ახალი ამბები

ადვოკატები ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ემზადებიან

11 მაისი, 2011 • • 1103
ადვოკატები ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ემზადებიან

ადვოკატებმა წინასწარ გაავრცელეს ინფორმაცია დაგეგმილი  საპროტესტო აქციის სესახებ, რადგან თვლიან, რომ  რომ არსებობს აქციის დარბევის საფრთხე ხელისუფლების მხრიდან.

ადვოკატების აქციები  თბილისში, პარლამენტის წინ, 17 მაისიდან  დაიწყება და ხუთ დღეს გაგრძელდება.  ორგანიზატორები  ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას, პატიმართა და ადვოკატთა უფლებების დაცვას, ასევე მოსამართლეთა ნაწილის გასამართლებას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, შესაძლოა, აქციის დროს გზის გადაკეტვაც გახდეს საჭირო, რის გამოც მერიაში შესაბამისი გაფრთხილება ადვოკატებმა დღეს შეიტანეს. ჟურნალისტების კითხვებს მათ სწორედ თბილისის მერიასთან უპასუხეს.

შალვა ხაჭაპურიძემ არ დააკონკრეტა,  თუ  რა ფორმით გაიმართება საპროტესტო  აქციები, რამდენი ადვოკატი მიიღებს მასში მონაწილეობას და კონკრეტულად რა მოთხოვნები ექნებათ მათ. მისი თქმით, წინასწარ გეგმების გამხელისგან თავს იკავებენ, რადგან არსებობს ადვოკატთა დაშინების და ზეწოლის ფაქტები.

„ჩვენ არანაირ პოლიტიკურ მოთხოვნებს არ ვაყენებთ. ჩვენ ვამბობთ – მოგვეცით სამართალი! არ გვაინტერესებს, პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება, დობორჯგინიძე თუ პეტრიაშვილი. მე მინდა, ქვეყანაში სამართალი  და კანონი კანონობდეს როგორც ჩემთვის, ისე სააკაშვილისა და ნებისმიერი მოქალაქისათვის,“-თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

თუმცა მოგვიანებით დაგეგმილი აქციის რამდენიმე დეტალი ადვოკატებმა  ჟურნალისტებს მაინც გაუმჟღავნეს.  ისინი აპირებენ, რომ მოითხოვონ „გურამ შარაძის, ზურაბ  ჟვანიას და სხვა მოკლულების საქმის გამოძიება,  ასევე, მოსამართლე გიორგი ჩემიას და იმ მოსამართლეების დაპატიმრებას, ვინც განიხილა გირგვლიანის საქმე.“  ადვოკატების თქმით,  დანარჩენ მოთხოვნებს  ისინი აქციების დაწყებისას გაამხელენ.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით: „ფაქტიურად ხელისუფლებას ვუყენებთ ულტიმატუმს, რომ უმოკლეს ვადაში გაატაროს ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს ადამიანების უფლებების დარღვევა. ეს არ იქნება პოლიტიკური აქცია, ეს იქნება სამართლებრივი აქცია.“

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მათი უფლებები  ყოველდღე, ნებისმიერ სასამართლო პროცესზე ირღვევა. ერთ-ერთი მათგანის, ლალი აფციაურის თქმით, „ყველა სისხლის სამართლის საქმე და არა მარტო სისხლის სამართლის საქმე, სამოქალაქოც, ადმინისტრაციულიც, ფაქტიურად ყველა პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, შეიძლება მთელი პასუხისმგებლობით იმის თქმა, რომ ილახება არა მარტო ჩვენი კლიენეტების, არამედ თავად ადვოკატების უფლებებიც.“

შალვა ხაჭაპურიძემ გაიხსენა ადვოკატ მანანა კობახიძის შემთხვევა. ხაჭაპურიძის ინფორმაციით, იმის გამო, რომ კობახიძეს სასამართლო პროცესზე გაეღიმა, ის დააჯარიმეს. „ჩემ მიმართ განხორციელდა თავდასხმა. თავდასხმის ფაქტზე შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება ჩემი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გაგრძელდა,“ – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. მისივე ინფორმაციით, იურისტ მარი იველაშვილს, „რომელიც კლიენტს მოემსახურა და იმიტომ, რომ კლიენტს მისი მომსახურება არ მოეწონა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.“

ადვოკატმა ლალი აფციაურმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2009-10 წლებში ქართულ სასამართლოში 40 ათასი საქმეა განხილული, საიდანაც მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გამოიტანეს გამამართლებელი განაჩენი.

„ეს არის კატასტროფა. ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში არ არის სასამართლო. და თუ ქვეყანას არა აქვს სასამართლო, იგი არასოდეს აშენდება,“-მიაჩნია ადვოკატს. მისივე თქმით, დღეს სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ბრალდების მხარის სასარგებლოდ. არ კმაყოფილდება  ადვოკატების არც ერთი დასაბუთებული და სამართლიანი მოთხოვნა, სამაგიეროდ ძალიან ადვილად კმაყოფილდება ბრალდების მხარის მოთხოვნა.

„ამის დასტურად შემიძლია გავიხსენო ბოჭორიშვილის საქმე, სადაც სასამართლომ, ბრალდების მხარის მოთხოვნის შედეგად, სასამართლოს მიერვე გამოკვლეული მტკიცებულება ხელახლა გამოიკვლია. შედეგად კი, სასამართლომ თავისივე გამოკვლეულ მტკიცებულებებში შეიტანა ეჭვი და ხელახლა გამოიკვლია. ამ მოთხოვნის დაყენების უფლება საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით ბრალდების მხარეს არ ჰქონდა,“-უთრა ლალი აფციაურმა ნეტგაზეთს.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, რომ 17 მაისს დაგეგმილი აქცია შარშანდელი აქციისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რადგან ერთი წლის წინათ 15 ადვოკატი აქციას ატარებდა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.

„მოგვიანებით, ეს მოიპარა იმ რვა პარტიამ და ასაღებენ როგორც თავიანთ დაწერილს, სინამდვილეში ჩემი დაწერილია,“-თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, ადვოკატები უკან დახევას და ხელისუფლებასთან დათმობებზე წასვლას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი