„ლაბორატორია 1918“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს აერთიანებს, დღეს გამართულ აქციაზე მანიფესტით წარსდგა.
„ჩვენ, ამ მანიფესტის ავტორები, თსუ–ს სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტები მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტში დღეს არ არსებობს აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიის პრინციპები. უნივერსიტეტი, რომელიც თავისი შინაარსით ახალგაზრდა და გამოცდილ სწავლულთა საზოგადოებას უნდა წარმოადგენდეს, რომელიც მიზნად მოაზროვნე პროფესიონალის ჩამოყალიბების პირობას უნდა ისახავდეს, დღეს რეალურად იდეოლოგიური აპარატია ძალაუფლების ხელში“ – ეს არის ნაწილი იმ სტუდენტების მანიფესტისა, ვისაც მიაჩნია, რომ ძველი მეთოდებით სიტუაციის შეცვლის მცდელობას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან „სისტემა დათმობას არ აპირებს და ერთადერთ გამოსავალს გვიტოვებს – თავად ვეცადოთ შევქმნათ ახალი საგანმანათლებლო რეალობა“.
აქცია, რომელიც მანიფესტის კითხვით დაიწყო, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის დაცვასა და სტუდენტებს შორის მცირე კონფლიქტში გადაიზარდა. აქციის მონაწილე სტუდენტების მოთხოვნა იყო, კანცელარიაში შეტანილ წერილზე პასუხი კამერების თანდასწრებით განეცხადებინათ. თუმცა დაცვის თანამშრომლები ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებდნენ.
სტუდენტების თქმით, განცხადებაში თხოვდნენ, რომ ადმინისტრაციას მათთვის მუდმივ მოხმარებაში ერთი ოთახი გამოეყო. როგორც აქციის მონაწილე სტუდენტები ამბობენ, შესაბამისი განცხადება დაახლოებით ორი კვირის წინ უნივერსიტეტის კანცელარიაშიც ჩააბარეს:
„უამრავი ცარიელი აუდიტორიაა და ერთის გამოყოფას ვითხოვთ“.
უნივერსიტეტის შენობასთან დაახლოებით ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, კანცელარიაში დაინტერესებული სტუდენტებიც შეუშვეს და ჟურნალისტებიც.
თუმცა სტუდენტების მიერ შეტანილი განცხადება კანცელარიის თანამშრომლებმა ვერ იპოვნეს. კანცელარიაში მათ წარუდგინეს წერილი, რომელიც, როგორც სტუდენტებმა თქვეს, მათი არ ყოფილა. თუმცა უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ სტუდენტებმა პასუხი წერილზე უკვე მიიღეს, ხოლო ის წერილი, რასაც დღეს ითხოვდნენ, არც დაუწერიათ.
სტუდენტებს არც განცხადების ნომერი აღმოაჩნდათ და არც განცხადების ბეჭდით დამოწმებული ასლი. როგორც თაკო კაკაბაძე, განცხადების ერთ–ერთი ხელმომწერი ამბობს, კანცელარიაში მათთვისს არც ნომერი მიუვიათ და არც ასლი დაუმოწმებიათ.
„სტუდენტებმა თქვეს, რომ ეს სხვა წერილი იყო, მაგრამ ეს სხვა წერილი არ მოიძებნა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე წერილი უნივერსიტეტში არ შემოსულა. იმიტომ, რომ ალოგიკურია, ერთი და იგივე შინაარსის ორი წერილი თუ შემოვიდა, რატომ გასცემდა უნივერსიტეტი მხოლოდ ერთს პასუხს და რატომ არ გასცემდა მეორეს?” ,-აცხადებს უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი.
სოციალურ–პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ანი ჭანკოტაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მათ მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღიათ და უნივერსიტეტის კანცელარიიდან წერილი არ გაუტანიათ.
განცხადება იგივე მოთხოვნით სტუდენტებმა დღეს კვლავ დაწერეს და კანცელარიაში ჩააბარეს.
აქცია, რომელიც კანცელარიაში წერილის ძებნით გაგრძელდა, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან დაიწყო, სადაც რამდენიმე ათეული სტუდენტი იყო შეკრებილი. მანიფესტში, რომელიც სტუდენტებმა საჯაროდ წაიკითხეს, ითქვა, რომ უნივერსიტეტში ლექციები მონოლოგის პრინციპს ეფუძნება და არ არსებობს აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიის პრინციპები.
სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს ადმინისტრაციას სხვადასხვა ტიპის მოთხოვნით, რომლის მიზანიც იყო სწავლის პროცესის გაუმჯობესება, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, მიმართვას შედეგი არ ჰქონია.
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, თაკო კაკაბაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მათ არ აკმაყოფილებთ დეკანის დანიშვნის წესი. ფიქრობენ, რომ უნივერსიტეტისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მცირეა, ამიტომაც ახლადჩამოყალიბებული ჯგუფი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურობას გეგმავს და უნივერსიტეტში ცვლილებებს აპირებს.





