ახალი ამბები

ზაზა ბიბილაშვილი ენმ-ს საარჩევნო სიაზე: დასახელებული ვერსია სავარაუდოდ ინგა გრიგოლიას ვარაუდია

29 თებერვალი, 2016 •
ზაზა ბიბილაშვილი ენმ-ს საარჩევნო სიაზე: დასახელებული ვერსია სავარაუდოდ ინგა გრიგოლიას ვარაუდია

იურისტ ზაზა ბიბილაშვილის თქმით, “TV პირველის” მიერ გავრცელებული ენმ-ს საარჩევნო სიის პირველი ათეული, რომელშიც თვითონაც ფიგურირებს, “როგორც ჩანს, ინგა გრიგოლიას ვარაუდია”.

თუმცა ბიბილაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს, წარსდგება თუ არა ენმ სიაში დასახელებული ათეულით საზოგადოების წინაშე.

“მე როგორც ვხვდები, ეს ინგას [გრიგოლიას] ვერსიაა. ასეთი ვერსიები მეც გამიგია, მაგრამ უშუალოდ პარტიის სიასთან არავითარი კავშირი არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ პარტიის სია ჯერ არ შედგენილა. სია შედგება და საზოგადოებას შესაბამის ვადებში წარედგინება.

[საარჩევნო სიასთან დაკავშირებით] საუბრები, ბუნებრივია, ნებისმიერ [პარტიულ] ორგანიზაციაში მიმდინარეობს, მაგრამ ჩამოყალაბიბებული სახით ჯერ არაფერი არსებობს. მე გარწმუნებთ, რომ ძალიან კარგი, კომპეტენტური ადამიანებისაგან დაკომპლექტებული იქნება სია შესაბამის ვადაში”, – ამბობს ბიბილაშვილი.

ბიბილაშვილის თქმით, მისი განცხადებები ამ შემთხვევაში მხოლოდ მას ეხება, რადგან სხვების სახელით ვერ ისაუბრებს:

“მოგეხსენებათ, [ენმ-ს] პოლიტსაბჭოში მეც ვარ, რაღაც ინფორმაცია მაქვს… რაღაც საუბრები არის, მაგრამ ეს საუბრები წინასაარჩევნო წლისთვის უჩვეულო არაა, მაგრამ ეს სია, რიგითობა გნებავთ თუ შემადგენლობა, რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის. შეიტყობთ შესაბამის ვადაში”, – ამბობს ბიბილაშვილი.

ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, სანდრა რულოვსი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნოს სიის პირველი ნომერი იქნება. ეს ინფორმაცია მაყურებელს “პირველის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ გააცნო.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ენმ-ს სიის ათეულში იქნებიან ადვოკატები -ოთო კახიძე და ზაზა ბიბილაშვილი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი და, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, ჯერ კიდევ ყოყმანობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი