ახალი ამბები

“ქართულმა პარტიამ” აქციების სეზონი გახსნა

9 მაისი, 2011 • 1200
“ქართულმა პარტიამ” აქციების სეზონი გახსნა

«ქართული პარტიის» ლიდერები ამ წუთებში თელავისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას ერეკლეს მოედანზე გამართავენ. მანამდე კი სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე, ეროსი კიწმარიშვილი და პარტიის სხვა წარმომადგენლები გურჯაანში ჩავიდნენ.

გურჯაანში მათ «დიდების მემორიალი» შეამკეს გვირგვინით და იქვე შეკრებილ მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანებს გაესაუბრნენ.

“9 მაისს მათ იხსნეს კაცობრიობა იმ ბოროტებისგან, რასაც ფაშიზმი ერქვა, მათ კი დღეს ეუბნებიან, რომ ეს დღე თურმე არ არსებობს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა ვეტერანებთან შეხვედრის დროს.

საინფორმაციო სააგენტოების ერთი ნაწილის ცნობით, საპროტესტო აქციას გურჯაანში დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, “კახეთის საინფორმაციო ცენტრის” მონაცემებით კი, გურჯაანში დაახლოებით 700–მდე ადამიანი შეიკრიბა და მათი უმრავლესობა ორგანიზატორებს თბილისიდან ავტობუსებით ჰყავდათ ჩაყვანილი.

“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეების «კოლონას თან დაჰყვება საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა. სამართალდამცავების თქმით, ისინი შეკრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. აქციის მიმდინარეობის დროს გურჯაანში კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც დამუქებული მანქანებიდან ხალხს აღრიცხავდნენ და მანქანების ნომრებს იწერდნენ.»

სამართალდამცავებისა და ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ “ქართული პარტიის” წარმომადგენლებიც. მათი თქმით, მიმდინარეობს მოსახლეობის დაშინება, რათა  არ მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში.

«ქართული პარტიის» მთავარი აქცია დღეს ყვარელში გაიმართება, რომელიც 16:00 საათიდან ორ ადგილზე გაიშლება:

«პარტიის ახალიგაზრდული ორგანიზაცია აქციას გამართავს ზურაბ ადეიშვილის სოფელში, ხოლო ლიდერების მონაწილეობით მთავარი აქცია გაიმართება ჭავჭავაძის ქუჩაზე, ადგილობრივ გამგეობასთან,» – განუცხადეს «ნეტგაზეთს» «ქართული პარტიის» პრესსამსახურში.

9 მაისიდან მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ «ქართული პარტიის» ერთ–ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა გასული კვირის ბოლოს განაცხადა:

«ორშაბათიდან “ქართული პარტია” იწყებს ძალიან სერიოზულ, მასშტაბურ აქციებს მთელი საქართველოს მიმართულებით. ჩვენ ვიწყებთ აქციას ამ რეჟიმის შესაცვლელად,” – აღნიშნა კიწმარიშვილმა.

«უახლოეს დღეებში მთელ კახეთს და მთელ საქართველოს დავუძახებთ თბილისში, რათა დავამთავროთ ეს რეჟიმი,» – განაცხადე დღეს სოზარ სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი