ახალი ამბები

კალაძე: აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობით წამოღებაზე შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია

1 მარტი, 2016 • 1033
კალაძე: აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობით წამოღებაზე შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ, ფაქტობრივად, მიღწეულია ძირითადი შეთანხმება აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობებით წამოღების შესახებ.

“მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე საუბარი იყო იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტზე, როგორიც არის შაჰ–დენიზის პროექტი, რომლის განხორციელება მიმდინარეობს. გვქონდა შეხვედრა ასევე სოკარის პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენ სამომავლო თანამშრომლობებზე, დამატებითი მოცულობების წამოღებაზე, რაც ნამდვილად დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის და, ფაქტობრივად, ძირითად შეთანხმებაზე მივედით და ამის შესაძლებლობა იქნება შაჰ–დენიზის მილსადენიდან წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები. გაზპრომს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც რამდენიმე დღეში ჩვენ უკვე დავასრულებთ მოლაპარაკებას და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ჩვენს ქვეყანას,”– განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე იმყოფებოდა. მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, “სოკარის” პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან. ორმხრივი შეხვედრები გაიმართა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრთან, BP-ის წარმომადგენლებთან და აშშ-ის დელეგაციასთან.

რაც შეეხება გაზპრომს, კახა კალაძე მათ წარმომადგენლებთან შეხვედრებს უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. როგორც გასული თვეების განმავლობაში გახდა ცნობილი, გაზპრომს სურს, რომ საქართველოს მიერ გატარებული გაზის 10%–ის საქართველოსთვის დატოვების ნაცვლად თანხა გადაიხადოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი