ახალი ამბები

“ქართული პარტიის” თეატრალიზებული წარმოდგენა [Video]

9 მაისი, 2011 • 1182
“ქართული პარტიის” თეატრალიზებული წარმოდგენა [Video]



[photo: კახეთის საინფორმაციო ცენტრი]

ყვარელში, ადგილობრივი გამგეობის შენობის წინ შეკრებილ ადამიანებს უკვე მიმართეს «ქართული პარტიის» ლიდერებმა – სოზარ სუბარმა, ლევან გაჩეჩილაძემ და ეროსი კიწმარიშვილმა. საპროტესტო აქციაში 700–მდე ადამიანი მონაწილეობს და მათი დიდი ნაწილი პარტიის ლიდერებმა დაქირავებული სამგზავრო ავტობუსებით ჩაიყვანეს ადგილზე.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, რომელიც დღეს ყვარლის ცენტრში, გამგეობასთან მივიდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა. მათი თქმით, სოფელ შილდაში, საიადანაც აქციაში მონაწილეობა 80–მდე ადამიანს უნდა მიეღო, დღეს დილიდანვე ორივე ბენზინგასამართი სადგური დახურეს, რათა სოფლიდან სამარშრუტო ტაქსებით არ გამომგზავრებულიყვნენ.

სოფელ საბუედან კი 40 ადამიანს ელოდნენ ყვარელში და მხოლოდ 18–მა შეძლო ჩასვლა. მათ შორისაა ელიზა გარჯაული, რომელმაც «ნეტგაზეთთან» საუბარში განაცხადა, რომ გუშინ, მთელი დღის მანძილზე სოფელში ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები დადიოდნენ და მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ თუკი ისინი აქციაში მიიღებდნენ მონაწილეობას, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი კატეგორიებისთვის განკუთვნილ დახმარებას ვეღარ მიიღებდნენ.

«მეც მაქვს ეს პოლისი, მაგრამ მაინც ჩამოვედი, რადგან გათხოვილი არ ვარ, არც შვილები მყავს და ვერაფრით დამემუქრებიან,» – აცხადებს გარჯაული.

72 წლის ვენერა გულბანი აქციაზე სოზარ სუბართან შესახვედრად მივიდა.

«არ მაძლევენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილ პოლისს, ვის არ მივმართე დასახმარებლად, პრეზენდტსაც კი მივწერე, მაგრამ არავინ მომაქცია ყურადღება, იქნებ სოზარ სუბარი დამეხმაროს რამეში» , – ამბობს ვენერა გულბანი.

აქცია ყვარელში თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო, სადაც პრეზიდენტი და მინისტრები იყვნენ გაშარჟებული. ამის შემდეგ «ქართული პარტიის» ლიდერებმა მოსახლეობას ერთად დგომისა და «ძალადობრივი რეჟიმის დასრულებისკენ» საბრძოლველად მოუწოდეს. მათი თქმით, ყვარელი ყოველთვის ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა და არა – ადეიშვილს, როგორც ეს დღეს ხდება.

დღესვე ყვარელში ზურაბ ადეიშვილის მშობლების სახლთანაც გაიმართა «ქართული პარტიის» ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია.

საპროტესტო აქცია ყვარლის გამგეობის შენობის წინ, რომლის გვერდით პოლიციის სამმართველოს შენობაცაა განთავსებული, სამართალდამცავები ადევნებენ თვალყურს.

 

ამავე თემაზე:

“ქართულმა პარტიამ” აქციების სეზონი გახსნა

მასალების გადაბეჭდვის წესი