ახალი ამბები

დუისში პანკისის სათემო რადიო RADIO WAY-ს პრეზენტაცია გამართეს

29 თებერვალი, 2016 • 1834
დუისში პანკისის სათემო რადიო RADIO WAY-ს პრეზენტაცია გამართეს

დღეს, 29 თებერვალს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში RADIO WAY-მ პრეზენტაცია გამართა,

რადიოს შექმნის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო აქტივობების ცენტრია”. ცენტრის ცნობით, რადიო პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდისა და ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. მისი მიზანია სათემო აქტივისტების გაძლიერება, ღია დიალოგისა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა.

“რადიოს მიზანია ის, რომ ახალგაზრდების და მთლიანად ამ თემის მეტ სამოქალაქო ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. ის პრობლემები გაშუქდეს ადგილზე, რაც არის ისე, რომ ეს იყოს სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის კონტექსტში. ინტეგრაცია არის ძირითადი მისია და მთავარი მიზანი. ამის შემდეგ არის ახალგაზრდების ჩართულობა, ასევე ქალების აქტივობების გაზრდა და ადგილობრივი თემის ინფორმირება ადგილობრივი, რეგიონული და ნაციონალური ამბების შესახებ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” პროექტის დირექტორმა,  გელა მთივლიშვილმა.

მთივლიშვილის თქმით, რადიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მისია ისიცაა, რომ დაამსხვრიოს ნაციონალურ მედიაში არსებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ადგილობრივი ქისტებისა და პანკისის ხეობის ამბით მაშინ ინტერესდებიან, როდესაც ხეობას თანამდებობის პირი სტუმრობს, ან სირიაში ვინმე დაიღუპება.

გელა მთივლიშვილის განმარტებით, პანკისის სათემო რადიო ხელს შეუწყობს ნებისმიერი სოციალური თუ კულტურული საკითხის წინ წამოწევას.

“ჩვენც გვიჭირდა კომუნიკაცია ადგილობრივებთან იმიტომ, რომ არ იყო მექანიზმი, რომელიც ადგილობრივებთან კომუნიკაციაში დაგვეხმარებოდა. თვითონ ეთნიკური უმცირესობა არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რაც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. დღევანდელმა პრეზენტაციამაც დაადასტურა, რომ არის ახალგაზრდების მხრიდან ძალიან დიდი ინეტერესი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვესწრებოდა, როგორც ტრადიციული ისლამის, ასევე ფუნდამენტური ისლამის მიმდევრების მხრიდან. იქ არის გარკვეული აზრები, რომ ნაწილი არ უსმენს მუსიკას და უნდა მხოლოდ ვოკალი ინსტრუმენტის გარეშე. ჩვენ აქაც მოვძებნეთ გამოსავალი და ვთქვით, რომ გავუშვებთ ისეთ მუსიკასაც, რომ ისინიც იყვნენ მსმენელები ადგილობრივი ანსამბლების”, – ამბობს მთივლიშვილი.

RADIO WAY პანკისის ხეობაში 101.1 FM-ზე იმაუწყებლებს, ხოლო მის სიგნალს პანკისის ხეობის თითქმის ყველა დასახლება მიიღებს მას შემდეგ, რაც რადიოსიხშრე მაუწყებლობას დაიწყებს. მანამდე რადიო ინტერნეტით ვრცელდება.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ინფორმაციით, სათემო რადიოსთვის სახელის დარქმევა პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივაა – WAY ინგლისურად გზას ნიშნავს, ჩეჩნურად – ჩვენი.

რადიო, რომელიც ქართულ და ჩეჩნურ ენებზე იმაუწყებლებს, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს იმ პრობლემების გაშუქებას, რომლებიც პანკისის ხეობის მოსახლეობას აწუხებს, რაც თემისთვის პრიორიტეტულია.

ასევე, ეთერში გავა ყველა სახის მუსიკა, ადგილობრივიც და უცხოურიც, თანამედროვეც და კლასიკაც. ეთერში გავა ფოლკლორული მუსიკის ნიმუშებიც, მათ შორის ადგილობრივი მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით, რომელთაც ჩაწერს რადიო WAY, აცხადებს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად 2015 წლის 7 დეკემბერს მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი