიგით თბილისელებს, მოვიდნენ და პროტესტი გამოხატონ იმის წინააღმდეგ, რაც აშშ-დან მომდინარეობს, მათი პირდაპირი და არაპირდაპირი მხარდაჭერით არსებული რეჟიმისადმი, რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობს, რომელსაც დემოკრატიის მანტია აქვს მოსხმული სხვა ტიპის სხეულზე. ჩვენ ვაპირებთ, მათ პირდაპირ ვუთხრათ, რომ ამ რეჟიმის მხარდაჭერით ისინი ასამარებენ დემოკრატიას საქართველოში,» – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის მიერ გაჟღერებული ამ ინფორმაციის დეტალებზე დღეს «ქართული პარტიის» კიდევ ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა ისაუბრა სპეციალურ ბრიფინგზე:

«პროტესტის გამოხატვის მიზეზი არის შემდეგში: მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის დასაწყისში ხელმოწერილი ქართულ–ამერიკული ქარტიის არც ერთი პუნქტი შესრულებული არ არის, აშშ–ს ადმინისტრაცია აგრძელებს სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშილის რეჟიმმა არ შეასრულა არც ერთი მუხლი, მათ შორის, არ არის თავისუფალი სასასამართლო, არ არის გათავისუფლებული და მესაკუთრეებისთვის დაბრუნებული წამყვანი მედიასაშაულებები, მიუხედევად იმისა, რომ ამ პერიოდში კვლავ გაყალბდა არჩევნები, რომ ბიზნესი და მოსახლეობა არის ტერორის ქვეშ, ამერიკის ადმინისტრაცია კვლავ აგრძელებს სააკაშვილისეული რეჟიმის ფინანსურ მხარდაჭერას. აი, ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ ვთვლით, რომ ქართველი ხალხის პოზიციის გამოსახატად 16–ში აქციის გამართვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი», – განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

რაში გამოიხატება აშშ–ს ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს არსებული ხელისუფლების მხარდაჭერა? – ამ საკითხზე «ქართული პარტიის» პოზიცია, რაზეც დღეს ეროსი კიწმარიშვილმა ისაუბრა, ასეთია:

«2007 წლიდან მოყოლებული მთლიანად ქართულ საზოგადოებას აქვს სერიოზული პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარული რეჟიმი, ამ სიტუაციაში ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციის მხარდაჭერა იყო ერთ–ერთი სერიოზული მაპროვოცირებელი ფაქტორი იმისა, რომ არ აღსრულდა ქართველი ხალხის ნება, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატა იმაში, რომ სააკაშვილმა, წაქეზებულმა ასეთი ტიპის მხარდაჭერით, მიიღო ავანტიურისტული გადაწყვეტილება და გადაჩეხა საქართველო ავანტიურისტულ ომში.»

მისივე თქმით, დღეს აშშ–ს ადმინისტრაციის მხარდაჭერა გამოიხატება «გაყალბებული სოციოლოგიური კვლევების გამოქვეყნებით საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციაში და იმ მარგინალური ჯგუფების მხარდაჭერაში, რომლებიც საქართველოში, საბოლოო ჯამში, არ გამოხატავენ ქართველი ხალხის აზრს».

«დიახ, რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები, მაგრამ ამ ტიპის მხარდაჭერით ამერიკის ადმინისტრაცია გვართმევს თავისუფლებას, არჩევანის, სუვერენული არჩევანის თავისუფლებას შიდა და სხვა პოლიტიკურ საქმეებში.

არანაირი სურვილი არ მაქვს არც მე და არც «ქართული პარტიის» პოლიტიკურ ლიდერებს და მე მგონი, არც ქართველ ხალხს, რომ ე.წ. ცეკას ინსტრუქტორები შეიცვალოს ამერიკის სახელწმიფო დეპარტამენტის ინსტრუქტორებით. არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ სახელწმიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყოს ის ადამიანი, ვინც წყვეტს საქართველოში პროცესებს. ეს არის ქართველი ხალხის კატეგორიული პოზიცია. შესაბამისად, ჩვენ 16–ში გამართული აქციით აშშ–ს ადმინისტრაციას და ამერიკელ ხალხს ვეტყვით ქართველი ხალხის სახელით, რომ თავი დაანებეთ ამ რეჟიმის მხარდაჭერას და მხარი დაუჭირეთ ქართველ ხალხს იმ პროცესში, რასაც ჰქვია დემოკრატიის მშენებლობა», – განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

თუ როგორ უნდა დაეხმაროს ამერიკელი ხალხი ქართველ ხალხს, «ქართულ პარტიაში» მიაჩნიათ, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ არ უნდა აღიაროს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და შეწყვიტოს არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყნის ფინანსური დახმარება.

საპროტესტო აქცია «ქართული პარტიის» ორგანიზებით აშშ–ს საელჩოსთან 16 მაისს, დღის 2 საათზე, გაიმართება.

«მშვიდობიანი დემონსტრაციები არის ნაწილი დემოკრატიული საზოგადოებისა», – ასეთია საქართველოში აშშ–ს საელჩოს პოზიცია 16 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

«ქართულ პარტიაში» აცხადებენ, რომ მათ აქვთ მკაფიო გეგმა, რომელშიც არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის სამი ეტაპია გათვალისწინებული და ამავე გეგმის ნაწილია ოქრუაშვილის დაბრუნება საქართველოში. ოქრუაშვილის თქმით, ბრძოლის პირველი ეტაპი, ანუ პარტიული სტრუქტურის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის განხორციელება, რომელიც გულისხმობს აქციების ორგანიზებას იმისათვის, რომ შემოწმდეს პარტიული სტრუქტურების ქმედითუნარიანობა, თუ რამდენად არიან ისინი მზად იმისათვის, რომ ის დასახული მიზანი, რაც «ქართულ პარტიას» გააჩნია, შეასრულონ.

«არც ისე დიდი დრო აღარ დარჩა იმ მესამე, ბოლო ეტაპამდე, როდესაც ხელისუფლებას მართლაც მომაკვდინებელი დარტყმა უნდა მივაყენოთ იმისათვის, რომ ეს რეჟიმი დავამთავროთ. მესამე ეტაპზე გადავალთ უახლოეს მომავალში», – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილის თქმით, «რეჟიმისადმი ბრძოლას ახასიათებს გარკვეული ელემენტები, ფორმები, აბსოლუტურად ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, რომელიც რეჟიმის დასამარცხებლად იქნება ეფექტური».

«ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობიანად, სახალხო პროტესტის შედეგად, ეს ხელისუფლება მოუსავლეთში გავუშვათ. გამოიყენებს თუ არა ძალას ეს რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ, ეს ამ ხელისუფლების სინდისზე იქნება და, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში რისხვა ქართველი ხალხის იქნება ადეკვატური. სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც მოვიდა ქართველი ხალხის სურვილით «ვარდების რევოლუციის» შედეგად, გადაიქცა უზურპატორად და ის იმსახურებს იმას, რომ ხალხმა გაისტუმროს», – აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.

ოქრუაშვილის თქმით, «თუ მოვლენები გასცდება გარკვეულ ჩარჩოებს, ამაზე პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება და ყველა ის ძალა, რომელიც მხარს უჭერს ამ ხელისუფლებას».

გუშინვე «მაესტროს» ეთერში მან სააკაშვილის მხარდამჭერებს მიმართა: «თუ აპირებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმს საფლავში ჩაჰყვეთ, არავის არ დაგინდობთ!»

ოქრუაშვილმა იმაზეც ისაუბრა, თუ რას შესთავაზებს მისი პოლიტიკური გუნდი საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში:

«ჩვენ გთავაზობთ, რომ მომავალი იქნება უკეთესი; რომ არ მოხდება მხოლოდ პერსონალიების პერსონალიებით ჩანაცვლება; რომ არ მოხდება მათი ნათესავებისა და მეგობრების ჩვენი ნათესავებითა და მეგობრებით ჩანაცვლება; რომ აღარ იქნება ძალადობა ხალხზე; ფეხქვეშ აღარ გაითელება ქართველობა; აღარ იქნება უსამართლობა ქვეყანაში; მოვსპობთ ელიტურ კორუფციას და აღარ დავუშვებთ დაბალი დონის კორუფციას, როგორიც იყო შევარდნაძის დროს; აღარ დაბრუნდება კრიმინალი საქართველოში და ქურდების დრო წარსულს იქნება ჩაბარებული, როგორც დღეს არის; იქნება ქვეყანაში სოციალური თანასწორობა და ისეთივე პრივილეგიები ექნება სხვის ბებიას, როგორიც აქვს სააკაშვილის ბებიას…

პატარა ნაბიჯებს, ხაზს ვუსვამ პატარა ნაბიჯებს, რადგან დიდი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ამ საქმეში აღარ არსებობს, გადავდგამთ ქვეყნის გამთლიანებისკენ; ჩვენი ბავშვები აღიზრდებიან ნამდვილ ქართველებად… ამაზე მეტი რაღა უნდა ჩამოგითვალოთ?!»

ამ დაპირებების რეალიზაციის საშუალებას «ქართული პარტია» ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილების შედეგად ხედავს:

«გულუბრყვილო «რვიანის» საუბარი რევოლუციის შედეგებზე, ეს არის თავის მოტყუება. რა, ეს ხელისუფლება ჰარაკირს გაიკეთებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით?» – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

«ქართული პარტიის» ლიდერები ირწმუნებიან, რომ მხოლოდ მათ პოლიტიკურ გაერთიანებას შესწევს სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის რეალური შესაძლებლობა:

«ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ «სახალხო კრების» წარმომადგენლებს, ნონა გაფრინდაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, სურთ რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ჩვენ ეჭვი გვეპარება მათ შესაძლებლობებში. მათ არ შეუძლიათ ამ ხელისუფლების შეცვლა იმ გეგმით, რაც აქვთ და ჩვენ არ ვაპირებთ ხალხის გაშვებას 21 მაისის შემდეგ, როგორც ეს ხდებოდა აქამდე, თუნდაც გასული წლის 25 ნოემბერს და ეს რომ განმეორდეს ამაზე პასუხისმგებელი არ იქნება მხოლოდ ბურჯანაძე, ან გაფრინდაშვილი, ამაზე პასუხისმგებელი ვიქნებით ჩვენც. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხალხი არ წავიდეს კიდევ ერთხელ იმედგაცრუებული სახლში», – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი. მისივე თქმით, იმ რესურსით იმ გეგმის განხორციელება, რაც «სახალხო კრებას» გააჩნია, არის «წაგებული ბრძოლა», რამაც შესაძლოა, პირიქით გააძლიეროს არსებული ხელისუფლება.

«ნეტგაზეთის» შეკითხვაზე, მიაჩნიათ თუ არა «ქართულ პარტიაში», რომ მათი განცხადებები აშშ–ს ადმინისტრაციის მხრიდან სააკაშვილის მხარდაჭერის შესახებ, პირიქით, გააძლიერებს და გაზრდის სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების რეიტინგსა და პოზიციებს, ეროსი კიწმარიშვილმა უპასუხა: «აბსურდია, პირიქით, ეს ზუსტად ის არის, რისი გაგონებაც ხალხს უნდა, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს».

კიწმარიშვილი, ასევე, აბსურდულს უწოდებს ხელისუფლების ბრალდებებს, რომლითაც «ქართული პარტია» «რუსული სცენარით» მოქმედებს.

«ქართულ პარტიაში» აცხადებენ, რომ მათ ძალიან ბევრი აქცია აქვთ დაგეგმილი. 16 მაისამდე კი მათი საპროტესტო აქცია ბათუმში გაიმართება, სადაც მათი მხარდამჭერები 14 მაისს, 17:00 საათზე, თეატრის შენობის წინ შეიკრიბებიან. საპროტესტო აქციების სეზონი «ქართულმა პარტიამ» 9 მაისს კახეთიდან გახსნა. მსგავსი სეზონის გახსნას «სახალხო კრება» 21 მაისიდან აპირებს.

 

ამავე თემაზე:

“ქართული პარტიის” თეატრალიზებული წარმოდგენა [Video]

“ქართულმა პარტიამ” აქციების სეზონი გახსნა

ოპოზიციის ორი გზა და ერთი მიზანი

“ქართული პარტიის“ კავშირები “მაესტროსთან“

ქართული პარტია რაიონულ ორგანიზაციებს ქმნის

“ქართული პარტია” “ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად”

ყრილობამდე ერთი თვით ადრე

მასალების გადაბეჭდვის წესი