ახალი ამბები

პატრიარქი: «დადგება აუცილებლად ის დრო, როდესაც ჩვენ ჩავალთ აფხაზეთში»

6 მაისი, 2011 •
პატრიარქი: «დადგება აუცილებლად ის დრო, როდესაც ჩვენ ჩავალთ აფხაზეთში»

დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმ. გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. უწმინდესმა და უნეტარესმა საზეიმო წირვა–ლოცვა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა.

ტაძარში შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო პატრიარქმა  ილორის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატით დალოცა.

წირვა–ლოცვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა წმ. გიორგის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე იქადაგა:

«წმინდა გიორგის სასწაულები საოცარია, განსაკუთრებულია. ყოველი ადამიანი ეძებს ჭეშმარიტებას, სიმართლეს. ჰოდა, აი, ჩვენ წინაშეა ორი პიროვნება, რომლებიც ცხოვრობდნენ მეოთხე საუკუნეში – ეს არის წმ. გიორგი და ეს არის იმპერატორი დიოკლიტიანე. თითქოს ორივე ეძებდა ჭეშმარიტებას, მაგრამ ადამიანმა უნდა გახსნას თავისი გული და გონება, გაუხსნას გული და გონება სულსა წმიდასა, რომ შევიდეს უფალი ჩვენს გულში და გვიკარნახოს, სად არის ჭეშმარიტება. ეს ჭეშმარიტება იპოვა წმ. გიორგიმ და ეს ვერ ნახა დიოკლიტიანემ, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი იყო», – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ ქადაგებისას დალოცა აფხაზები და განაცხადა, რომ «დადგება აუცილებლად ის დრო, როდესაც ჩვენ ჩავალთ აფხაზეთში და იქ დავლოცავთ აფხაზეთსაც და მთელ საქართველოსაც… ღმერთმა ინებოს და წმინდა გიორგის მადლით მალე დადგეს ის დრო, როცა გამთლიანდება საქართველო და ბედნიერი იქნებიან, აფხაზებიც, ოსებიც და მთელი საქართველო.»

მასალების გადაბეჭდვის წესი