ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს საპროტესტო ნოტას უგზავნის

28 აპრილი, 2011 •
რუსეთი საქართველოს საპროტესტო ნოტას უგზავნის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქისადმი პროვოკაციული ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ლენტა.რუ ინტერფაქსზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსეი საზონოვის თქმით, რუსეთის მოქალაქეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო კონტროლის გავლის დროს „დაუდგენელმა პირებმა“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლენტა.რუ-ს ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეს – მარინა ბიწაძე-როდიონოვას, რომელიც თბილისში 19 აპრილს ჩამოფრინდა. როგორც მარინა ბიწაძე-როდიონოვამ განაცხადა, თბილისის აეროპორტში 4 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში მას ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, საკრედიტო ბარათები და იგი მამაკაცებმა გაჩხრიკეს. რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ამტკიცებდა, რომ მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. მარინა ბიწაძე-როდიონოვა ნინო ბურჯანაძის ქმრის ნათესავია. რუსეთის მოქალაქე სწორედ ამ ფაქტს უკავშირებდა თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიცალური საპროტესტო ნოტა შვეიცარიის საელჩოს საშუალებით ქართულ მხარეს გადასცა, წერს ლენტა.რუ. რუსეთის ინტერესებს საქართველოში სწორედ ამ ქვეყნის საელჩო წარმოადგენს.

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო წერს, რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი საზონოვმა 28 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთ პროვოკაციულ ქმედებას რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.“ მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება ამ ფაქტის უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებს.  გარდა ამისა, საზანოვს მიაჩნია, რომ შემთხვევა „სააკაშვილის რეჟიმის მიერ საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების მორიგი უხეში დარღვევაა.“

ლენტა.რუ-ს ცნობით, საზანოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოში პირადი საქმეებისთვის ჩადის, ქართული სპეცსამსახურების პოტენციური მსხვერპლია და ციხეში მოხვედრასაც რისკავს. „ჩვენს მოქალაქეებს უდებენ იარაღს, ნარკოტიკს, ყალბ ფულს, დანაშაულებრივ საქმეებს იგონებენ და ხალხს უშვებენ ციხეში,“-თქვა მოროზოვმა.

ჯერჯეობით ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი