ახალი ამბები

აშშ-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დეტალები

27 აპრილი, 2011 •
აშშ-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დეტალები

თინა ქეიდენაუ
თინა ქეიდენაუ

საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზე, მედია გარემოს გაუმჯობესებაზე, სასამართლო რეფორმის გატარებასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე ისაუბრა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუმ.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, აშშ-დან საქართველოში დელეგაცია ჩამოვიდა, რომლის მიზანიც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, მიღწეულ პროგრესისა და თანამშრომლობის საკითხების, აგრეთვე, ორივე მხარისათვის აქტუალური თემების განხილვა იყო. ამერიკულ დელეგაციას  ხელმძღვანელებდნენ –სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კეტლინ ფიცპატრიკი.

ამერიკული დელეგაცია  დღეს აშშ-ს საელჩოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, რამდენიმე ოპოზიციური  პოლიტიკური პარტიის ლიდერს- ირაკლი ალასანიას, დავით გამყრელიძეს, კახა შარტავას, გიორგი თარგამაძეს და დავით უსუფაშვილს შეხვდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, შეხვედრაზე ისინი აშშ-ს დელეგაციას ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხზე, საარჩევნო გარემოზე და ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ესაუბრნენ.

მოგვიანებით, მთავრობის კანცელარიაში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს დელეგაციასა და საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წარმომადგენლებთან. 16:00 საათზე კი მხარეებმა სამუშაო შეხვედრების შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.

პრესკონფერენციაზე ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან სერგი კაპანაძე წარმოადგენდა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს გავაცანით იმ რეფორმების მიმდინარეობა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. გვქონდა ძალიან პროდუქტიული და საინტერესო აზრთა გაცვლა ამ საკითხთან დაკავშირებით, მოვისმინეთ მათი პოზიციები, რეკომენდაციები. მიგვაჩნია, რომ იყო ძალიან წარმატებული შეხვედრა. ეს ძალიან კარგი საფუძველია მომდევნო საკითხებზე თანამშრომლობისათვის. ჩვენი საერთო მიზანი არის, რომ ეს რეფორმები იყოს უფრო ეფექტური, კიდევ უფრო სწრაფი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვთანხმდებით და მომდევნო თანამშრომლობა სწორედ ამ მიზნების მისაღწევად იქნება მიზანმიმართული,“ – განუცხადა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს.

პრესკონფერენციაზე თინა ქეიდენაუმ აღნიშნა, რომ „საქართველო დგას რეფორმებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე, მაგრამ კვლავ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი, მათ შორის გახლავთ: საარჩევნო გარემოზე მუშაობა, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობის გამტკიცება. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით უსაფრთხოების მხარდასაჭერად.“

აშშ-ს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ  ბოლო წლებში საქართველომ რეფორმის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გზა განვლო. ქეიდენაუს აზრით, რადგან საქართველო „შედის საარჩევნო სეზონში“, უახლოესი არჩევნები 2012-2013 წლებშია დანიშნული, საარჩევნო რეფორმა წელსვე უნდა განხორციელდეს, რათა უშუალოდ არჩევნების პერიოდს არ დაემთხვეს.“

თინა ქეიდენაუს იმედისმომცემად მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებასთან ერთად მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და მსჯელობენ იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია საარჩევნოდ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აშშ-ს საქართველოში განხორციელებული კონკრეტულად რომელი რეფორმები მიაჩნია წარუმატებლად, სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ  „შეერთებული შტატები ნამდვილად არ აპირებს, ადვოკატირება გაუწიოს რომელიმე რეფორმას. ჩვენ მხარეებს შორის დიალოგისა და საუბრების მომხრე ვართ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შედეგები მიღწეული იქნას არჩევნებამდე საჭირო დროით ადრე“.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ აშშ-ს საელჩოში აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკელები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებებიდან კონკრეტულ შედეგებს მაისის ბოლოსთვის ელოდებიან. „ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაჩნდეს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების პრეცენდენტი,“-თქვა გამყრელიძემ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თინა ქეიდენაუმ ქართულ მედიაგარემოზეც გააკეთა განცხადება.

„ შეხვედრის დროს აღვნიშნეთ ჩვენი დადებითი დამოკიდებულება პარლამენტის მიერ მედიამფლობელთა გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი უმნიშვნელოვანესია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს კანონი საჭირო დროს არის მიღებული და ხელს შეუწყობს პროგრესს მედიის სფეროში. ამდენად, დიდი სამუშაო უკვე შესრულებულია, მაგრამ მეტის გაკეთებაც შეიძლება და შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს ამ საკითხებში“-უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა.

თინა ქეიდენაუმ ასევე ისაუბრა ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით. საქართველო ვალდებულია, რომ 2015 წლისთვის ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს.

„ამ პერიოდამდე მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამ საკითხების მოსაგვარებლად საქართველო აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რათა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ნაკლები ხარვეზებით მოხდეს,“-განაცხადა ქეიდენაუმ.

სერგი კაპანაძის განცხადებით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წლამდე საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, ამ ხნის განმავლობაში კი, მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო აშშ-სთან ინტენსიურად ითანამშრომლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი