ახალი ამბები

არასამთავრობოები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად

2 მაისი, 2011 • 1094
არასამთავრობოები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია – „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორის საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და „ახალი თაობა–ახალი ინიციატივა“ – საარჩევნო გარემოს სრულყოფისათვის საზოგადოებას თავის მოსაზრებებს სთავაზობს.

რეკომენდაციათა გარკვეული ნაწილი, ორგანიზაციათა განცხადების მიხედვით, კანონის აღსრულებას და პოლიტიკური ნების არსებობას უკავშირდება.

ამომრჩეველთა სია, განცხადების მიხედვით,  ნებისმიერისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა პოლიტიკურ პარტიებსაც და არასამთავრობოებსაც ნებისმიერ დროს გადამოწმების საშუალება ჰქონდეთ.

ასევე, ორგანიზაციები მთავრობას ამომრჩეველთა სიის განკარგვას, სამოქალაქო რეესტრის, როგორც ყველაზე ეფექტური სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცევას ყველაზე ეფექტურად მიიჩნევენ.

ასევე, არასამთავრობოები საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად მანდატების სამართლიანად გადანაწილების, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, დარღვევების გამოძიების, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და საკანონმდებლო სისტემაში შესატანი ცვლილებების შესახებ საკუთარ ხედვას აყალიბებენ.

„საქართველოში არც თუ იშვიათია შემთხვევები, როცა საკანონმდებლო ცვლილებები არჩევნებამდე ძალიან მოკლე პერიოდში ხორციელდება, რაც ზოგჯერ ახალ პრობლემებს წარმოშობს. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ამ პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს შორის დროულად შედგეს საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ შეთანხმება“.–აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ განცხადების სრული ვერსია.

მასალების გადაბეჭდვის წესი